ომაინიანი (ან ომანიანი)[1]ვეფხისტყაოსნის გაგრძელებათა გაგრძელება. მისი ავტორის მიხედვით, ომაინის ამბავი „ზედ მიებმის ამბავსა ვეფხისტყაოსნისასა“.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ტარიელს ეყოლა ვაჟიშვილი, რომელსაც დაარქვეს სარიდანი. სარიდანმა ცოლად შეირთო ავთანდილის ასული. ამ შეუღლების შედეგად დაიბადა ომაინი, რომელიც უხვად იყო შემკობილი ვაჟკაცური თვისებებით.

ომაინმა ზღვათა მეფის შვილისგან გაიგო მისრეთის ხელმწიფის ქალიშვილის ბურნე-მელიქის მშვენიერების შესახებ და გამიჯნურდა. სხვადასხვა დაბრკოლებათა დაძლევისა და დიდი ძებნის შემდეგ მან ცოლად შეირთო ბურნე-მელიქი. მან ასევე მრავალ სასახელო ბრძოლაში გაიმარჯვა. დაამარცხა ბურნე-მელიქის ხელის მთხოვნელი ზავარ ფალავანი, მეტოქე მისი; მოკლა თეთრი დევი, როსტომის მიერ მოკლული თეთრი დევის შთამომავალი, და ორი საშინელი ბაბრი; „მარჯვენა ხელი მოჰკვეთა“ ბუმბერაზ ჭაბუკ ყარაქოილს. ხელმეორედ გამიჯნურდა და მეორე ცოლად შეირთო „ბალხი-ბუხარის ხელმწიფის ასული“. უკვე სახელგანთქმული ომაინის სახელი ყველა ქვეყნის მეფეთა, დიდებულთა და ბუმბერაზთა მოწიწებას იწვევდა.

ომაინის სანახავად ინდოეთში ჩავიდნენ სპარსთა მეფე ანუშრევანი და „ურუმთ ხელმწიფე დიდი კეისარი“. ერთად მოიყარეს თავი ხუთმა ხელმწიფემ: კეისარი, ანუშრევანი, ინდოეთის მეფე სარიდანი, ბალხი-ბუხარის ხელმწიფე[შ.: 1] და ომაინ სარიდანის ძე, რის შემდეგაც დამეგობრდნენ ისინი. სანაქებო ლხინი გადაიხადეს, საამოდ გაატარეს დრო. და დადგა გაყრის სამწუხარო ჟამიც. ბოლოს, ავტორი დასძენს: „აწე რაზომცა ამა დიდთა ხელმწიფეთა პირველად ერთად ყოფნით გაიხარეს, ბოლოს გაყრამ ესრედვე დააჭმუნვა“.

განხილვა

რედაქტირება

ომაინიანს წინ უძღვის ოცდახუთ სტროფიანი შესავალი და მთავრდება ერთ სტროფიანი ეპილოგით. ეპილოგში ავტორი აღნიშნავს, რომ ფირდაუსტმა ღირსეულად შეამკო როსტომი, „ტარიელისთვის რუსთველსა უშვენის ნაუბარია“, თვითონ კი — „მე მათ საფერად ვერა ვთქვი, ამად ვარ საგმობარიო“. შესავალი აგებულია ვეხისტყაოსნის პროლოგის მსგავსად. აქ ავტორი იხსენებს როსტომიანის ამბებს და შენიშნავს: „ქაიხოსროვის შედეგად შაჰ-აბაზ ერანს მჯდომია, უცხო დაიპყრა ქვეყანა, ერან-თურანის ზომია“. მაშასადამე ავტორი შაჰ-აბასის (1587-1629) თანამედროვე ყოფილა. ომანიანი შეთხზულია შაჰ-აბასის სიცოცხლის პერიოდში. ომანიანის ავტორის შესახებ ცნობებს გვაწვდის არჩილ II:

ქაიხოსრომან შიგ-ჩართვით ლექსად თქვა ომანიანი,
ომანის სიმხნე, სიქველე, ჯაჭვისცმა მაემნიანი.
კარგად რამ უთქვამს, მის გამო არა ვსთქვი მისი ზიანი,
ყვავილშიც გამოერევა სულითა ქუფრი რიანი.

