ო. ჰენრი (ინგლ. O. Henry; დ. 11 სექტემბერი, 1862 — გ. 5 ივნისი, 1910) — ამერიკელი მწერალი და პროზაიკოსი, მოულოდნელი დასასრულის დიდოსტატი. მის მოთხრობებს ჩახლართული სიუჟეტები და ნატიფი იუმორი ახასიათებს. ძირითადად, რიგით ამერიკელებზე წერდა. ო. ჰენრის ნამდვილი სახელია უილიამ სიდნი პორტერი (William Sidney Porter).

ო. ჰენრი
ინგლ. William Sydney Porter
დაბადების თარიღი 11 სექტემბერი, 1862(1862-09-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15]
დაბადების ადგილი გრინსბორო[1] [16] [10]
გარდაცვალების თარიღი 5 ივნისი, 1910(1910-06-05)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი ნიუ-იორკი[16] [1]
დასაფლავებულია Montford Area Historic District
ფსევდონიმი O. Henry
საქმიანობა მწერალი[15] [17] და ჟურნალისტი[15]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა აშშ
ჟანრი მოთხრობა
მეუღლე უცნობი
შვილ(ებ)ი Margaret Worth Porter

ბავშვობა რედაქტირება

უილიამ სიდნი პორტერი 1862 წლის 11 სექტემბერს დაიბადა ქალაქ გრინსბოროში, სამხრეთ კაროლინის შტატში. 1898 წელს მან თავისი მეორე სახელის მართლწერა შეცვალა და, Sidney-ის ნაცვლად, Sydney გახდა. 1899 წლიდან მწერლურ ფსევდონიმად ო. ჰენრი აირჩია და სწორედ ამ სახელითაა ცნობილი მთელ მსოფლიოში.

მამამისი, ელჯერნონ სიდნი პორტერი (1825-1888), ექიმი იყო. სამი წლის ასაკში უილიამის დედა, მერი ჯეინ პორტერი (1833-1865) ტუბერკულოზით გარდაიცვალა. დაქვრივებული ექიმი დედამისის სახლში გადავიდა საცხოვრებლად პატარა ვაჟიშვილთან ერთად. ბიჭს ჯერ ბებია (მამის დედა) ზრდიდა, შემდეგ კი მამიდა ეველინა მარია პორტერი. ეველინას საკუთარი დაწყებითი სკოლა ჰქონდა, სადაც მისი ძმიშვილი სწავლობდა. პატარა უილიამი ძალიან ბევრს და განურჩევლად ყველაფერს კითხულობდა. მისი საყვარელი წიგნები იყო „ათას ერთი ღამე“ და რობერტ ბარტონის „მელანქოლიის ანატომია“.[18] 1876 წელს მან დაწყებითი სკოლა დაამთავრა და მამიდის მეთვალყურეობის ქვეშ სწავლა გააგრძელა ლინდსი-სტრიტის საშუალო სკოლაში.

დამოუკიდებელი ცხოვრება რედაქტირება

1879 წელს, სწავლის პარალელურად, უილიამმა მუშაობა დაიწყო ბიძამისის აფთიაქში. 1881 წელს 15 წლისამ ფარმაცევტის ლიცენზია მიიღო და სკოლა მიატოვა.

1882 წელს უილიამი ტეხასში გაემგზავრა ექიმ ჯეიმზ ჰოლთან ერთად. ბოლო დროს ყმაწვილს ხველა ახრჩობდა და ტუბერკულოზის სიმპტომები აწუხებდა. იმედი ჰქონდა, ჰაერის გამოცვლა დაეხმარებოდა გამოჯანმრთელებაში. უილიამი ექიმის ვაჟის, რიჩარდ ჰოლის ცხვრის რანჩოზე დასახლდა. ბიჭი მასპინძელს მეურნეობის მართვაში ეხმარებოდა და ერთდროულად რამდენიმე მოვალეობას ასრულებდა: მეცხვარის, თანაშემწის, მზარეულისა და ძიძის. გაწეულ საქმეში პორტერს ფულს არ უხდიდნენ; ოჯახის წევრივით ექცეოდნენ — აცხოვრებდნენ და სასმელ-საჭმლით უზრუნველყოფდნენ. რანჩოზე მომუშავე ემიგრანტებისგან უილიამმა ცოტა ესპანური და გერმანული ისწავლა. პარალელურად, ბევრს კითხულობდა კლასიკურ ლიტერატურას. ტეხასის ჯანსაღმა კლიმატმა სრულიად განკურნა ხველისგან.

1884 წელს უილიამი რიჩარდთან ერთად ოსტინში გაემგზავრა და ტეხასის დედაქალაქში დარჩა. იგი გულთბილად მიიღო რიჩარდის მეგობარმა ჰარელზების ოჯახმა. უილიამმა რამდენიმე სამსახური გამოიცვალა: იყო ფარმაცევტი, უძრავი ქონების ფირმის ბუღალტერი, მხაზველი, ბანკის ოპერატორი და ჟურნალისტი. დამატებითი შემოსავლის მისაღებად, წერდა კიდეც.

