ონოსმა (ლათ. Onosma) — მცენარეთა გვარი ლაშქარასებრთა ოჯახისა. ორ- ან მრავალწლოვანი უხეშბეწვიანი ბალახები ან ნახევრად ბუჩქებია მთლიანი წაგრძელებული ან ხაზურ-ლანცეტა მჯდომარე ფოთლებით. ყვავილები მილისებრ-გურზისებრია, მოთეთრო ან ყვითელი, იშვიათად ცისფერი ან იისფერი (დაყვავილების შემდეგ ვარდისფერი ან მურა ხდება), შეკრებილია მრავალყვავილიან ხვეულა ყვავილედებში. ნაყოფი მომრგვალო-სამწახნაგა კაკლუჭაა. ცნობილია დაახლოებით 150 სახეობა. უპირატესად გავრცელებული არიან ხმელთაშუაზღვისპირეთის, დასავლეთ და შუა აზიის მშრალ ოლქებში დასავლეთ ჩინეთამდე.[1] საქართველოში გვხვდება რამდენიმე სახეობა, მათ შორის: O. caucasica, O. tenuiflora,[2] O. armeniaca,[3] O. taurica,[4] O. echioides. სუბსტრატების იშვიათი სახეობებისადმი დაკავშირებულობა განაპირობებს ონოსმას რამდენიმე რასის არსებობას. სამკურნალო, საკვები (ცხვისა და მსხვილი რქოსანი საქონლისთვის) და თაფლოვანი მცენარეებია. უმარტივესი ონოსმა (O. simplicissima) გამოიყენებოდა როგორც საღებავი მცენარე.[1]