ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში

ომი დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში — ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი ესპანეთის ბატონობის წინააღმდეგ ამერიკის ესპანეთის კოლონიებში. ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ესპანეთის ბატონობა XVI საუკუნეში დამყარდა. XIX საუკუნის დასაწყისში ესპანეთის ამერიკული კოლონიები შეადგენდა 4 ვიცე-სამეფოს (ახალი ესპანეთი (მექსიკა), პერუ, ახალი გრანადა, ლა-პლატა) და 4 საგენერალკაპიტნოს (გვატემალა, ვენესუელა, ჩილე, კუბა).


დამოუკიდებლობისათვის ომის რუკა
   როიალისტების რეაქცია
  დამოუკიდებლობის მომხრეთა ტერიტორიები
  დამოუკიდებლობის მომხრეთა ტერიტორიები
   ესპანეთი ნაპოლეონის შემოსევებისას
   ესპანეთი ლიბერალური რევოლუციის დროს

ესპანეთის ამერიკულ კოლონიებს ეკავათ 27 მლნ კმ2, იყო 20 მლნ მცხოვრები, მათ შორის 3000 ათასი ესპანეთში დაბადებული და 3 მლნ კრეოლი. აქ გაბატონებული იყო ფეოდალური ურთიერთობანი. მიწათმფლობელთა ძირითად კლასს შეადგენდნენ ესპანელები, კრეოლები და კათოლიკური ეკლესია.

პიროვნებები

რედაქტირება

წინაპირობები

რედაქტირება

ესპანეთის სამსაუკუნოვანი ბატონობის პერიოდში კოლონიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა სტიქიურ ხასიათს ატარებდა. XVIII-XIX სს. დასაწყისში დამოუკიდებლობისათვის ომში აქტიურ როლს კრეოლები თმაშობდნენ. ნელ-ნელა იქმნებოდა ესპანეთის საწინააღმდეგო ერთიანი ბანაკი - კრეოლები, მეტისები, მულატები, ინდიელები, ზანგები კოლონიზატორთა წინააღმდეგ გამოდიოდნენ. მოხდა აჯანყებები პარაგვაიში 1721-1735 წწ. ვენესუელაში - 1749-1797 წწ. ახალ გრანადაში, ჩილეში, ზემო პერუში. ყველა ეს აჯანყება ჩახშობილ ექნა ესპანელთა მიერ. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეოლოგიის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა დამოუკიდებლობისათვის ომმა ჩრდილოეთ ამერიკაში და საფრანგეთის რევოლუციამ (1789-1794 წწ.).

1809 წელს დაიწყო მღელვარება ჩუკისაკაში (ახლანდელი ქალაქი სუკრე), ლა-პასში და ზემო პერუს (ბოლივიის) სხვა რაიონებში. 1810 წელს ესპანეთის ყველა ამერიკულ კოლონიაში (პერუს გამოკლებით) იფეთქა აჯანყებამ, რომელიც საფუძვლად დაედო დამოუკიდებლობისათვის ომს.

ომის მიმდინარეობა

რედაქტირება

ვენესუელა და ახალი გრანადა

რედაქტირება
 
ფრანსისკო დე მირანდა

1810 წლის 19 აპრილს აჯანყება დაიწყო კარაკასში, რამაც დასაბამი მისცა დამოუკიდებლობისათვის ომს. 1811 წლის 2 მარტს შეიკრიბა ეროვნული კონგრესი, რომელმაც ამავე წლის 5 ივლისს ვენესუელის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო 21 დეკემბერს მიიღეს რესპუბლიკის კონსტიტუცია. 1812 წელს ესპანელებთან შეტევისათვის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა ფრანსისკო მირანდა, მაგრამ მთელი რიგი წარუმატებლობების გამო იგი თანამდებობიდან გადადგა.

თითქმის ერთდროულად ვენესუელასთან ერთად ეროვნულ-განმათავისუფლებელ ომში ჩაება ახალი გრანადა (ახლანდელი კოლუმბია), 1810 წლის 20 ივლისს დედაქალაქ ბოგოტაში დაიწყო აჯანყება და 1811 წლის 30 მარტს გამოცხადდა „კუნდინამარკის სახელმწიფოს“ შექმნა, რომლის პრეზიდენტიც გახდა ანტონიო ნარინიო. დანარჩენი პროვინციები 1811 წლის ნოემბერში გაერთიანდნენ ახალი გრანადის გაერთიანებული პროვინციების კონფედერაციაში, რომლის დედაქალაქიც გახდა კარტახენა. კუნდინამარკისა და კონფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით გათავისუფლდა ვენესუელის დიდი ნაწილი და 1813 წელს გამოცხადდა ვენესუელის მეორე რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში სიმონ ბოლივარი ჩაუდგა. 1816 წლის მაისში ესპანეთის ძალებმა აღადგინეს ესპანელების მმართველობა ახალ გრანადაში.