მუშაობის პარალელურად, უილიამი აქტიურად იყო ჩართული ოსტინის საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. იყო მომღერალთა ჯგუფისა და დრამწრის წევრი. უილიამი ძალიან კარგად მღეროდა, უკრავდა გიტარასა და მანდოლინაზე. იგი იყო ჰილ-სითი კვარტეტის წევრიც. ვაჟთა კვარტეტი სხვადასხვა ღინისძიებას აფორმებდა მუსიკალურად და სერენადებს უმღეროდა ოსტინელ ქალიშვილებს.

ქორწინება რედაქტირება

უილიამმა გაიცნო და შეუყვარდა 17 წლის ათოლ ესტესი მდიდარი ოჯახიდან. გოგონას დედა მათი დაქორწინების წინააღმდეგი იყო, რადგან ათოლი ტუბერკულოზით იყო ავად. 1887 წლის 1 ივლისს შეყვარებულები გაიპარნენ ღვთისმსახურის, რ. კ. სმუტის ოჯახში და ჯვარი დაიწერეს. ახალდაქორწინებულმა წყვილმა ჩვეული ცხოვრება გააგრძელა: ძველებურად მონაწილეობდნენ მუსიკალური და თეატრალური ჯგუფების აქტივობებში.

1888 წელს პორტერებს პირველი შვილი გაუჩნდათ, მაგრამ ვაჟი რამდენიმე საათში გარდაიცვალა. 1889 წლის სექტემბერში გოგონა, მარგარეტ უორტ პორტერი დაიბადა.

სამწერლო ასპარეზზე რედაქტირება

უილიამს მეგობარმა, რიჩარდ ჰოლმა თავისთან მუშაობა შესთავაზა. პორტერს ევალებოდა რუკების ხაზვა მონაცემებისა და ჩანაწერების მიხედვით. ამ საქმიანობაში თვეში 100 აშშ დოლარს უხდიდნენ. ხელფასი პატარა ოჯახის შენახვას თავისუფლად ჰყოფნიდა, მაგრამ ახალგაზრდა ცოლი უილიამს აგულიანებდა, სერიოზულად მოეკიდა ხელი წერისთვის.

1890 წელს რიჩარდ ჰოლმა ტეხასის გუბერნატორის პოსტზე იყარა კენჭი, მაგრამ არჩევნებში დამარცხდა. 1891 წლის დასაწყისში, როდესაც ახალმა გუბერნატორმა, ჯიმ ჰოგმა, თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, უილიამმა მხაზველის საქმიანობა მიატოვა.

იმავე წელს მან მუშაობა დაიწყო ქალაქ ოსტინის პირველ ნაციონალურ ბანკში. ანაზღაურება ძველებურად 100 დოლარი იყო. ამ ბანკს არაფორმალური მმართველობა ჰყავდა. უილიამი ქვითრებსა და დავთრებში თანხის ზუსტად აღრიცხვას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. 1894 წელს ბანკმა პორტერი ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულა და სამსახურიდან დაითხოვა, მაგრამ ოფიციალური ბრალი არ წაუყენებია.

როცა ბანკიდან გამოუშვეს, უილიამმა მთელი თავისი დრო დაუთმო ყოველკვირეულ, იუმორისტულ ჟურნალ „როლინგ სთოუნს“ (ინგლ. „მგორავი ქვა“), რომელიც ჯერ კიდევ ბანკში მუშაობისას დააარსა. ჟურნალში, ძირითადად, უილიამის ნოველები და სკეტჩები იბეჭდებოდა. ერთ ხანს ჟურნალის ხელმომწერთა რაოდენობამ მაქსიმალურ მაჩვენებელს (1500 მკითხველი) მიაღწია, მაგრამ ადეკვატური შემოსავალი არ მოჰქონდა. 1895 წლის აპრილში „როლინგ სთოუნს“ ფინანსური ჩავარდნა ჰქონდა და დაიხურა. დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა საქმიანობამ ერთი სიკეთე მაინც მოუტანა პორტერს — მისმა ნაწერებმა და ჩანახატებმა გაზეთ „ჰიუსტონ პოსტის“ რედაქტორის ყურადღება მიიპყრო.

1895 წელს უილიამი ოჯახთან ერთად ქალაქ ჰიუსტონში გადავიდა და მუშაობა დაიწყო „ჰიუსტონ პოსტის“ რეპორტიორად და მესვეტედ. თავდაპირველად მისი ყოველთვიური გასამრჯელო მხოლოდ 25 დოლარი იყო თვეში, მაგრამ მწერლის პოპულარობის პროპორციულად იზრდებოდა თანხის რაოდენობაც. თავისი სვეტისთვის იდეებს უილიამი სასტუმროში სხვადასხვა ადამიანზე დაკვირვებითა და მათთან საუბრით პოულობდა. ამ ხერხს ის მთელი თავისი მწერლური კარიერის განმავლობაში აქტიურად იყენებდა.

