პაველ ელიანოვი
პაველ ელიანოვი (უკრ. Павло Володимирович Ельянов; დ. 10 მაისი, 1985, ხარკივი, უკრაინის სსრ , სსრკ) ― უკრაინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2001), უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
პაველ ელიანოვი, 2017 წელი | |
ქვეყანა (სპორტი) | უკრაინა |
---|---|
ეროვნება | უკრაინელი |
დაბადების თარიღი | 10 მაისი, 1983 |
დაბადების ადგილი | ხარკივი, უკრაინის სსრ , სსრკ |
წოდება | დიდოსტატი (2001) |
ფიდე რეიტინგი | 2681 (აპრილი 2022) |
მაქსიმალური რეიტინგი | 2765 (მარტი 2016) |
ჯილდოები და პრემიები | ღირსების III ხარისხის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპაველ ელიანოვი 1985 წელს ხარკივში მოჭადრაკის ოჯახში დაიბადა. მამამისი ვლადიმირი საერთაშორისო ოსტატის წოდებას ატარებდა[1].
პაველმა 1996 წელს იალტაში უკრაინის ჩემპიონატზე იასპარეზა, 3 პარტია მოიგო, 4 წააგო, 4 ყაიმით დაასრულა და 100 კაცში 55-67-ე ადგილს დასჯერდა. 1999 წელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს და არტეკში 16 წლამდელთა ოლიმპიადაზე გამოვიდა. იგი მეორე დაფაზე იჯდა, 4 პარტია მოიგო, 3 წააგო, 1 გააყაიმა და გუნდური ოქრო აიღო[2]. მომდევნო წლებში ელიანოვმა რამდენიმე საერთაშორისო ტურნირ მოიგო, 2001 წელს ალუშტაში, 2003 წელს ანდორაში და 2004 წელს ბილში.
2004 წელს კალვიაში უკრაინის ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიადაზე იასპარეზა, სარეზერვო დაფაზე ითამაშა, საიდანაც 4 იმარჯვა, 4 ყაიმით დაასრულა და გუნდურ ოქროს დაეუფლა. 2005-ში ამსტერდამის ტურნირი მოიგო, ხოლო 2006-ში მონრეალის.
2007-ში ვეიკ ან ზეს ტურნირზე B ჯგუფში გაიმარჯვა (13-დან 9 ქულით) და მომდევნო წლისთვის, მთავარი, A კატეგორიის ტურნირის საგზური მოიპოვა. 2008-ში A ჯგუფში წარუმატებლად გამოვიდა, 2 მოიგო, 5 ყაიმით დაასრულა, 6 წააგო და 14 მონაწილეს შორის მე-12-14 ადგილებს დასჯერდა. 2009 წელს სარაევოში ბოსნიის საჭადრაკო ტურნირზე იმარჯვა, 4 პარტია მოიგო და 6 ყაიმით დაასრულა. იმავე წელს მაკაბიადაზე სწრაფი ჭადრაკის შეჯიბრზე გამოვიდა.
2010 წლის მაისში, ასტრახანში, ფიდეს გრან-პრის 2008-2010 წლის გათამაშების მეოთხე დასკვნითი ეტაპი მოიგო. 13 პარტიიდან 5-ში იმარჯვა, 6 ყაიმით დაასრულა და 2 წააგო. (გრან-პრის სერიაში სულ 6 ტურნირი გაიმართა, საიდანაც მოჭადრაკეები ოთხში გამოვიდნენ და საბოლოო ჩათვლაში ორმა საუკეთესომ კანდიდატთა ტურნირის საგზური მოიპოვა) სამწუხაროდ ელიანოვმა დანარჩენ სამ ტურნირზე ვერ იყოჩაღა, საბოლოო ჩათვლაში 26-ს მონაწილეს შორის მეათე ადგილი დაიკავა და ასპარეზობაც დაასრულა.
აგვისტოში კოპენჰაგენში Politiken Cup -ზე (ამჟამად Xtracon Chess Open) იმარჯვა. ამდენი წარმატებების ფონზე სექტემბერში გამოქვეყნებულ ფიდეს რეიტინგში 2761 პუნქტით მეექვსე ადგილზე აინაცვლა, ხოლო უკრაინის მოჭადრაკეთა რეიტინგში პირველი იყო.
2012 წლის თებერვალში „აეროფლოტ ოფენზე“[3] პირველი-მესამე ადგილები გაიყო მატეუშ ბარტელთან და ანტონ კორობოვთან ერთად. 2013 წლის თებერვალში რეიკიავიკის ტურნირზე იმარჯვა[4]. სექტემბერში ანატოლი კარპოვის საერთაშორისო მე-18 კატეგორიის ტურნირიც მოიგო. იმავე თვეში ასევე ძლიერ ტურნირზე ჩიგორინის მემორიალზეც იყოჩაღა. 2014 წლის აპრილში შამქორში გაშიმოვის მემორიალზე B ჯგუფის ტურნირზე იმარჯვა.
2015 წლის სექტემბერში ბაქოში ფიდეს მსოფლიოს თასზე იასპარეზა. ელიანოვი 128 მონაწილეს შორის რეიტინგით 26-ე იყო და ნახევარფინალამდე მივიდა. მან მიყოლებით დაამარცხა რინატ ჯუმაბაიევი 2:0, ალექსანდრ იპატოვი 2:0, ალექსანდრ გრიშჩუკი 2:0, დმიტრი იაკოვენკო 2,5:1,5 და ჰიკარუ ნაკამურა 1,5:0,5. ნახევარფინალში ტურნირის მომავალ გამარჯვებულ სერგეი კარიაკინს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გამოვარდა 2,5:3,5.
2016 წელს კუნძულ დუგლასზე Chess.com-ის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. თავიდან პირველზე (9-დან 7,5 ქულით) ფაბიანუ კარუანასთან ერთად გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკში აჯობა.
2015 წელს მსოფლიოს თასზე კარგი თამაშის გამო 2017 წლის ფიდეს გრან-პრის სერიაში დაუშვეს. ოთხი ტურნირიდან პაველი სამში გამოვიდა, თუმც ღირსეულად ვერ ითამაშა და საბოლოო ჩათვლაში 24 მონაწილეს შორის მე-19 ადგილს დასჯერდა. 2021 წლის ივლისში დორტმუნდში ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გერმანიის გრან-პრი მოიგო. 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით.
უკრაინის ნაკრები
რედაქტირებასაჭადრაკო ოლიმპიადა:
კალვია 2004. სარეზერვო დაფა. (+4 =4 −0). გუნდური ოქრო
ტურინი 2006. მეოთხე დაფა. (+3 =5 −1).
დრეზდენი 2008. მესამე დაფა. (+2 =4 −2).
ხანტი მანსიისკი 2010. მესამე დაფა. (+5 =4 -1). გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ვერცხლი
სტამბული 2012. მეოთხე დაფა. (+4 =3 -1). გუნდური ბრინჯაო
ტრომსე 2014. მესამე დაფა. (+5 =4 -0). ინდივიდუალური ბრინჯაო
ბაქო 2016. პირველი დაფა. (+3 =4 -2). გუნდური ვერცხლი
ბათუმი 2018[5]. მეორე დაფა. (+0 =7 -2).
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ბეერ-შევა 2005. მეოთხე დაფა. (+0 =1 −2).
ნინბო 2011. მეორე დაფა. (+0 =6 −1). გუნდური ბრინჯაო
წაღკაძორი 2015. მესამე დაფა. (+2 =3 −2). გუნდური ვერცხლი
ევროპის გუნდური ჩემპიონატი: პლოვდივი 2003. მეოთხე დაფა. (+3 =5 −1).
გეტებორგი 2005. მეორე დაფა. (+2 =4 −1).
ნოვი-სადი 2009. პირველი დაფა. (+5 =2 −1). გუნდური ბრინჯაო, ინდივიდუალური ოქრო
პორტო კარასი. 2011. მესამე დაფა. (+3 =2 −2).
რეიკიავიკი. 2015. მეორე დაფა. (+4 =2 −1). ინდივიდუალური ვერცხლი
რეიკიავიკი. 2017. პირველი დაფა. (+2 =3 −1). გუნდური ბრინჯაო
კლუბები
რედაქტირება2009 და 2010 წლებში რუსული კლუბის სარატოვის Ekonomist SGSEU-ს შემადგენლობაში ორჯერ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული:
2009 მეორე დაფა (+3 =3 −0) გუნდური ოქრო
2010 პირველი დაფა (+1 =5 −0) გუნდური ოქრო
2011 მესამე დაფა (+4 =3 −0) ინდივიდუალური ბრინჯაო
2016-ში ჩრდილოურ მაკედონიის SK Alkaloid-ში გააგრძელა კარიერა:
2016 მესამე დაფა (+3 =3 −0) გუნდური ოქრო, ინდივიდუალური ბრინჯაო
2017 მეორე დაფა (+2 =2 −2) გუნდური ვერცხლი
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების III ხარისხის ორდენი (2004 წლის 4 ნოემბერი) - 2004 წელს ესპანეთში მსოფლიოს 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის, უკრაინის საერთაშორისო სპორტული ავტორიტეტის ამაღლებაში მნიშვნელოვანი პირადი წვრილის შეტანისთვის.
ოჯახი
რედაქტირება2009 წლის აპრილში ცოლად მოიყვანა ქალთა შორის საერთაშორისო ოსტატი ოლენა დვორეცკა[6], რომელთანაც 2011 წელს გოგონა შეეძინა[7].
განათლება
რედაქტირებადაამთავრა იაროსლავ ბრძენის სახელობის ეროვნული იურიდიული უნივერსიტეტი[8].
სამწვრთნელო საქმიანობა
რედაქტირებაელიანოვი ებრაელი მოჭადრაკის ბორის გელფანდის სეკუნდანტი იყო და ოთხ დიდ შეჯიბრში დაეხმარა.
პირველად 2007 წელს 13-29 სექტემბერს მეხიკოში 8 კაციან მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც ბორისი მესამეზე გავიდა[9].
მეორედ 2011 წლის 5-25 მაისს, ყაზანში 8 კაციანი კანდიდატთა ტურნირი მოაგებინა და მომდევნო წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად ვიშვანათან ანანდთანაც მიეხმარა.
2012 წლის 10-30 მაისს მოსკოვში ანანდთან შეხვედრის ძირითადი დრო 6:6 დასრულდა, ტაი-ბრეიკში კი ინდოელმა აჯობა 1,5:0,5. მეოთხედ გელფანდს 2013 წელს ლონდონში კანდიდატთა 8 კაციან ტურნირზე შეეშველა, სადაც მისი მოსწავლე მე-5 ადგილს დასჯერდა[10].
2016 წლის 11-31 ოქტომბერს ლვივში მსოფლიოს ჩემპიონ მარია მუზიჩუკს ჰოუ იფანთან ტიტულის დაცვაში ეხმარებოდა, თუმც სამწუხაროდ ვერ უშველა და 3:6 წააგო[11].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Interview with Pavel Eljanov დაარქივებული 2010-06-23 საიტზე Wayback Machine. at Chessdom.com
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Savinov, Misha. (2006-02-14) The Great Chess Market. ChessBase. ციტირების თარიღი: 2 October 2015.
- ↑ 5th World Youth U16 Chess Olympiad: Artek 1999 დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. OlimpBase
- ↑ Aeroflot Open – Mateusz Bartel comes out on top. ChessBase.com (2012-02-16). ციტირების თარიღი: 18 February 2012.
- ↑ Reykjavik Open 2013. ციტირების თარიღი: 17 березня 2018.
- ↑ 43nd Olympiad Batumi 2018 Open. ციტირების თარიღი: 1 лютого 2019.
- ↑ Karlovich, Anastasiya. New chess family: GM Pavel Eljanov and WIM Olena Dvoretska. ChessBase (9 November 2009). ციტირების თარიღი: 24 September 2015.
- ↑ Peterson, Macauley. (2015-09-27) Pavel Eljanov, World Cup standout. chess24. ციტირების თარიღი: 2 October 2015.
- ↑ Karlovich, Anastasiya. Interview with Pavel Eljanov. ChessBase (12 July 2010). ციტირების თარიღი: 24 September 2015.
- ↑ Boris Gelfand: 'There are not enough places for everyone'. ChessBase (31 October 2007). ციტირების თარიღი: 24 September 2015.
- ↑ Crowther, Mark. (2014-11-25) World Chess Championship closing ceremony: Putin speaks and Carlsen receives his prizes. The Week in Chess. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-08. ციტირების თარიღი: 24 November 2015.
- ↑ Silver, Albert. (2016-03-06) Women's WCh. G3: Change of tactics, but draw. ChessBase. ციტირების თარიღი: 2016-07-12