საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია
ეროვნული თავდაცვის აკადემია (ეთა) (სრული სახელწოდება: დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია) — პირველი ქართული უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი, რომელიც 1993 წლის 28 მაისს გაიხსნა.
ეროვნული თავდაცვის აკადემია (ეთა) | |
---|---|
დაფუძნდა | 28 მაისი, 1993 |
ტიპი | სამხედრო აკადემია და აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულება |
რექტორი |
ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე |
მისამართი | ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კილომეტრი |
ქალაქი | გორი |
ქვეყანა | საქართველო |
ტელეფონი |
+99522 30-53-66; +99522 30 -52-85; |
eta.edu.ge |
ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია
რედაქტირებაახალი სამხედრო პერსონალის მომზადება დებულების შესაბამისად დაიწყო 1964 წლის 14 ივლისიდან. 1866 წლის 16 იანვარს ოფიციალურად დაფუძნდა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი კავკასიის მთავარმართებლის, დიდი მთავრის მიხეილ რომანოვის მიერ, შენობა განთავსებული იყო ალელოვის კერძო სახლში (ნიკოლოზის ქუჩა №86). 1868 წელს სასწავლებელი გადავიდა ახალ შენობაში, მიხეილის ქუჩაზე (დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი), სადაც მანამდე კავკასიის სასწავლო ასეული იყო განთავსებული. პირველ წელს სასწავლებელში 50 იუნკერი ჩაირიცხა, მეორე წლისთვის მისაღები კონტინგენტის რაოდენობა გაოთხმაგდა და განისაზღვრა სწავლების ორწლიანი კურსი.
1871 წელს შტატი 300 კაცამდე გაიზარდა და შეიქმნა იუნკერთა ორი ასეული. 1877 წლის 21 ივნისს იუნკერთა სასწავლებელმა საზაფხულო საველე გასვლა ბორჯომში გაიარა. 1878 წელს კი - ბელი კლიუჩში (დღევანდელი თეთრიწყარო). 1879 წელს სპეციალურად იუნკერთა სასწავლებლისთვის დაბა სურამში აშენდა და მოეწყო საზაფხულო საწვრთნელი ბანაკი, სადაც სასწავლო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობდა იუნკერთა საველე სწავლებები.
1901 წელს სასწავლებელში იუნკერთა უკვე სამი ასეული ირიცხებოდა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის წინ - ოთხი. პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში თბილისის იუნკერთა სასწავლებელში უკვე 700 იუნკერი სწავლობდა. მეფის გადადგომისა და ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, 1918 წელს, თბილისის იუნკერთა სასწავლებელი გაუქმდა.
1918 წლის 26 მაისს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. 1918 წლის 15 ივნისს თბილისის მიხეილის სახელობის სამხედრო სასწავლებელი საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში. ამას მოჰყვა განკარგულება რუსი ოფიცრების მიმართებით მოეხსნათ სამხედროწოდებები და ჩაებარებინათ იარაღი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებითა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ-მაიორ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით, 1919 წლის შემოდგომაზე ქართული სამხედრო სასწავლებელი გაიხსნა, რომელსაც ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლა ეწოდა. 1921 წლის 20 თებერვალს თბილისის მიხეილის სახელობის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელმა ალექსანდრე დავითის ძე ჩხეიძის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო წითელი არმიის რეგულარული ნაწილების წინააღმდეგ ბრძოლაში. სასწავლებელი 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შედეგად გაუქმდა. სასწავლებლის ბაზაზე გაიხსნა საბჭოთა კავშირის წითელი არმიის მუშათა და გლეხთა საარტილერიო კურსები.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, სასწავლებელში ქართველი მხედრობა დაბრუნდა და 1991 წლის ბოლოდან სასწავლებელში გაიხსნა ზემდეგთა მომზადებისა და ოფიცერთა გადამზადების კურსი.
1993 წლის 28 მაისს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტი“ ეწოდათ. მალე ეს სახელი „მსმენელით“ შეიცვალა, თავად სასწავლებელს კი, ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდეგ — ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2013 წლიდან აკადემიის მსმენელებს დაუბრუნდათ ისტორიული სახელი — „იუნკერი“, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად.