პატიმრობა რედაქტირება

სანამ პორტერი ჟურნალისტური და მწერლური წარმატების მიღწევაზე ათენ-აღამებდა, ტეხასის შტატის ფედერალურმა გამომძიებლებმა ოსტინის პირველ ნაციონალურ ბანშკი აუდიტი ჩაატარეს და აღმოაჩინეს გაფლანგვასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რის საფუძველზეც მოხდა უილიამის ბანკიდან გაშვება. გამოძიებას ფედერალური საბრალდებო აქტი მოჰყვა და მწერალი გაფლანგვის ბრალდებით დააპატიმრეს. საქმე ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველი ჩანდა. სალაროდან ფული მოლარისგან უნებართვოდ გაჰქონდათ ხოლმე. გამქრალი 6 ათასი დოლარიდან 5500 ბანკის მესვეურებმა დააბრუნეს, ხოლოდ დარჩენილი 500 დოლარი ცოლის ნათესავებმა გადაიხადეს. სიმამრმა გირაო შეიტანა, რომ საქმის განხილვამდე სიძე ციხეში არ დარჩენილიყო.

1896 წლის 7 ივლისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე უილიამი არ გამოცხადდა, რადგან წინა დღეს, მატარებლით სასამართლოში მიმავალმა იმპულსურად მიიღო გაქცევის გადაწყვეტილება. პორტერი ჯერ ახალ ორლეანში წავიდა, მოგვიანებით კი ჰონდურასში, რომელსაც იმ დროს ჯერ არ ჰქონდა გაფორმებული ექსტრადიციის ხელშეკრულება აშშ-თან. ჰონდურასში უილიამმა მხოლოდ ნახევარი წელი დაჰყო, 1897 წლის იანვრამდე.

სამხრეთ ამერიკაში ყოფნისას, უილიამმა გაიცნო სახელგანთქმული მძარცველი და მატარებლების დამყაჩაღებელი, ალ ჯენინგზი, რომელმაც წლების შემდეგ წიგნი დაწერა ო. ჰენრისთან მეგობრობაზე.[19]

სანამ ამერიკის ხელისუფლებას ემალებოდა, უილიამი სასტუმრო „ტრუხილიოში“ ცხოვრობდა. იქ დაწერა „კომბოსტოები და მეფეები“. სწორედ ამ თხზულებაში ახსენა პირველად ო. ჰენრიმ ტერმინი „ბანანის რესპუბლიკა“.[20][21] ეს იყო პატარა, არასტაბილური პოლიტიკის მქონე ქვეყანა ცუდად განვითარებული ეკონომიკით. მის მიერ შექმნილი ტერმინი[22] თანდათან მსოფლიოში გავრცელდა.

1897 წლის თებერვალში უილიამი ოსტინში დაბრუნდა, რადგან ათოლს ტუბერკულოზი გაუმწვავდა და უკანასკნელ დღეში იყო. აშშ-ში დაბრუნებული პორტერი მართლმსაჯულებას ჩაბარდა. მისი ცოლის მძიმე მდგომარეობის გამო, უილიამი წინასწარპატიმრობაში არ დატოვეს და გირაო შეუფარდეს, რომელიც ისევ სიმამრმა გადაიხადა სიძისთვის.

მწერალმა ბოლო თვეები მეუღლის გვერდით გაატარა. ქმრის დაბრუნება ისე გაუხარდა, რომ ათოლი შედარებით უკეთ გახდა. უილიამი ორადგილიან ეტლს ქირაობდა და მეუღლეები ქალაქგარეთ სეირნობდნენ. დადებით ემოციას არ შეეძლო მძიმე ავადმყოფის ბოლომდე განკურნება. მალე ქალი ისე დასუსტდა, უილიამს ხელშიაყვანილი მიჰყავდა ეტლამდე. 25 ივლისს ათოლი გარდაიცვალა.

1898 წლის თებერვალში პორტერის საქმის განხილვა გაიმართა. სხდომა სამი დღე გრძელდებოდა. უილიამს თავი, თითქმის, არ დაუცავს; არც ბრალდების სუსტი ადგილები აღუნიშნავს, არც მოწმეთა ჩვენებები დაუყენებია ეჭვის ქვეშ. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო თანხის გაფლანგვაში და, ჰონდურასში გაქცევის გამო, 5 წელი მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის ციხეში.

