აშუღი
აშუღი (არაბ. აშიკ — მიჯნური, მეტრფე) — სახალხო მგოსანი და მომღერალი კავკასიის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, დაღესტანი) და ახლო აღმოსავლეთში (ძირითადად თურქეთი და ირანის აზერბაიჯანი).
აშუღი თხზავს სასიმღერო ტექსტს (ხშირ შემთხვევაში იმპროვიზებულად), უწყობს ჰანგებს და თავადვე მღერის რომელიმე სიმებიანი საკრავის (საზი, თარი, ქამანჩა, ჭიანური) თანხლებით, თუმცა ხშირად ზოგნი მხოლოდ ტექსტს ადგენენ, სხვები კი მზა რეპერტუარს ასრულებენ.
აშუღური პოეზია დიდ ადგილს უთმობდა რომანტიკულ და საგმირო ჟანრის ხალხურ თქმულებებს. თავდაპირველად (როგორც სიტყვა „აშუღის“ მნიშვნელობა მოწმობს) იგი სამიჯნური თემატიკას მოიცავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სოციალური მოტივებიც გამოერია. აშუღები მართავდნენ პოეტურ პაექრობას, რომელიც ერთგვარად ჰგავს ქართულ შაირობა-კაფიობასა და შემღერებას.
აშუღური სიმღერები აღმოსავლეთის მუსიკის კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკადია, ემყარება ხალხურ მუსიკასა და პოეზიას. მისთვის დამახასიათებელია განვითარებული ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრები — დასთანი, ბაიათი, მუხამბაზი და სხვა. გამოირჩევა ფართოდ განვითარებული მელოდიით, უხვი მელიზმატიკით, ემოციურობით.
აშუღის სახელწოდება ამიერკავკასიაში XVI-XVII საუკუნეებიდან გვხვდება. საქართველოში (ძირითადად თბილისში) აშუღობა განსაკუთრებით განვითარდა XVIII საუკუნის II ნახევრიდან. თბილისელ აშუღთაგან ამიერკავკასიაში ყველაზე ცნობილი იყო საიათნოვა, XIX საუკუნეში — ჩამჩი-მელქო, სათარა, ჰაზირა, ევანგულა, ს. ფერშანგიშვილი, იოსებ ამირიძე (ქეშეშ დარდიმანდი) და სხვები. აშუღური პოეზიის ნაკადი საგრძნობია ბესიკის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანის პოეზიაში (ამათგან პირველი ორი პოეტი თვითონ ამღერებდა საზზე თავის ლექსებს). ცნობილია აგრეთვე აკაკი წერეთლის მუხამბაზები — „თავო ჩემო“, „აღმართ-აღმართ“, „ნახევარი ცხოვრების გზა...“. ქართული მწერლობისა და ფოლკლორული ტრადიციების გავლენით ქართველ აშუღ პოეტთა შემოქმედებაში შემდგომ მეტი ადგილი ეთმობოდა პატრიოტულ და დემოკრატიულ თემატიკას, იხვეწებოდა აშუღური ლექსი და ეროვნულ-ლიტერატურულ იერს იძენდა. ამის მაგალითია დავით გივიშვილისა და განსაკუთრებით იეთიმ გურჯის მემკვიდრეობა.
ასევე ხდებოდა ქართულ აშუღურ მუსიკაშიც. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან გამოსული მომღერლები აშუღური მანერით ასრულებდნენ ქართულ ხალხურ ჰანგებს, რომლებიც სხვა სიმღერებთან ერთად ამდიდრებდნენ ე. წ. ქართულ ქალაქურ მუსიკალურ ფოლკლორს. ბევრ ქართულ აშუღურ სიმღერაში შერბილდა შესრულების აღმოსავლური იერი. ზოგი მათგანი ქართული ხალხური მუსიკისათვის დამახასიათბელ სამხმიან სიმღერად გადამუშავდა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა როგორც ხალხური, ისე პროფესიულ მუსიკის საგანძურში.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 69-70.
აშუღი ვიქსიკონში | |
აშუღი ვიკისაწყობში |