ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი
ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი — ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება მოტორული და ვოკალური ტიკებით. დაავადება მუდმივ ხასიათს ატარებს და ძალიან იშვიათია მონაცემები სრული გამოჯანმრთელების შესახებ, მაგრამ ხშირად, მოზრდილობის ასაკში სიმპტომები სუსტდება.
დაავადებას ფრანგი ნევროლოგის ჟილ დე ლა ტურეტის სახელი ეწოდა, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოს პირველად აღწერა იგი და დაახასიათა, როგორც სამედიცინო მდგომარეობა.
გამომწვევი მიზეზები
რედაქტირებასინდრომის საფუძველი ნეირობიოლოგიური ხასიათისაა. გამოკვლევების მიხედვით შესამჩნევი ცვლილებებია თავის ტვინის შემდეგ სტრუქტურებში: ნუშისებრი ბირთვი, სარტყლის ხვეული, ბაზალური განგლიები და შუბლის წილები.
ერთი ჰიპოთეზის მიხედვით ამ ცვლილებებს საფუძვლად უდევს ცენტრალური ნერვული სისტემის ნეიროტრანსმიტერული აგენტების, განსაკუთრებით დოფამინის ცვლის დარღვევა.
არსებობს სინდრომის გენეტიკური მიზეზების ჰიპოთეზაც. ოჯახური ისტორიების ანალიზის საფუძველზე, არსებობს ვარაუდი დაავადების აუტოსომურ-დომინანტური გზით გადაცემის შესახებ.თუმცა,ეს ჰიპოთეზა დამტკიცებული არ არის.
ჟილ დე ლა ტურეტის მქონე პირების ნათესავებში ხშირად შეიძლება აღმოჩნდეს მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აკვიატებული ნევროზი და პანიკური დარღვევები.
დამახასიათებელი ნიშნები
რედაქტირებაჟილ დე ლა ტურეტის სინდრომის მქონენი არიან გაფანტუელბი, იმპულსურები და ძალიან მგრძნობიარეები და ემოციურები სტრესისადმი. მათ აქვთ პრობლემები მხედველობით-სივრცითი ფუნქციების მომწიფებაში და ნატიფი მოტორული მოქმედებების შესრულებაში. ასევე ახასიათებთ მარტივი და კომპლექსური მოტორული და ვოკალური ტიკები. მათ შორის:
- ექოლალია – სხვისი სიტყვების და ხმების იმიტაცია, გამეორება — 20-45%
- ექოპრაქსია — სხვათა მოძრაობების გამეორება და იმიტაცია — 10-35%
- პალილალია — სიტყვის ბოლო ასოების ან წინადადებების ბოლო სიტყვის გამეორება — 10%
- კოპროლალია — უხამსი სიტყვების და ფრაზების უნებლიე წამოძახილი — 8-25%
- კოპროპრაქსია — უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები — 1-6%
ტიკი ქრონიკული ხასიათისაა, თუმცა, ზოგჯერ შეიძლება გაქრეს რამდენიმე ხნით, მაგრამ არა 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. სინდრომის უჩვეულო მახასიათებელია ის რომ ადამიანს დიდი ძალისხმევის შედეგად შეუძლია ტიკების კონტროლი. როგორც წესი, ასეთი შეკავების პერიოდს მოსდევს ტიკების გაორმაგებული შეტევები. შფოთვა, სტრესი, დაღლილობა, უძილობა, ალკოჰოლის ჭარბი დოზა იწვევს ტიკების გაძლიერებას და გამწვავებას. ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომს, ხშირად, თან ახლავს ჰიპერაქტივობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, ქცევითი აშლილობა და განსაკუთრებული მიდრეკილება დეპრესიისაკენ. ის გავლენას არ ახდენს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე. გონებრივი განვითარებით ისინი არ განსხვავდებიან თანატოლებისგან.
სინდრომის გამოვლენა
რედაქტირებასინდრომი გვხვდება ყველა კულტურაში .სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების მიხედვით გავრცელების სიხშირე განსხვავებულია ბავშვებსა და მოზრდილებში. ბავშვებში გავრცელებაა 5-30 : 10 000 მოსახლეზე. მოზრდილებში კი - 1-2 : 10 000 მოსახლეზე. ყოველი 4 შემთხვევიდან 3 მამაკაცია , ქალებში კი იშვიათად გვხვდება.
მკურნალობა
რედაქტირებაჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი ქრონიკული დაავადებაა და მისი სრული განკურნება დღეისათვის შეუძლებელია. მიუხედაავდ ამისა, არსებობს ამ სინდრომის მკურნალობის ორი სტრატეგია: მედიკამენტური და სოციალურ-ფსიქოლოგიური. მკურნალობის სტრატეგია დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე ანუ სიმპტომების გამოვლენის ხარისხსა და გართულებაზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. ბახტაძე, ა. ქისტაური, გ. ბახტაძე, თერაპიული ლექსიკონი, თბ. 1991
- თ. გაგოშიძე, ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები, თბ. 2007