25 მარტს მწერალი ოჰაიოს პენიტენციურ (გამოსასწორებელ) ციხეში ჩასვეს ქალაქ კოლუმბუსში. მისი ნომერი იყო №30664. ფარმაცევტის ლიცენზიის წყალობით, პატიმრობის პერიოდში უილიამი ღამის ცვლაში მუშაობდა აფთიაქარად ციხის ლაზარეთში და იქვე ცხოვრობდა. მას ერთი ოთახი გამოუყვეს ლაზარეთის ფლიგელში. ითვლება, რომ პორტერი საკანს პროფესიის წყალობით გადაურჩა.

1898-1901 წლებში ციხეში ყოფნისას უილიამ პორტერმა 14 მოთხრობა გამოაქვეყნა სხვადასხვა სახელით. მის ნაწერს მეგობარი უგზავნიდა გამომცემლებს, რომ არავის გაეგო ავტორის პატიმრობის შესახებ. პორტერმა პოპულარობის მოიპოვა ო. ჰენრის ფსევდონიმით, რომელიც 1899 წელს „მაკკლურის ჟურნალის“ დეკემბრის ნომერში დაბეჭდილი მოთხრობისთვის „სტვენია დიკის საშობაო წინდა“ გამოიყენა პირველად.

1901 წლის 24 ივლისს პორტერი ორი წლით ადრე გაათავისუფლეს ციხეში სანიმუშო ქცევისათვის. გისოსებს მიღმა მან სამი წელი და ოთხი დღე გაატარა. მწერალი საცხოვრებლად ცოლის მშობლებთან წავიდა ქალაქ პიტსბურგში, პენსილვანიის შტატში. იქ ათოლის მშობლები სიძის ციხეში მოხვედრის შემდეგ გადავიდნენ და შვილიშვილისთვის არასოდეს გაუმხელიათ მამის პატიმრობის ამბავი. 11 წლის მარგარეტს მამა საქმეზე ეგონა წასული.

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანებმა აშშ-ის ოთხ პრეზიდენტს: ვუდრო უილსონს, დუაიტ ეიზენჰაუერს, რონალდ რეიგანსა და ბარაკ ობამას[23] გარდაცვალების შემდგომ უილიამ სიდნი პორტერის შეწყალების ოფიციალური თხოვნა გაუგზავნეს, მაგრამ სუყველამ უპასუხოდ დატოვა.[24][25] ეს იქნებოდა სიმბოლური პატივისცემის გამოხატულება, რომელიც დღევანდელ საზოგადოებას უფრო სჭირდება, ვიდრე 150 წლის წინათ გარდაცვლილ ამერიკელ მწერალს.[24]

ფსევდონიმი რედაქტირება

თავისი ლიტერატურული კარიერის დასაწყისში უილიამ პორტერმა რამდენიმე ფსევდონიმი გამოიცვალა: ს. ჰ. პიტერსი, ჯეიმზ ლ. ბლისი, ტ. ბ. დაუდი, ჰავარდ კლარკი, ოლივიე ჰენრი და ო. ჰენრი.[26] ყველაზე მეტად სწორედ ო. ჰენრიმ მიიპყრო გამომცემლებისა და საზოგადოების ყურადღება. ამ ფსევდონიმის წარმომავლობის შესახებ მწერალმა რამდენიმე განსხვავებული განმარტება შესთავაზა მკითხველს.[27] 1909 წელს გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზისთვის“ მიცემულ ინტერვიუში პორტერმა განაცხადა:

„ახალ ორლეანში ყოფნისას ავირჩიე ო. ჰენრი ჩემს ფსევდონიმად. მეგობარს ვუთხარი: რაღაცების გაგზავნას ვაპირებ. არ ვიცი, აქედან რამე თუ გამოვა. ამიტომ ლიტერატურული ფსევდონიმის აღება მინდა. დამეხმარე, რამე კარგი შევარჩიო-მეთქი. მისი რჩევით, გაზეთი ავიღე, რომ ცნობილი ადამიანების სიიდან პირველივე გვარი ამერჩია, რომელიც თვალში მომხვდებოდა. საზოგადოებრივი ცხოვრების სვეტში მოდების ჩვენებაზე მიმოხილვას გადავაწყდით. „აი, ჩვენი ცნობილი ხალხიც“, მითხრა მეგობარმა. სიას მივყევით და თვალში მომხვდა სახელი ჰენრი. ეს გვარად გამოდგება-მეთქი. სახელისთვის რამე მოკლე მერჩია, სამმარცვლიანივით გრძელი კი არა. მეგობარმა მკითხა, ინიციალს ხომ არ გამოიყენებო. მომეწონა მისი იდეა. „ო“ ვარჩიე, რადგან ეს ყველაზე იოლად დასაწერი ასოა“.

