პეტრე ხარისჭირაშვილი
პეტრე ხარისჭირაშვილი (დ. 1804 — გ. 1892, სტამბოლი) — აბატი პეტრა. XIX საუკუნის ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სტამბოლის ქართული მონასტრის დამაარსებელი.
აბატი პეტრა | |
---|---|
ეპისკოპოსი | |
ეპარქია | სტამბოლის |
ეკლესია | ნოტრდამ დე ლურდი |
პირადი მონაცემები | |
საერო სახელი | პეტრე ხარისჭირაშვილი |
დაბადების თარიღი | 1804 |
დაბადების ადგილი | ბარალეთი (ახალქალაქი) |
გარდაცვალების თარიღი | 1892 (88 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | სტამბოლი, ოსმალეთი. |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | კათოლიციზმი |
პეტრე ხარისჭირაშვილი დაიბადა ახალციხეში, ერთი ცნობით 1804 წელს, მეორით კი 1818 წლის 25 აპრილს. აღმსარებლობით კათოლიკე იყო. სწავლობდა ახალციხის ნათლისმცემლის ეკლესიის სამრევლო სკოლაში. შემდეგ და ალექსანდროპოლის სემინარიაში განაგრძო სწავლა. ბოლოს ევროპაში გაემგზავრა და რომის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. 1842 წელს ახალციხეში მღვდლად აკურთხეს, 50-იანი წლებიდან ხიზაბავრაში (დღევანდელი ასპინძის რაიონი) გადაიყვანეს. მრავალი დაბრკოლებისა და წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდა 1856 წელს უცხოეთში წასულიყო, თუმცა იქაც ისევ ქართულ საქმეს ემსახურებოდა და ორიოდე წელიწადში ვენეციაში, წმინდა ლაზარეს კუნძულზე ქართულ ენაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საისტორიო და თეოლოგიური წიგნი გამოსცა. იმხანად კათოლიკურ ეკლესიებში ქართულ ენაზე მღვდელმსახურების ნება დამტკიცებული არ იყო. პეტრე ხარისჭირაშვილმა მომხიბვლელი სიტყვითა და ღირსეული საქმიანობით ვატიკანის ყურადღება დაიმსახურა და 1859 წელს ნება დართეს სტამბოლში შეექმნა ქართველ კათოლიკეთა კონგრეგაცია — ქართული ენითა და ტიპიკონით. 1861 წელს კი სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ფერიქოიში პეტრე ხარისჭირაშვილმა ქართველ კათოლიკეთა სავანე — ეკლესია, დედათა და მამათა მონასტრები დააფუძნა.
ეს კონგრეგაცია მრავალმხრივ მოღვაწეობას ეწეოდა. დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ შეიქმნა სასულიერო სასწავლებელი. საღვთისმეტყველო საგნების გარდა ისწავლებოდა ქართული ენის გრამატიკა, ლიტერატურა და ისტორია. მოსწავლეებმა ზეპირად იცოდნენ ნაწყვეტები „ვეფხისტყაოსნიდან”. იმდენად საფუძვლიანად ასწავლიდნენ ლათინურ და ფრანგულ ენებს, რომ სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს ამ ენებზე წირვის აღსრულება, ანდა ფრანგულ სემინარიებში სწავლის გაგრძელება შეეძლო. წარმატებულ ახალგაზრდებს მონასტრის ხარჯით ევროპაში გზავნიდნენ სწავლის გასაგრძელებლად. ამ სასწავლებელში აღიზარდნენ მიხეილ თამარაშვილი და მიხეილ თარხნიშვილი. „პეტრესგან განკაცებული მამებით მოფენილია მთელი ევროპა“ — წერდა იმდროინდელი პრესა.
პეტრე ხარისჭირაშვილი რვა ენას ფლობდა, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას ქართულის სწავლებას აქცევდა. 1870 წლისათვის ხარისჭირაშვილის დაუზოგავი შრომის შედეგად მონასტერში უკვე მუშაობდა ქართული სტამბა. მარტო 1877-81 წლებში ამ სტამბაში დაიბეჭდა და საქართველოში გავრცელდა 25-მდე სხვადასხვა წიგნი. ქართული ენის სიწმინდის დასაცავად მრავალ ღონეს მიმართავდა, გრამატიკის შედგენაც დაიწყო. მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ჩამორთმეული ჰქონდა და ქართული ენისა თუ მწერლობის განვითარებაში მონაწილეობას აღარ იღებდა, სტამბოლის მონასტერი გრიგოლ ხანძთელის დაწყებულ საქმეს აგრძელებდა.
1894 წელს აშენებული მონასტრის ოთხსართულიანი შენობის მეოთხე სართულზე გახსნეს სასტუმრო სტამბოლში ჩასული უბინაო, ხელმოკლე ქართველებისათვის. ისინი I მსოფლიო ომის დროს მესხეთ-ჯავახეთიდან, აჭარასა და ტაო-კლარჯეთიდან ლტოლვილები იყვნენ. ტაძრის ტერიტორიაზე დღემდე ინახება ქართველ კათოლიკეთა არქივი და ბიბლიოთეკა. აქ უამრავი უნიკალური წიგნი და ხელნაწერია დაცული. მისი მეთვალყურე კათოლიკე მილიონერი სიმონ ზაზაძეა.
პეტრე ხარისჭირაშვილი მონასტრისავე ეზოშია დაკრძალული.