2003 წლის 20 თებერვალს აკადემიას დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა. 2009 წლის ნოემბერში აკადემიამ შეიცვალა დისლოკაციის ადგილი და გადაყვანილ იქნა ქ. გორში, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს. 2010 წელს აკადემიაში რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელმაც მოიცვა ოფიცერთა განათლების მთელი სისტემა. 2010 წლის 8 დეკემბერს აკადემიამ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მოიპოვა - „სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“.
ამჟამად, აკადემიაში ფუნქციონირებს შემდეგი სკოლები: საბაკალავრო სკოლა,[1] უმცროს ოფიცერთა სკოლა,[2] კაპიტნის საკარიერო სკოლა,[3] სამეთაურო-საშტაბო სკოლა,[4] თავდაცვის უმაღლესი სკოლა[5] და ენობრივი მომზადების სკოლა.[6]
2015 წლის 8 სექტემბერს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერების პირველმა გამოშვებამ ოფიცრის ფიცი დადო. იუნკერებმა ლეიტენანტის წოდება მიიღეს.
რექტორები
რედაქტირება- საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის რექტორები
- გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, 28 მაისი, 1993 – 2000
- გენერალ-ლეიტენანტი ომარ ლეკვეიშვილი, 2000 – 2002
- გენერალ-მაიორი გია უჩავა (მოვალეობის შემსრულებელი), 2002 – 2003
- საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორები
- გენერალ-მაიორი ზაურ უჩაძე, 20 თებერვალი, 2003 – 27 ივლისი, 2003
- ბრიგადის გენერალი გიორგი გოგაშვილი, 27 ივლისი, 2003 – 2004
- პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე, 2004 – 2005
- პოლკოვნიკი კობა ლაჭყეპიანი, 2005 - 2006
- პოლკოვნიკი ტარიელ ლონდარიძე (მოვალეობის შემსრულებელი), 2006 – 2007
- პოლკოვნიკი ტარიელ ლონდარიძე, 2007 – 2008
- პოლკოვნიკი როინ ფაილოძე, სექტემბერი, 2008 – 30 ნოემბერი, 2010
- ანდრო ბარნოვი, 30 ნოემბერი, 2010 – 9 ივლისი, 2012
- დავით ნარდაია, 9 ივლისი, 2012 – 13 თებერვალი, 2013
- ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ აგლაძე, 13 თებერვალი, 2013 – 9 იანვარი, 2015
- ირაკლი გეგეჭკორი, 9 იანვარი, 2015 – 28 ნოემბერი, 2015
- ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, 28 ნოემბერი, 2015 – 19 აგვისტო, 2016
- ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი (მოვალეობის შემსრულებელი), 19 აგვისტო, 2016 - 20 დეკემბერი, 2016
ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია 2015 წლის 28 ნოემბერს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორად დაინიშნა. 2015 წლის 12 ოქტომბრიდან 2016 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით ვლადიმერ ჩაჩიბაია მივლინებულია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ავღანეთში გაეროს დახმარების მისიაში უფროსი სამხედრო მრჩეველის თანამდებობაზე. 2015 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე წარადგინა, რომელსაც მრავალმხრივი სამხედრო და სამოქალაქო განათლება აქვს. 2015 წელს მან აშშ-ს საზღვაო ქვეითების უნივერსიტეტის სამეთაურო საშტაბო კოლეჯი დაასრულა. ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტია. იგი სხვადასხვა დროს მაღალ სამხედრო თანამდებობებს იკავებდა. 2014 - 2015 წლებში მალხაზ მაკარაძე გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილის პოზიციაზე იმყოფებოდა. შემდგომში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან - გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლად წარადგინეს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი დანიშნეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია — საბაკალავრო სკოლა
- ↑ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია — უმცროს ოფიცერთა სკოლა
- ↑ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია — კაპიტნის საკარიერო სკოლა
- ↑ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია — სამეთაურო-საშტაბო სკოლა
- ↑ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია — თავდაცვის უმაღლესი სკოლა
- ↑ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია — ენობრივი მომზადების სკოლა
- ↑ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი