საზი (აზერ. Saz, სპარსული სიტყვა ساز, რომელიც ნიშნავს „ინსტრუმენტს“) — მუსიკალური ინსტრუმენტი ლიუთნის სახის ტამბურის ოჯახიდან. გავრცელებულია ამიერკავკასიის ხალხებში, ირანში, ავღანეთში, თურქეთში და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში, ასევა თათრებში და ბაშკირებში. წარმოადგენს აზერბაიჯანელი აშუღების ტიპურ ინსტრუმენტს.[1] საზი აღმოსავლური სიმებიანი საკრავია, მსხლის ფორმის ღრმაკორპუსიანი, გრძელყელიანი. მზადდება სხვადასხვა ზომისა.

აზერბაიჯანული საზი

საზი ერთ-ერთი უძველესი ხალხური საკრავია. იხსენიება ნიზამის (XII ს.) პოემებში. საზს წამყვანი ადგილი უკავია ხალხურ საკრავთა ანსამბლში. მასზე შემსრულებლები იყვნენ აშუღები - ხალხური მომღერლები, პოეტი–იმპროვიზატორები, რომლებიც გამოდიოდნენ ბაზრების მოდნებზე, სახალხო შეკრებებზე. მათ რეპერტუარში წარმოდგენილი იყო საგმირო, ისტორიული, ეპიკურ-სატრფიალო სიმღერები. საქართველოში გავრცელდა XVIII ს-დან სხვა აღმოსავლურ საკრავებთან და ანსამბლთან ერთად. თბილისში განსაკუთრებით მიღებული იყო აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.

ირანიკას ენციკლოპედიის თანახმად საზის წინამორბედად ითვლება შირვანული ტანბური, რომელიც ერთობ პოპულარული იყო ასევე თავრიზში და რომელიც აღწერილია XV საუკუნის სპარსული მუსიკოსისა და მუსიკის თეორეტიკოსის აბდულჰადირ მარაღის მიერ. მუსიკალური ენციკლოპედიის მიხედვით საზი - არის ერთ-ერთი უძველესი აზერბაიჯანული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტი. მის წინამორბედებად ითვლებიან სეტარი (ანუ ჯუფთი საზი; რომელიც მოიხსენიება სპარსული პოეზიის კლასიკოსის ნიზამის პოემებში, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე- XII საუკუნეში დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) და დუთარი, რომელსაც გააჩნია მსგავსი ფორმა. აზერბაიჯანელი ხელოვნებათმცოდნის მეჯნუნ ქერიმოვის თვალსაზრისით, თანამედროვე აზერბაიჯანული საზი წარმოადგენს გოფუზის სრულყოფილ გაუნჯობესებულ ვერსიას, ხოლო თანამედროვე სახე საზმა მიიღო ირანის შაჰის ისმაილ ხათაის ხანასი (მე- XVI საუკუნე).

თურქეთში საზს უწოდებენ ორ მსგავს ინსტრუმენტს: 1) „ბაღლამა“-ს (bağlama, baglama) 7 სიმიან (ორ წყვილიან და ერთ სამიან სიმიან) დიდ საზს, 2) „ჯურა“-ს (cura) – 6 სიმიან (სამ წყვილიან ) მომცრო საზს.

საზის სამი სახეობისგან (ზომებისგან) ყველაზე გავრცელებულ სახეობას აზერბაიჯანში წარმოადგენს „თავარ საზი“ ან „ანა საზი“, რომელნიც წარმოადგენენ ცხრა, ზოგჯერ კი რვა სიმიან ინსტრუმენტს. მისგან განსხვავებით, ოდნავ უფრო კომპაქტური, „ოპთა“ ან „გოლთუგ“ საზს გააჩნია ექვსი, ზოგჯერ შვიდი სიმი, ხოლო მომცრო „ჯურა“ საზი არის ოთხ - ექვს სიმიანი ინსტრუმენტი. მე- XX საუკუნეში, განსაკუთრებით კი ბოლო ნდროს , საზზე მუღამური შესრულების გავრცელებით, ჰარმონიის რიცხვი გაიზარდა 17-18 -მდე. შესრულება (აზერბაიჯანი) ჟღერადობა წარმოიშვება პლექტრის მეშვეობით, რომელიც როგორც წესი მზადდება ალუბლის ქერქისაგან. საზზე უკრავენ როგორც სოლო ასევე ანსამბლის შემადგენლობაში. იგი წარმოადგენს აზერბაიჯანელი აშუღების ძირითად მუსიკალურ ინსტრუმენტს, ასევე შედის აზერბაიჯანის მუსიკალური ინსტრუმენტების ორკესტრის შემადგენლობაში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დ. არაყიშვილი, ქართული მუსიკა (მოკლე ისტორიული მიმოხილვა), ქუთაისი, 1925.
  • მ. შილაკაძე, ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციები და თანამედროვეობა, 1988.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. САЗ atlas.musigi-dunya.az
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საზი&oldid=4710505“-დან