„ერთხელ ერთმა გაზეთმა მკითხა, „ო“ რისი ინიციალიაო. ვუპასუხე, რომ „ო“ არის ფრანგული სახელის „ოლივიეს“ შემოკლება, ჩვენებურად „ოლივერის“-მეთქი. ამის მერე ჩემი რამდენიმე მოთხრობა იმ გაზეთმა ოლივიე ჰენრის სახელით დაბეჭდა“.[28]

მწერლის ამ განცხადების მიუხედავად, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ახსნა მოუძებნეს მის ფსევდონიმს:

  • მწერალი და მკვლევარი, გაი დავენპორტი ვარაუდობდა,[29][30] რომ ო. ჰენრი იმ ციხის სახელწოდების აკრონიმი იყო (Ohio Penitentiary), სადაც მწერალი სასჯელს იხდიდა.
  • არსებობს ჯოზეფ კლარკის ვარაუდი, რომ ფსევდონიმი პორტერმა ფრანგი ფარმაცევტის, ეტიენ ანრის (Etienne Henry) გამო აარჩია. ანრის სამედიცინო ცნობარი ძალიან პოპულარული იყო XIX საუკუნის ამერიკაში და პორტერი სწორედ მას იყენებდა ციხის ლაზარეთში მუშაობისას.[31]
  • ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ პორტერის ფსევდონიმს საფუძვლად დაედო მისი სკოლის მასწავლებლის აღფრთოვანება ამერიკელი ფიზიკოსის, ჯოზეფ ჰენრის პიროვნებით. ეს პედაგოგი გამუდმებით ამბობდა: „ო, ჰენრი! ეს მან აღმოაჩინა, რომ კოჭას გავლით კონდესატორის განმუხტვა რხევითი ხასიათისაა!“[32]

ზოგჯერ ო. ჰენრის ფსევდონიმს ირლანდიურ სტილში წერენ — ო'ჰენრი.

აღიარება რედაქტირება

1902 წლის დეკემბრის მიწურულს ო. ჰენრი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად იმ მიზნით, რომ ახლოს ყოფილიყო მსხვილ გამომცემლობებთან. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ყველაზე აქტიური და ნაყოფიერი ლიტერატურულ-მწერლური მოღვაწეობა. მაგალითისთვის საკმარისია იმის თქმა, რომ ო. ჰენრი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კვირაში ერთ მოთხრობას წერდა. მხოლოდ ნიუ-იორკში 381 ნოველა შექმნა.

1906 წლის იანვარში მან დაწერა მოთხრობა ნიუ-იორკის მსოფლიო მნიშვნელობის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ჟურნალში გამოქვეყნდა.

1904 წელს ო. ჰენრის პირველი წიგნი „კომბოსტოები და მეფეები“ გამოქვეყნდა.

1906 წელს გამოიცა მისი მეორე კრებული „ოთხი მილიონი“, რომელშიც შევიდა პოპულარული ნოველები: „მოგვთა ძღვენი“[33], „ავეჯით გაწყობილი ოთახი“, „ყვითელი ძაღლის მემუარები“, „მწვანე კარი“, „დაუმთავრებელი ამბავი“, „ხალიფა, კუპიდონი და საათი“, „ოთახი სხვენში“, „ოცი წლის შემდეგ“ და სხვ.

1907 წელს გამოიცა კრებული „ანთებული ლამპა“, რომელიშიც შევიდა მოთხრობები: „ანთებული ლამპა“, „უკანასკნელი ფოთოლი“, „შეჰერეზადა მედისონ-სკვერიდან“, „მადლიერების დღის ორი ბატონი“, „მყიდველი კაქტუს-ქალაქიდან“ და სხვ. ამავე წელს გამოცემულ კრებულში „დასავლეთის გული“ გაერთიანდა მოთხრობები: „გულები და ჯვრები“, „ქორწინების ცნობარი“, „კუპიდონი მენიუდან“, „სფინქსის ვაშლი“, „გამოტოვებული აკორდი“, „პრინცესა და პუმა“, „მშრალი ხევის ჯონსონის გვიანი შემოდგომა“ და სხვ.

1908 წელს კიდევ ორი კრებული გამოვიდა: „კეთილშობილი ყალთაბანდი“ და „ქალაქის ხმა“. პირველში გაერთიანდა ისეთი ცნობილი ნოველები, როგორიცაა: „თანამედროვე სოფლური სპორტი“, „ცოლქმრობის ზუსტი მეცნიერება“, „ზაფხულის მასკარადი“, „ბროდვეის უცოდველნი“, „სინდისი ხელოვნებაში“, „ღორის ეთიკა“ და სხვ. მეორე კრებულში შევიდა მოთხრობები: „ქალაქის ხმა“, „მანამ ავტომობილი იცდის“, „ათასი დოლარი“, „ქალაქის დამარცხება“, „შიშის ღამე ქალაქში“, „სულის აღდგომა“, „ბრიყვთა მკვლელი“, „არკადიაში გავლით მყოფნი“, „ვისაც როგორ შეუძლია“ და სხვ.

1909 წელსაც ორი კრებული გამოვიდა. „ბედისწერის გზებში“, ამავე სახელწოდების თხზულებასთან ერთად, ასევე შევიდა მოთხრობები: „რაინდული ღირსების მცველი“, „მომხიბლავი პროფილი“, „ფები“, „ეძებე ქალი“, „ბილის ემანსიპაცია“, „ზღაპრული კოცნა“, „მენეჯმენტის სახელით“, „სტვენია დიკის საშობაო წინდა და სხვ. კრებულში „ვარიანტები“ გაერთიანდა ნოველები: „სამხრეთული ვარდი“, „მესამე ინგრედიენტი“, „შავი ბილის დამალვა“, „სკოლები და სკოლები“, „სათითე, სათითე“, „მიტოდება და მოთხოვნა“, „დამარხული განძი“, „მას, ვინც ითმენს“, „გამარჯვების მომენტი“, „თავებზე მონადირე“, „პრაგმატიზმის უმაღლესი დონე“, „ბესტსელერი“ და ა.შ.

1910 წელს დაიბეჭდა კიდევ ორი კრებული: „კარუსელი“ და „მხოლოდ ბიზნესი“. „კარუსელში“[34] შევიდა მოთხრობები: „წითელკანიანთა ბელადი“, „სამყარო და კარი“, „თეორია და მწევარი“, „გალოუეის კოდი“, „ქალიშვილი“, „მექანიკური შეცდომა“, „ცხოვრების კარუსელი“, „გზები, რომელთაც ვირჩევთ“, „სიმღერა და სერჟანტი“, „ერთდოლარიანის ფასი“ და სხვ. „მხოლოდ ბიზნესში“, ამავე სახელწოდების ნოველის გვერდით, მოხვდნენ მოთხრობები: „ოქრო, რომელიც ბრჭყვიალებს“, „ჩვილები ჯუნგლებში“, „მეხუთე ბორბალი“, „პოეტი და გლეხი“, „მშვიდობის კვართი“, „ქალი და ქრთამი“, „ფსიქეა და ცათამბჯენი“, „ჩიტი ბაღდადიდან“, „ახალი ათას ერთი ღამე“, „დუელი“ და სხვ.

ო. ჰენრის სიცოცხლეში ეს ათი კრებული დაიბეჭდა. კიდევ სამი კრებული: „ექვსიანები და შვიდიანები“, „მგორავი ქვები“ და „ცოლები და მაწანწალები“ მწერლის სიკვდილის შემდეგ გამოიცა. მისი კრებულები სულ 300-მდე[35] ნოველას აერთიანებს.

ერთი ახლო მეგობრისთვის მიწერილ წერილში ო. ჰენრიმ იუმორით აღწერა მოთხრობის შეთხზვის შემოქმედებითი პროცესი: „პირველ ყოვლისა, საჭიროა სამზარეულოს მაგიდა, ტაბურეტი, ფანქარი, თაბახი და შესაბამისი ზომის ჭიქა. ესენი შრომის იარაღებია. შემდეგ კარადიდან ვიღებთ ვისკის ბოთლსა და ფორთოხლებს. ეს პროდუქტები მწერლური შრომისუნარიანობის შესანარჩუნებლადაა საჭირო. იწყება სიუჟეტის შექმნა (თუ გინდათ, ამას შთაგონება უწოდეთ). ვისკიში ასხამთ ფორთოხლის წვენს, ჟურნალის რედაქტორების სადღეგრძელოს შესვამთ, ფანქარს თლით და საქმეს შეუდგებით. ყველა ფორთოხალი რომ გამოიწურება და ბოთლი დაიცლება, მოთხრობაც მზად გექნებათ“.[36] მწერლის მუშაობის სწრაფი ტემპის გამო, ვისკის დოზებიც შესაბამისად დიდი იყო. ო. ჰენრის ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ო. ჰენრი ალკოჰოლიზმით დაავადდა, რასაც ფინანსური პრობლემები დაემატა.

მეორე ქორწინება რედაქტირება

1907 წელს ო. ჰენრი პირველ შეყვარებულს, სარა (სალი) ლინდსი კოლმანს შემთხვევით შეხვდა მშობლიურ მხარეში ვიზიტის დროს და კვლავ დაუახლოვდა. ერთხანს ისინი წერილებით ურთიერთობდნენ, რადგან სხვადასხვა შტატში ცხოვრობდნენ.[33] მერე სარა ნიუ-იორკში ჩავიდა მის სანახავად და უილიამმა მაშინვე ხელი სთხოვა. მწერალმა საცოლეს თავისი პატიმრობის შესახებ სიმართლე გაუმხილა. წარსულის მიუხედავად, ქალი დათანხმდა მის წინადადებას და ისინი მალე დაქორწინდა. უილიამმა მარგარეტი სიმამრის სახლიდან წამოიყვანა და სამივემ ერთად დაიწყო ახალი ცხოვრება.[33][36]

სარა გულკეთილი ადამიანი იყო და გერი თბილად მიიღო. ამავე დროს, ო. ჰენრისგან ოჯახის კაცისა და შინ მომუშავე მწერლის შექმნას ცდილობდა, მაგრამ სარამ ქმარი ვერაფრით გადააჩვია მარტოხელობაში შეძენილ მავნე ქცევას. უილიამი ძველებურად დადიოდა „პიტის ტავერნაში“ ან რომელიმე ბარში გამოსაბრუჟად, მერე კი ქალაქის ქუჩებში დახეტიალობდა.

ამ ყველაფერს დიდხანს ვერცერთი ქალი გაუძლებდა. სარას ერთი წელიც არ ეყო მოთმინება და 1909 წელს ქმარი მიატოვა, თუმცა არ განქორწინებულა. მწერალი ნიუ-იორკში დარჩა, ხოლო სამხრეთელი არისტოკრატი ქალი შინ, ჩრდილოეთ კაროლინაში დაბრუნდა.[33]

გარდაცვალება რედაქტირება

ყველაფრის მიუხედავად, ო. ჰენრი უკანასკნელ წუთამდე ინარჩუნებდა შედევრების წერის გასაოცარ ნიჭს. მწერალს ბოლო ამოსუნთქვამდე არ განელებია ლიტერატურული შთაგონება. 1910 წელს მან შექმნა თავისი ერთ-ერთი ბოლო ნაწარმოები „წითელკანიანთა ბელადი“, რომელიც დღემდე ითვლება ნოველის ეტალონად. ამ დროს მწერალს რამდენიმე უმძიმესი დაავადება აწუხებდა: ციროზი (ღვიძლის დაშლა), დიაბეტი[36], გულის გადიდება და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები.

1910 წლის 5 ივნისს ო. ჰენრი ნიუ-იორკში გარდაიცვალა. გამოსათხოვარი პანაშვიდიც იქვე გაიმართა. შემდეგ სარამ ქმარი თავისთან ახლოს, ეშვილში გადაასვენა და რივერსაიდის სასაფლაოზე დაკრძალა.[37] ო. ჰენრის ქვრივმა მის საფლავს ნაცრისფერი გრანიტის ქვა დაადო სადა წარწერით: უილიამ სიდნი პორტერი.[36] მისის პორტერიც მწერალი იყო. მან მხატვრულ-დოკუმენტური პროზაული ვერსიის სახით აღწერა პერიოდი, როცა ის და უილიამი ერთმანეთს წერილებს წერდნენ და პაემანზე დადიოდნენ. ეს ყველაფერი რომანში „ბედისწერის ქარი“[38] გამოსცა.

1913-1916 წლებში ო. ჰენრის ქალიშვილს, მარგარეტ უორტ პორტერს ხანმოკლე მწერლური კარიერა ჰქონდა. 1916 წელს ის ცოლად გაჰყვა ოსკარ ჩეზარეს ნიუ-იორკიდან, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ გაშორდა. მარგარეტი 1927 წელს გარდაიცვალა ტუბერკულოზით. დაკრძალულია მწერალი მამის გვერდით.

ო. ჰენრის პოპულარობა ამის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. როდესაც მისმა ბიოგრაფმა ფსევდონიმის უკან რეალური ადამიანი წარმოაჩინა, ო. ჰენრის უკვე საერთაშორისო აღიარება ეწვია. მწერლის წარმატების გაზიარება მის ქალიშვილსა და მეორე მეუღლეს ხვდათ წილად.[33]

ო. ჰენრის პრემია რედაქტირება

1918 წელს დაწესდა ო. ჰენრის სახელობის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია (O. Henry Award) საუკეთესო მოთხრობისთვის. ამ პრემიის გადაცემის პირველი ცერემონია 1919 წელს ჩატარდა.

ო. ჰენრის სახელობის პრემიის მიღება შეუძლიათ ამერიკელ და კანადელ მწერლებს იმ მოთხორბებისთვის, რომლებიც გამოაქვეყნეს აშშ-ის ანდა კანადის ჟურნალებში. კონკურსში მონაწილე თხზულებები კრებულის (The O. Henry Prize Stories) სახით გამოიცემა. ამ საპატიო ჯილდოს მფლობელები სხვადასხვა წელს გახდნენ: უილიამ ფოლკნერი, ჯონ აპდაიკი, ვუდი ალენი, სტივენ კინგი და სხვ.