რიო-დე-ლა-პლატა

რედაქტირება

1810 წლის 25 მაისს რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოს დედაქალაქ ბუენოს-აირესში, პატრიოტებმა გადააყენეს ვიცე-მეფე ბალთასარ კისნერესი (მაისის რევოლუცია) და დააფუძნეს დროებითი სამთავრობო ხუნტა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კ. საავედრა. 1811 წლის მაისში პარაგვაიშიც გაუქმდა კოლონიალური ადმინისტრაცია, ხოლო 1813 წელს დამყარდა რესპუბლიკური წყობილება. 1814 წელს რესპუბლიკის უმაღლესი დიქტატორი გახდა ხოსე გასპარ ფრანსია. ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ჩაერთო აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობაც (დღევანდელი ურუგვაი) ხ.ხ. არტიგასის ხელმძღვანელობით.

1810 წლის 18 სექტემბერის დაამხეს ჩილეს გენერალ-კაპიტანი და ხელისუფლების სათავეში მოვიდა სამთავრობო ხუნტა. 1811 წელს მოიწვიეს ეროვნული კონგრესი, რომლის წევრთა უმრავლესობაც პროესპანური ორიენტაციისა იყო, რის გამოც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ხელმძღვანელმა ხოსე მიგელ კარერამ დაითხოვა კონგრესი და ძალაუფლება ხელში აიღო, თუმცა კარერას დიქტატურამ გარკვეულწილად შეასუსტა პატრიოტული ძალების რიგები და 1815 წლისათვის რესტავრირებულ იქნა კოლონიალური რეჟიმი.

 
მიგელ იდალგოს ძეგლი ქ. დოლორეს-იდალგოში, მექსიკა

ახალ ესპანეთში (მექსიკა) აჯანყება დაიწყო 1810 წლის 16 სექტემბერს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სოფლის მღვდელი მიგელ იდალგო. აჯანყება მთელ ქვეყანას მოედო, იდალგომ კოლონიალისტებს წაუყენა ულტიმატუმი, ათი დღის განმავლობაში გაეთავისუფლებინათ ყველა მონა. ესპანელებმა იდალგოს დანებებისკენ მოუწოდეს და შეწყალება აღუთქვეს, რაზეც იდალგომ უპასუხა: „შეწყალება? - შეწყალება დამნაშავეებს სჭირდებათ და არა სამშობლოს დამცველებს!“. იდალგოს აჯანყება ესპანელებმა ჩაახვშეს თვით იდალგო დაატყვევეს და 1811 წელს დახვრიტეს. მისი საქმე კი განაგრძო ხოსე მორელოსმა და სერიოზულ წარმატებებსაც მიაღწია. 1813 წლის 6 ნოემბერს ეროვნულმა კონგრესმა გამოაცხადა ახალი ესპანეთის დამოუკიდებლობა, ხოლო 1814 წლის 22 ოქტომბერს მიიღო კონსტიტუცია, რომელმაც გააუქმა მონობა და სიკვდილით დასჯა. ახალი კონსტიტუცია აცხადებდა სიტყვისა და ბეჭდვის თავისუფლებას. მაგრამ 1815 წლის ბოლოსათვის მორელოსი დააპატიმრეს და 22 დეკემბერს დახვრიტეს. 1815 წლის ბოლოსათვის ესპანელებმა შეძლეს თითქმის ყველგან (რიო-დე-ლა-პლატის გამოკლებით) აღედგინათ თავიანთი ბატონობა.

ვენესუელა და ახალი გრანადა (1816-1822)

რედაქტირება

1816 წელს სამხრეთ ამერიკაში დაიწყო დამოუკიდებლობისათვის ომის მეორე ეტაპი. 1816 წელს დამოუკიდებლობისათვის ომის გმირმა, სიმონ ბოლივარმა გამოაცხადა მონობის გაუქმება, 1817 წელს კი ლიანეროსებს (დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მონაწილეებს) მიწის ნაკვეთების დარიგება აღუთქვა. 1817-1818 წლების განმავლობაში მან გაათავისუფლა ვენესუელის მნიშვნელოვანი ნაწილი. 1819 წლის 15 თებერვალს ქალაქ აგნოსტურეში (სიუდად-ბოლივარი) შეკრებილმა ეროვნულმა კონგრესმა კვლავ გამოაცხადა ვენესუელის დამოუკიდებლობა, რის შემდეგაც ბოლივარის არმია გადავიდა ანდების ქედზე და 1819 წლის 7 აგვისტოს მდინარე ბოიაკასთან მოიპოვა გამრჯვება ესპანელებზე, რის შემდეგადაც შევიდა ბოგოტაში და დაამთავრა ახალი გრენადის გათავისუფლება. დეკემბერში აგნოსტურეს კონგრესმა მიიღო კანონი ვენესუელის ახალი გრენადისა და კიტოს (ეკვადორი) ფედერაციულ რესპუბლიკად გაერთიანების შესახებ, რომელსაც დიდი კოლუმბია უწოდეს. 1821 წელს მიიღეს კოლუმბიის კონსტიტუცია და პრეზიდენტად აირჩიეს სიმონ ბოლივარი.

რიო-დე-ლა-პლატა, ჩილე და პერუ (1816-1822)

რედაქტირება
 
ხოსე სან-მარტინი აცხადებს პერუს დამოუკიდებლობას

კონტინენტის სამხრეთში რიო-დე-ლა-პლატის გაერთიანებული პროვინციების კონგრესმა 1816 წლის 9 ივლისს, ტუკუმანში დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აღნიშნულ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა ხოსე სან-მარტინმა, რომელიც ყოველივე ამის შემდეგ ანდების ქედის გავლით გადავიდნენ ჩილეში და 1817 წლის 12 თებერვალს ჩაკაბუკოსა და 1818 წლის 5 აპრილს მაიპუსთან გაანადგურეს ესპანეთის ჯარები. 1818 წლის 12 თებერვალს კი ჩილეს უზენაესმა მმართველმა ბერნარდო ო'ჰიგინსმა გამოცხადდა ქვეყნის დამოუკიდებლობა.

1820 წლის სექტემბერში სან-მარტინის ჯარები შევიდნენ პერუში და 1821 წლის ივლისისათვის გაათავისუფლეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი. ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა ლიმაში 1821 წლის 28 ივლისს და სან-მარტინი გახდა ახალი სახელმწიფოს „პროტექტორი“.

ახალი ესპანეთი და ცენტრალური ამერიკა (1816 - 1824)

რედაქტირება

მორელოსისა და იდალგოს სიკვდილით დასჯამ არათუ შეანელა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, არამედ უფრო გააღვივა. ახლა მოძრაობის სათავეში კონსერვატორული ელიტა მოექცა აგუსტინ იტურბიდეს ხელმძღვანელობით. 1821 წლის 28 სექტემბერს მათ გამოაცხადეს მექსიკის იმპერიის დამოუკიდებლობა. 1822 წლის მაისში იტურბიდემ საკუთარი თავი მექსიკის იმპერატორ ავგუსტინ I-ად გამოაცხადა. თუმცა იმპერია უდრეური აღმოჩნდა 1823 წელს მისი კრახის შემდეგ მექსიკა კვლავ რესპუბლიკურ მმართველობაზე გადავიდა, რაც დამტკიცდა კიდეც 1824 წლის კონსტიტუციით.

მას შემდეგ, რაც ლათინური ამერიკის ძირითადმა კოლონიებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს განმათავისუფლებელი მოძრაობა გააქტიურდა გვატემალის გენერალ-საკაპიტნოში. 1821 წლის 15 სექტემბერს გვატემალის კრეოლმა მოსახლეობამ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია და 1823 წელს გაწევრიანდა იტურბიდეს იმპერიის დაცემის შემდეგ წარმოქმნილ ახალ სახელმწიფოში ცენტრალური ამერიკის შეერთებული პროვინციების ფედერაციულ რესპუბლიკაში (რომელსაც 1824 წლის კონსტიტუციით ეწოდა ცენტრალური ამერიკის ფედერაცია).

პერუ (1824-1826)

რედაქტირება
 
ბრძოლა აიაკუჩოსთან

1824 წლის 6 აგვისტოს სიმონ ბოლივარმა ესპანელები ხუნინთან დაამარცხა, ხოლო 9 დეკემბერს აიაკუჩოს დაბლობზე ესპნელები გაანადგურა კოლუმბიის არმიამ ანტონიო ხოსე სუკრეს მეთაურობით. 1825 წელს გამოცხადდა ზემო პერუს დამოუკიდებლობა და ეწოდა ბოლივია.

1825 წელს კაპიტულაცია გამოაცხადა ესპანეთის სან-ხუან-დე-ულუას გარნიზონმა (მექსიკაში), ხოლო 1826 წლის 26 იანვარს კალიაოს პორტის უკანასკნელი ესპანური გარნიზონიც დანებდა პატრიოტებს.

ომის შემდეგ

რედაქტირება
 
ლათინური ამერიკის დამოუკიდებელი სახელმწიფოები

1810-1826 წწ. ომმა დამოუკიდებლობისათვის ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში მოსპო (გარდა კუბაში და პუერტო-რიკოში) ესპანელების ბატონობა და წარმოიქმნა რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო: მექსიკის შეერთებული შტატები, ცენტრალური ამერიკის ფედერაცია, კოლუმბია, პერუ, ბოლივია, ჩილე და არგენტინა. ურუგვაელებმა მხოლოდ 1828 წელს შეძლეს მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება