საქართველოს მთათაშორისო ბარი

საქართველოს მთათაშორისო ბარი — ამიერკავკასიის მთათაშორისო ბარის ნაწილი. სივრცობლივ ემთხვევა საქართველოს ბელტს. დასავლეთ საქართველოში საქართველოს მთათაშორისო ბარი მოიცავს კოლხეთის დაბლობს (200 მ-მდე) და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთს (500 მ-მდე), იმერეთის მაღლობს (პლატო); აღმოსავლეთ საქართველოში — შიდა და ქვემო ქართლის ვაკეებს (300 — 700 მ-მდე), ალაზნის ვაკეს, ივრის ზეგანს (800—900 მ-მდე). საქართველოს მთათაშორისო ბარის ზოგი აკუთვნის აგრეთვე დაბალი და საშუალო სიმაღლის ქედებს: კვერნაქები, საგურამო-იალნო, გომბორი.

ბარის დასავლეთ ნაწილში (კოლხეთი) ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, აღმოსავლეთში მშრალი და ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. იანვრის საშუალო ტემპერატურა ბარის დაბალ ნაწილში (გარდა შიდა ქართლის ვაკისა) ყველგან დადებითია, მთებზე — უარყოფითი. ატმოსფერული ნალექების მაქსიმუმი აჭარის სანაპიროზე 2000 მმ-ს აღემატება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის უკიდურეს აღმოსავლეთში 400 მმ-ზე ნაკლებია.

მდინარეთა უდიდესი ნაწილი რიონისა და მტკვრის აუზებს მიეკუთვნება. უმრავლესობისათვის დამახასიათებელია გაზაფხულის წყალდიდობა და წყალამოვარდნები. კავკასიონის ზოგიერთი მდინარე მარადი თოვლისა და მყინვარების წყლითაც საზრდოობს. კოლხეთის მდინარეების ჩამონადენი 60-100 ლ-მდეა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მცირდება 1-2 ლ-მდე ბარის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ჭაობის, ალუვიური, სუბტროპიკული ეწერი, ყვითელმიწა, წითელმიწა, ნეშომპალა-კარბონატული, ტყის ყომრალი ნიადაგები. ბარის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ყავისფერი, ნეშომპალა-კარბონატული, შავმიწები, წაბლა, დამლაშებული, ტყის ყომრალი ნიადაგები. კოლხეთში შემორჩენილია კოლხური ტყე მარადმწვანე ქვეტყითა და ლიანებით. ძირითადია მურყანი, მუხა, რცხილა, წიფელი, არის წაბლიც. ბარის აღმოსავლეთ ნაწილში ჯაგეკლიანი და ვაციწვერიანი სტეპები, არიდული ნათელი ტყეები, ჭალის ტყეები, მუხნარები, რცხილნარები და წიფელნარებია.

კოლხეთში ჩამოყალიბებულია ძირითადად ნოტიო სუბტროპიკების ვაკეთა ლანდშაფტები და ნოტიო სუბტროპიკების მორცვიანი მთისწინეთის ლანდშაფტები. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში — ზომიერად ნოტიო სუბტროპიკების ლანდშაფტები; მშრალი და ზომიერად მშრალი სუბტროპიკების ვაკეთა და ზეგნების ლანდშაფტები, ნოტიო ჰავიანი მთა-ტყის ლანდშაფტი.

ლიტერატურა

რედაქტირება