ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნინო გვეტაძე (დ. 1981, 14 ოქტომბერი, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი, იგი არის ქართული საფორტეპიანო სკოლის აღზრდილი. 1996 წელს დაამთავრა ნიჭიერთა ათწლედი, 2003 წელს კი ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ნოდარ გაბუნიასა და ნანა ხუბუტიას ხელმძღვანელობით. თბილისში სწავლის წლებს ნინო დიდი სითბოთი იგონებს: „ყოველთვის უსაზღვროთ მადლიერი ვიქნები ჩემი პედაგოგების, ვერონიკა თუმანიშვილის, ნოდარ გაბუნიას და ნანა ხუბუტიასი, რადგან მათგან შეძენილი ცოდნა და მყარი საფუძველი დღესაც ძალიან მეხმარება“, – ამბობს პიანისტი.

2004 წელს ნინო გვეტაძე, ნოდარ გაბუნიას ქალიშვილის, ნატო გაბუნიას დახმარებით, გაემგზავრა ნიდერლანდებში და ჩაირიცხა ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში. ჰააგაში მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ამსტერდამის კონსერვატორიაში, რომელიც 2010 წელს დაასრულა. სტუდენტობის დროს იგი არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა. ნიდერლანდებში ექვსი თვის ჩასული იყო, როდესაც ახალგაზრდა პიანისტთა ნაციონალურ კონკურსში გაიმარჯვა, I პრემია და გრანპრი მოიპოვა. ამ წარმატების შემდეგ ნინოს კარიერა აღმავალი გზით წარიმართა. 2008 წლის აპრილში, ქალაქ უტრეხტში, ფერენც ლისტის სახელობის V საერთაშორისო კონკურსში მიენიჭა მეორე პრემია და დაჯილდოვდა პრესისა და მაყურებლის სიმპათიის სპეციალური პრიზით. ამ გამარჯვების შემადგენელი ნაწილია 2008 წლის საკონცერტო ტურნე: იგი მიიწვიეს ფერენც ლისტის ფესტივალზე ქალაქ კიტოში და ბეირუთის საფორტეპიანო მუსიკის ფესტივალზე. 2008–2009 წლების საკონცერტო სეზონში შედგა, აგრეთვე, ნინოს დებიუტი ფლამანდიის რადიო–ორკესტრთან ცნობილი შვეიცარიელი კომპოზიტორისა და დირიჟორის მიშელ ტაბაჩნიკის ხელმძღვანელობით, სადაც მან შეასრულა ბრამსის 2 საფორტეპიანო კონცერტი.

2010 წელს ნინო გვეტაძე გახდა ბორლეტი–ბუიტონის პრემიის ლაურეატი (2010 - Borletti-Buitioni Trust), რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ ფონდს ცნობილი იაპონელი პიანისტი მიცუკო უშიდა უდგას სათავეში.

მუსიკოსმა გასტროლებით წარმატებით მოიარა: გერმანია, საფრანგეთი, სირია, ეკვადორი და სხვა; იგი თანამშრომლობს მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, როგორებიც არიან მიშელ პლასონი, იანი–ნეზეთ სეგანი, მიშელ ტაბაჩნიკი, ჯონ აქსელროდი და იაპ ვან ზეედენი; უკრავს როტერდამის, ჰააგის, რაინის, სეულისა და ბრუსელის ფილარმონიულ ორკესტრებთან და მალერის კამერულ ორკესტრთან ერთად. მის რეპერტუარშია, როგორც უცხოური: ბახი, ვენის კლასიკოსები, რაველი, XX საუკუნის კომპოზიტორები, ასევე ქართული ნაწარმოებები: ნოდარ გაბუნია „მოწაფის დღიური“, „მიძღვნა“ და სხვა.

ნინო გვეტაძის მეუღლეა კლარნეტისტი ლევან ცხადაძე. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი - მარიამი. ნიდერლანდებში ცხოვრობენ, მაგრამ საქართველოში ხშირად ჩამოდიან და ყოველთვის დიდი სიამოვნებით უკრავენ. 2011 წლის მაისში თბილისში გამართული მათი ერთობლივი კონცერტი ჩაიწერა და გადასცა ცნობილმა ფრანგულმა მუსიკალურმა ტელეარხმა MEZZO-მ, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა კავკასიის მასშტაბით. 2013 წელს ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (ვახტანგ კახიძის დირიჟორობით), ნინომ შეასრულა იოჰანეს ბრამსის „კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის“ და „ნომერი 2 სიმფონია“. ამავე წელს მონაწილეობდა ყოველწლიურ ფესტივალში „ჭიათურის მუსიკის აკადემია“. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ შემაჯამებელ კონცერტში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრთან (საქართველოს სინფონიეტა) ერთად პიანისტმა შეასრულა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ნაწარმოებები. საღამოს უდირიჟორა მაესტრო გოგი ჭიჭინაძემ.

მუსიკის კრიტიკოსები ყოველთვის გამოყოფენ ნინო გვეტაძის ოსტატობას, მის საოცარ გემოვნებას, მაღალი ხარისხის პიანიზმს, რაც, რა თქმა უნდა, სოლო თუ ანსამბლური ჟღერადობის საყრდენიცაა და ნაწარმოების შესრულების საფუძველიც. „დაბადებული პიანისტად, დაჯილდოებული ადამიანის გულთან საუბრის უნარით“, – ასეთი შეფასება მიიღო ნინომ ერთ–ერთი უცხოელი კრიტიკოსისაგან.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 110
  • ქართველი მუსიკოსები საზღვარგარეთ : ნინო გვეტაძის შესახებ მუსიკა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი. - თბილისი, 2009. - N2-3. - გვ. 44

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინო_გვეტაძე“-დან