კრებულები რედაქტირება

  • „კომბოსტოები და მეფეები“ (Cabbages and Kings, 1904) — ო. ჰენრის ერთადერთი რომანი, რომელიც, რეალურად, მოქმედების საერთო ადგილით ერთმანეთთან დაკავშირებული მოთხრობების კრებულია
  • „ოთხი მილიონი“ (The Four Million, 1906) — მოთხრობების კრებული
  • „ანთებული ლამპა“ (The Trimmed Lamp, 1907) — მოთხრობების კრებული
  • „დასავლეთის გული“ (Heart of the West, 1907) — მოთხრობების კრებული
  • „ქალაქის ხმა“ (The Voice of the City, 1908) — მოთხრობების კრებული
  • „კეთილშობილი ყალთაბანდი“ (The Gentle Grafter, 1908) — მოთხრობების კრებული
  • „ბედისწერის გზები“ (Roads of Destiny, 1909) — მოთხრობების კრებული
  • „ვარიანტები“ (Options, 1909) — მოთხრობების კრებული
  • „მხოლოდ ბიზნესი“ (Strictly Business, 1910) — მოთხრობების კრებული
  • „კარუსელი“ (Whirligigs, 1910) — მოთხრობების კრებული
  • „ექვსიანები და შვიდიანები“ (Sixes and Sevens, 1911) — მოთხრობების კრებული
  • „მგორავი ქვები“ (Rolling Stones, 1912) — მოთხრობების კრებული
  • „ცოლები და მაწანწალები“ (Waifs and Strays, 1917) — მოთხრობების კრებული

ეკრანიზაცია რედაქტირება

  • O. Henry's Full House (1952)
  • The Ransom of Red Chief (1959)
  • «Деловые люди» (1963)
  • «Трест, который лопнул» (1982)
  • «Чертёнок с пушистым хвостом» (мультфильм, 1985)
  • The Ransom of Red Chief (1998)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Henry, O. // The Enciclopædia Britannica: New Volumes — 12 — London, NYC: 1922.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  7. 7.0 7.1 filmportal.de — 2005.
  8. 8.0 8.1 NCpedia
  9. 9.0 9.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  10. 10.0 10.1 10.2 Левидова И. М. О. Генри // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1962. — Т. 5.
  11. 11.0 11.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
  12. 12.0 12.1 GeneaStar
  13. 13.0 13.1 Babelio — 2007.
  14. 14.0 14.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 The Fine Art Archive — 2003.
  16. 16.0 16.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118639536 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  18. Chisholm, Hugh, ed. (1922), O. Henry, Encyclopædia Britannica (12th ed.). London & New York.
  19. Biography: O. Henry, North Carolina History. Retrieved March 10, 2014.
  20.  О. Генри. Собрание сочинений, Том 1, Москва, 2006; Примеч. А. Старцева, стр. 536.
  21. Malcolm D. MacLean (Summer 1968), O. Henry in Honduras, American Literary Realism, 1870-1910. 1 (3): 36-46
  22. O. Henry, Cabbages and Kings, New York: Doubleday, Page & Co. for Review of Reviews Co., 1904; p. 312
  23. Jim Schlosser, Please Mr. President, Pardon O. Henry, O. Henry Magazine, October 2013. Retrieved September 26, 2013.
  24. 24.0 24.1 Presidential Pardons: Few from Obama, and None for O. Henry, February 21, 2013. go.bloomberg.com, Retrieved 2014-03-25.
  25. Edith Evan Asbury, For O. Henry, a Hometown Festival, The New York Times, April 13, 1985. Retrieved September 26, 2013.
  26. http://www.ncpedia.org/biography/porter-william-sydney-o Porter, William Sydney (O. Henry), by Edgar E. Macdonald, 1994
  27. Guy Davenport, The Hunter Gracchus and Other Papers on Literature and Art, Washington, D.C.: Counterpoint, 1996
  28. http://query.nytimes.com/ O. Henry on Himself, Life, and Other Things, The New York Times, April 4, 1909, p. SM9.
  29. Guy Davenport, The Hunter Gracchus and Other Papers on Literature and Art, Washington, D.C.: Counterpoint, 1996.
  30. А. Власова, Гай Давенпорт. Три эссе // Иностранная литература, 2007, № 11.
  31. Joseph F. Clarke (1977), Pseudonyms; BCA, p. 83.
  32. С. А. Тихомирова, Б. М. Яворский. Физика. 11 класс: учеб. для общеобразоват. учреждений (базовый и профильный уровни), 3-е изд., стер., Москва: изд-во «Мнемозина», 2012, стр. 55.
  33. 33.0 33.1 33.2 33.3 33.4 http://www.literarytraveler.com/articles/ohenry-and-the-gift-of-the-magi/ O’Henry and The Gift of the Magi, By Mary Pat Musick, April 24, 2006.
  34. Ф. Золотаревская, О. Генри и его новеллы // Избранные произведения, Москва, 1991.
  35. O. Henry. Selected Stories, New York: Penguin Books, 1993.
  36. 36.0 36.1 36.2 36.3 http://www.privatelife.ru/ Сергей Демкин, Горькая судьба весёлого О’Генри, 2006.
  37. http://www.findagrave.com/cgi-bin/fg.cgi?page=gr&GRid=140002516[მკვდარი ბმული]
  38. Current-Garcia, Eugene (1993), O. Henry: A Study of the Short Fiction (First ed.), New York, New York: Twayne Publishers, Macmillan Publishing Co., p. 123.