რობერტ სტივენსონი
რობერტ ჰორნ სტივენსონი (ინგლ. Robert Horne Stevenson; დ. 25 აგვისტო, 1920, გლაზგო — გ. 1998) — ინგლისელი ისტორიკოსი, მთარგმნელი, ქართველოლოგი, კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტების პროფესორი.
რობერტ სტივენსონი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 აგვისტო, 1920[1] [2] |
დაბ. ადგილი | გლაზგო |
გარდ. თარიღი | 1998[2] |
საქმიანობა | ისტორიკოსი, მთარგმნელი, ქართველოლოგი |
მუშაობის ადგილი | კემბრიჯის უნივერსიტეტი და ოქსფორდის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ლონდონის უნივერსიტეტი და კემბრიჯის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებარობერტ ჰორნ სტივენსონი დაიბადა 1920 წელს ქალაქ გლაზგოში, მომრიგებელი მოსამართლის ოჯახში. ახალგაზრდობაში გატაცებული იყო მოგზაურობით, მოიარა ბევრი ქვეყანა, შეისწავლა ენები, მსოფლიო ლიტერატურა და ისტორია. დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1945 წელს კი – კემბრიჯის უნივერსიტეტი, 1960 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მუშაობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში ბიბლიოთეკარის თანმადებობაზე, კითხულობდა ლექციებს კემბრიჯისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. მოგვიანებით დასახლდა მშობლიურ გლაზგოში და იქ განაგრძო მეცნიერული მოღვაწეობა.
რობერტ სტივენსონის ქართული ენით დაინტერესებაში დიდი როლი შეასრულეს ოლივერ უორდროპმა და რენე გრუსემ. ოლივერ უორდროპმა მას თავისი დის, მარჯორი უორდროპის, მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ აჩუქა. 1948 წლის გაზაფხულზე რობერტ სტივენსონმა დაიწყო ქართული ენის შესწავლა ლონდონის უნივერსიტეტში ანდრია გუგუშვილის ხელმძღვანელობით. მას ასევე ეხმარებოდნენ ევროპაში მცხოვრები ქართველები.
1954 წელს ინგლისში ჩატარებულ ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესზე სტივენსონი პირველად წარსდგა ფართო აუდიტორიის წინაშე ქართველოლოგიური ნაშრომით „ქართული კურტუაზიული სიყვარული“.
რობერტ სტივენსონი დაინტერესებული იყო ძველი და შუა საუკუნეების ქართული მწერლობით და შეუდგა მათ მეცნიერულ შესწავლას.მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მეცნიერებთან: ალექსანდრე ბარამიძე, სერგო თურნავა, ისიდოე გვარჯალაძე, დავით კობიძე, ალექსანდრე გვახარია და სხვ. ისინი რობერტს ეხმარებოდნენ კონსულტაციებით და უგზავნიდნენ თავიანთ ნაშრომებს.
რობერტ სტივენსონმა ძველი ქართული მწერლობის საკითხების კვლევა დაიწყო მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანის“ შესწავლით, რომლის ინგლისური თარგმანი 1958 წელს წიგნად გამოსცა. თარგმანს დართული აქვს შესავალი წერილი და შენიშვნები, რომელშიც დასმულია არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, „ამირანდარეჯანიანის“ წარმოშობის დროის, ავტორობისა და ადგილის შესახებ. მეცნიერი იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ „ამირანდარეჯანიანი“ ქართული წარმოშობისაა.
რობერტ სტივენსონი განსაკუთრებით დაინტერესდა რუსთაველით და მისი ეპოქით. მან „ვეფხისტყაოსანზე“ ზედიზედ გამოაქვეყნა გამოკვლევები, რომლებშიც სცადა აეხსნა რუსთაველის ეთიკურ–ესთეტიკური იდეალები. ეს ნაშრომებია: „შენიშვნები რუსთაველის ვეფხის სიმბოლოს თაობაზე (1957, )„რუსთაველი და არიოსტო“ (1959), რუსთაველის თარგმანის საკითხები (1960, 1961) და სხვ. რობერტ სტივენსონის მიერ ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ რიტმული პროზით დაიბეჭდა ნიუ–იორკში 1977 წელს. თარგმანს თან ახლავს მთარგმნელის შესავალი წერილი და შენიშვნები. აგრეთვე, ალექსანდრე ბარამიძის სტატია „ვეფხისტყაოსნის“ ქართული პერსპექტივა“. „ვეფხისტყაოსნის“ სტივენსონისეულმა თარგმანმა სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა.
რობერტ სტივენსონმა ქართველოლოგიურ ჟურნალის, "ბედი ქართლისა", 1962 წლის ნომერში დაბეჭდა სტატია "დიდმოურავიანი" – XVII საუკუნის ეპიკური პოემა", ხოლო 1964 წელს კი – "ომანიანი" – XVII საუკუნის ქართული რომანი".
რობერტ სტივენსონი სისტემატურად ეხმიანებოდა ქართველი კოლეგების სამეცნიერო გამოკვლევებს. უცხოურ პრესაში, უმეტესად, "ბედი ქართლისას" ფურცლებზე, იგი აქვეყნებდა საინტერესო რეცენზიებსა და სტატიებს ქართველი მეცნიერების ნაშრომებზე.
რობერტ სტივენსონი გარდაიცვალა 1998 წელს.
რობერტ სტივენსონის ნაშრომების ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- A Georgian Amour Courtois. Proceedings of the Twenty International Congress of Orientalists (Cambridge, 21-st—28-th August, 1954), London. 1957.
- The Background to Amiran-Darejaniani, "Bedi Kartlisa", N 23, 1957. — გვ. 17-19.
- A Note on Rustaveli's Panther—Symbol, "Bedi Kartlisa", N 26—27, 1957. — გვ. 79-80.
- Mose Khoneli, Amiran-darejaniani. Translated by R.H. Stevenson (A Cycle of Medieval Georgian Tales, traditionally ascribed to Mose Khoneli), Oxford, 1958.
- Rustaveli and Ariosto, "Bedi Kartlisa", N 32—33, 1959. — გვ. 26-28.
- On Translating Rusaveli, "Bedi Kartlisa", 1960, N 34—35. — გვ. 93-96.
- On Translating Rusaveli, "Bedi Kartlisa", 1961, N 36—37. — გვ. 97-103.
- Didmouraviani: A Narrative Poem of the Seventeeth Century, "Bedi Kartlisa", N 41—42, 1962. — გვ. 68-170.
- Omainiani. A Georgian Romance of the Early Seventeenth Century. "Bedi Kartlisa", N 45—46, 1964. — გვ. 178-183.
- Sota Rustaveli, The Lord of the Panther's Skin, Translated by Robert Stevenson, Introducrion XIII, Stete University of New York Press, Albany, 1977.
- პასუხი "ვეფხისტყაოსნის" ინგლისური თარგმანის კრიტიკაზე. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე ენისა და ლიტერატურის სერია. თბილისი, 1981, N 4. — გვ.177-186.
ლიტერატურა
რედაქტირება- ანდრონიკაშვილი ნ., რობერტ სტივენსონის ქართველოლოგიური ძიებანი. – თბ., 1988.
- თურნავა ს., XX საუკუნის საზღვარგარეთული ქართველოლოგია. – თბ., 1999. – გვ. 211-232.
- ფეიქრიშვილი ჟ., მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის. – თბ., 2012. – გვ. 177-181.