სამუელ ჩავლეიშვილი
სამუელ ჩავლეიშვილი (დ. 1857, ოქროსქედი — გ. 2 მაისი, 1932) — ქართველი მომღერალი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, მას მეტსახელად „გურიის ბულბული“ შეარქვეს.
სამუელ ჩავლეიშვილი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სამუელ დავითის ძე ჩავლეიშვილი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | გურიის ბულბული |
დაბ. თარიღი | 1857 |
დაბ. ადგილი | ოქროსქედი |
გარდ. თარიღი | 2 მაისი, 1932 |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი, ლოტბარი |
სამუელ ჩავლეიშვილმა გადატრიალება მოახდინა გურულ სიმღერაში. შემოიღო ე.წ. თავისუფალი სიმღერა, განვითარების ახალ დონეზე აიყვანა პირველი ხმა. მღეროდა მხოლოდ პირველ, ზედა ხმას, იცოდა საეკლესიო გალობაც. მუდმივად მიმართავდა იმპროვიზაციებს, ყოველი შესრულებისას სიმღერას ახლებურად მღეროდა და ამით ახალ ვარიანტს ქმნიდა. მას მეეტსახელად „გურიის ბულბულს“ ეძახდნენ. სამუელ ჩავლეიშვილმა ჩამოაყალიბა გურული სიმღერის საკუთარი სკოლა, რომელიც განსხვავდებოდა გიგო ერქომაიშვილის სკოლიდან.
მისი ბიძაშვილი ილარიონ ჩავლეიშვილი ასევე ცნობილი მომღერალი იყო.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ასკანის თემის სოფელ ოქროსქედში. სამუელ ჩავლეიშვილის მშობლები მომღერლები იყვნენ. მათი ოჯახის ბატონი იყო ბაღდადში მცხოვრები თავადი სამუელ მაქსიმელიშვილი, რომელიც გურული სიმღერის მცოდნე, მგალობელი და მომღერალი იყო და ნიჭიერ ახალგაზრდებს ხელს უწყობდა ხალხური სიმღერის შესწავლაში. სწორედ მან შენიშნა მისი ხელზე მოსამსახურის, სამუელ ჩავლეიშვილის ნიჭი და ჯერ თავად გადასცა ცოდნა, შემდეგ კი მის მეგობართან დათა გუგუნავასთან გაგზავნა ძიმითში. გუგუნავასთან ისწავლა ჩავლეიშვილმა ჩონგურზე დაკვრა. გუგუნავასთან დიდი ხანი დაჰყო ჩავლეიშვილმა, ხოლო შემდეგ ისევ მაქსიმელიშვილთან დაბრუნდა. სწორედ ამ ორმა თავადმა ჩამოაყალიბა სამუელ ჩავლეიშვილი მომღერლად. მაქსიმელიშვილის თაოსნობით შეკრიბა სამუელმა პირველი გუნდი. ამ გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ სამუელის ბიძაშვილი ილარიონი, ბესარიონ ინწკირველი და ვლადიმერ (ლადიმე) დოლიძე. რამდენიმე შედიოდნენ სამუელ ჩხიკვიშვილი, ვლადიმერ დოლიძე, ბესარიონ ინწკირველი. 1901 წლიდან ამ გუნდს შეუერთდნენ სამუელ ჩხიკვიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, ალექსანდრე მახარაძე, სამსონ ურუშაძე, შალვა სიამაშვილი. ამ გუნდის მთავარი შეკრების ადგილი იყო მაქსიმელიშვილების სახლი ბაღდადში.
ჩავლეიშვილი მუშაობდა ფოთში. 1903 წელს გუნდმა დაიწყო ოფიციალური კონცერტების გამართვა. პირველი კონცერტების შემოსავალი ბათუმის და ფოთის ქართულ სკოლებს შესწირა. 1906 წელს 1905 წლის რევოლუციის შემდგომი რეპრესიების დროს გუნდმა ჭიათურაში გამართა კონცერტი მუშების სასარგებლოდ. 1908 წლის დეკემბერში ჩავლეიშვილის ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო სხვიტორში აკაკი წერეთლის იუბილეზე. პოეტს ისე მოეწონა ანსამბლი, რომ მალე მისი ინიციატივით ამ ჯგუფის პირველი ჩაწერაც შედგა გრამფირფიტაზე. ამ ფონოჩანაწერის მოსმენის შემდეგ სამუელ ჩავლეიშვილით დაინტერესდა მომღერალი ვლადიმერ ბერძენიშვილი და 1912 წელს მათ ბარნაბ, ვახტანგ და ერმალო სიხარულიძეებთან ერთად ჩოხატაურში ჩაატარეს კონცერტი. 1913 წელს გუნდის ოთხმა წევრმა: ჩავლეიშვილმა, სიმონიშვილმა, ჩხიკვიშილმა და მახარაძემ მონაწილება მიიღეს ვაჟა-ფშაველას საღამოზე თბილისში, რასაც ასევე ფონოჩანაწერი მოჰყვა, ხოლო 1914 წელს ქუთაისში აკაკის იუბილეზე.
1917 წელს სამუელმა სასტუმროს მეპატრონე, მეცენატ ნოე სიხარულიძისა და კოტე ფოცხვერაშვილის თაოსნობით ჩამოაყალიბა ახალი გუდი, რომელშიც შედიოდა ათი ადამიანი, მათ შორის ნიჟა ლომინაძე, ბარნაბ, ვახტანგ და ერმილე სიხარულიძეები, ლადიმე ბერძენიშვილი, ბესარიონ ინწკირველი, ბებურ ჩხაიძე, ილიკო ნინიძე, დათა მამაკაიშვილი, სოლომონ ჭანუყვაძე, ილიკო ხომერიკი. 1921 წელს ვარლამ სიმონიშვილი გამოეყო ჩავლეიშვილის გუნდს და ჩამოაყალიბდა ცალკე გუნდი. 1927 წლის 16 მაისს თბილისში, რუსთაველის თეატრში აღინიშნა სამუელ ჩავლეიშვილის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე. იმავე წელს ეს თარიღი აღინიშნა ოზურგეთშიც, სადაც კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ვარლამ სიმონიშვილისა და არტემ ერქომაიშვილის გუნდებმა.
გარდაიცვალა 1932 წელს. იმავე წელს გარდაიცვალნენ მომღერლები ნესტორ კონტრიძე და გიორგი ბაბილოძე. ამასთან დაკავშირებით არტემ ერქომაიშვილმა შექმნა სიმღერა „დავკარგეთ სამი მომლხენი“. დაკრძალულია ოზურგეთში.
ოჯახი
რედაქტირებაჩავლეიშვილმა ცოლი თავად მაქსიმელიშვილის მოსამსახურე ოჯახიდან შეირთო. ჰყავდა ვაჟი სამსონი, რომელიც ტრაგიკულად გარდაიცვალა, სამსონს ჰყავდა ვაჟი დავითი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 526;
- ერქომაიშვილი ა., „ბაბუა“, თბილისი: „საბჭოთა საქართველო“, 1980. — გვ. 81-85.
- შილაკაძე ვ., „ ხალხური მუსიკის მოამაგენი“, თბილისი: ხელოვნება, 1961.