არჩილის დამოწმებული ტექსტის მიხედვით, ომაინიანი შეუთხზავს ვინმე ქაიხოსროს. ეს ქაიხოსრო უნდა იყოს ქაიხოსრო ომანის ძე ჩოლოყაშვილი, რომელიც თეიმურაზ პირველმა სიკვდილით დასაჯა დაახლოებით 1614 წელს. ომანიანის შექმნის თარიღი ვერ გადმოსცდება XVII საუკუნის პირველ მეხუთედს.[2]

არჩილის თქმით, ქაიხოსროს ომაინიანი უთქვამს ლექსად „შიგ ჩართვით“. მართლაც, ომანიანი დაწერილია ნაწილობრივ პროზად, ნაწილობრივ ლექსად. პოემის პირველი ნაწილი ომაინის მიერ ბურნე-მელიქის ცოლად მოყვანის ამბამდე ლექსად არის გამოთქმული, მცირეოდენი გამონაკლისით. შემდეგ მოდის პროზაული ნაწილი, სადაც იშვიათადღაა ჩართული სალექსო სტროფები. ქაიხოსროს პროზა უფრო ეხერხება, ვიდრე ლექსი, თუმცა პროზაული ნაწილის დაწყებამდე ის საგანგებოდ აცხადებს:

ლექსი დადგეს და სიტყვები აწ სხვაებრ გაგრძელდებისა,
ვიცი, ამბავთა[შ.: 2] ჩამოჯრა უმეცრად დამედებისა.

არჩილი დადებითად ახასიათებს პოემის მხატვრულ მხარეს: კარგად რამ უთქვამს, მის გამო არა ვსთქვი მისი ზიანიო, ამბობს ქაიხოსროზე. ქაიხოსრო რუსთაველის ეპიგონი პოეტია. იგი ბაძავს მას ლექსიკაში, ფრაზეოლოგიაში, მხატვრულ ხერხებში, სიუჟეტურ დეტალებში, სენტენციებში, აფორიზმებში და ა.შ. ქაიხოსრო ამირანდარეჯანიანისა და როსტომიანის ძლიერ გავლენასაც განიცდის. მთელი თხზულება სამიჯნურო-სადევგმირო მოთხრობათა ტყვეობაშია და ზღაპრულ-ფანტასტიკურ სიტუაციებზეა აგებული. ამირანდარეჯანიანის მსგავსად, პოემაში განვითარებულია მრავალცოლიანობის პრინციპი, რაც უცხოა ქართული ზნეობრივი კულტურისათვის. ძალიან პრიმიტიულია ქაიხოსროს წარმოდგენები აღმოსავლეთის გეოგრაფიასა და ხალხთა ისტორიაზე. მაგალითად, ბალხი-ბუხარის ხელმწიფე, ომაინის სიმამრი, ხან თურქესტანის მეფედაა გამოცხადებული, ხან თურანის მბრძანებლად, ხანაც ხაყანჩინად, ან ხაყანჩინელად.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტ. რუხაძე (1953). „ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და მისი ომაინიანი“, ლიტერატურული ძიებანი, ტომი 8. 
  • ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი (1979). რედ. ივანე ლოლაშვილი: ომაინიანი. თბილისი: „მეცნიერება“. 
  • ნ. აბაზგია (1979). ამბავი ომაინ ჭაბუკისა (ქ. ჩოლოყაშვილის ომაინიანის მიხედვით). თბილისი: „მეცნიერება“. 

შენიშვნები

რედაქტირება
  1. ომაინის სიმამრი, რომელიც წოდებულია ხაყანჩინად
  2. იგულისხმება პროზა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. (1937) რედ. გ.ჯაკობია: ომანიანი. თბილისი: „ფედერაციის გამომცემლობა და სტამბა“. 
  2. კორნელი კეკელიძე (14 დეკემბერი, 1937). „რუსთაველის გავლენა ქართულ პოეზიაზე“. კომუნისტი. თბილისი (№285): 4. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. რუხაძე (1953), გვ. 190-196