ნესტორ კალანდარიშვილი
ნესტორ კალანდარიშვილი, პაპა ნესტორი, ციმბირელი პაპა (26 ივნისი, 1874, კვირიკეთი; — 6 მარტი, 1922, იაკუტსკი) — ქართველი ანარქისტი და რევოლუციონერი, რუსეთის სამოქალაქო ომის მონაწილე. მოღვაწეობდა ციმბირში. ციმბირის ისტორიაში შევიდა სახელებით: ,,ციმბირელი პაპა” და ,,პაპა ნესტორი”. მისი სახელობის ქუჩები დღემდე არსებობს ციმბირის ქალაქებში: კიახტა, ირკუტსკი, იაკუტსკი, ულან-უდე, კანსკი და ლენსკი.
ნესტორ კალანდარიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
26 ივნისი, 1874 კვირიკეთი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
6 მარტი, 1922 იაკუტსკი, რსფსრ |
დაკრძალულია | ირკუტსკი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები | საბრძოლო წითელი დროშის ორდენი (1921) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ კვირიკეთში, გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. მის გარდა ოჯახში იყო კიდევ ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი. რვა წლის ასაკში ნესტორი შეიყვანეს ადგილობრივ სასოფლო სკოლაში. მასწავლებლის მეშვეობით, რომელმაც შეამჩნია ბავშვის ნიჭიერება და განათლებისკენ სწრაფვა, ის შეიყვანეს ქუთაისის გიმნაზიაში, სადაც მიიღო დაწყებითი განათლება. შემდეგ კი სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო სემინარიაში. 1895 წელს განაგრძო 2 წლიანი სამხედრო სამსახური მეფის არმიაში. დემობილიზაციის შემდეგ ნესტორმა გააგრძელა სწავლა. 1900 წელს მოხვდა ესერების წრეებში და მათი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა.სწავლის პერიოდში მოღვაწეობდა მოსწავლეების არალეგალური წრეების მუშაობაში, ეწეოდა რევოლუციის პროპაგანდას გლეხებსა და ჯარისკაცებს შორის. რევოლუციური მოღვაწეობისთვის 1903 წელს გარიცხეს სემინარიიდან.
1903 წელს კალანდარიშვილმა დაამთავრა ესერების არალეგალური სამხედრო მზადება „კავალერისტის“ განხრით. კალანდარიშვილი წავიდა ბათუმში და იქ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1903 წელს გადავიდა სოხუმში და მთლიანად ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1904 წელს კალანდარიშვილს გული აუცრუვდა ესერებზე და გადავიდა სოციალისტ-ფედრალისტებთან. მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციაში ბათუმსა და გურიაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ ემალებოდა ცარისტულ პოლიციას ქუთაისში. ქუთაისის თეატრში კალანდარიშვილი დაუახლოვდა ანარქისტებს და დატოვა სოციალ-ფედერალისტთა პარტია. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა რევოლუციისთვის საჭირო იარაღის შეძენას საზღვარგარეთ და გადმოტვირთვას ამიერკავკასიის შავი ზღვისპირა ნავსადგურებში. ერთ-ერთი პარტიის გადმოტვრითვის დროს შეიპყრეს და ჩასვეს ციხეში ბათუმში. თბილისის, ქუთაისის, სოხუმის, ოდესის, ქერჩისა და კიევის ციხეების მოვლის შემდეგ კალანდარიშვილს მიუსაჯეს მუდმივი გადასახლება ციმბირში 1907 წელს.
1908 წელს ის უკვე ირკუტსკის ციხეში იყო, მაგრამ ციხიდან გაიქცა. სურდა გადასულიყო იაპონიაში, მაგრამ წასვლა ვერ მოახერხა და დარჩა ციმბირში, სადაც ცოლად შეირთო ადგილობრივი ქრისტიანა მკერავალი. მათ ჯვარი არ დაუწერიათ, ამიტომ ქრისტიანა ნესტორის დად ასაღებდა თავს. კალანდარიშვილი მეგობრის დახმარებით მუშაობდა ფოტოაპარატის სახელოსნოში და ასევე ადგილობრივ თეატრში.
კალანდარიშვილი ირკუტსკში დაუახლოვდა ადგილობრივ ანარქისტებს. ეწეოდა აქტიურ აგიტაციას ჩერმხოვსკის მუშებში, სადაც ბევრი ქართველი და ოსი მუშაობდა. 1911 წელს გეგმავდა ტერაქტს ირკუტსკის გენერალ-გუბერნატორის სელივანოვის წინააღმდეგ, მაგრამ ის შეიპყრეს ტერაქტის განხორციელებამდე. 6 თვე გაატარა დაპატიმრებულმა ალექსანდრეს ცენტრალში, მაგრამ სამხილების არარსებობის გამო გაათავისუფლეს და კალანდარიშვილი კვლავ ჩაება არალეგალურ საქმიანობაში. უკანასკნელად კალანდარიშვილი დაიჭირეს 1914 წელს მაგრამ ამჯერადაც გამოუშვეს. აქტიური მონაწილეობა მიიღო რუსეთის 1917 წლის რევოლუციაში. შექმნა წითელარმიელთა კორპუსები. მისი თანამებრძოლები ასევე ქართველები იყვნენ: მიხეილ ასათიანი, იოსებ კიღურაძე, ვანო ხარჩილავა, მიხეილ წერეთელი, გერასიმე ზოიძე.
იმავე წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ციმბირში იმარჯვეს მენშევიკებმა და ესერებმა და 1917 წლის 8 დეკემბერს მოაწყვეს შეიარაღებული ამბოხება ბოლშევიკების წინააღმდეგ. ნესტორ კალანდარიშვლი სერგეი ლაზოსთან და მიხეილ წერეთელთან ერთად იბრძოდა მენშევიკებისა და ესერების წინააღმდეგ. 1918 წლის თებერვალში კალანდარიშვილმა საბჭოთა ხელისუფლების დავალებით ჩამოაყალიბა პირველი კავალერიის დივიზია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბაიკალისპირეთში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებებში. 1918 წლის ივლისში კონტრრევოლუციორნერებმა დაიკავეს ქალაქი ირკუტსკი. კალანდარიშვილმა უკან დაიხია ქალაქ ვერხნე-უდინსკიში და დაინიშნა მესამე საბჭოთა დივიზიის მეთაურად. 1919 წელს კალანდარიშვილი მეთაურობდა საბჭოთა პარტიზანთა რაზმებს გენერალი კოლჩაკის წინააღმდეგ. 1919 წლის ოქტომბერში მისმა რაზმებმა დაიკავეს სოფელი ოლონკი, ხოლო 1920 წლის იანვრის პირველ რიცხვებში აირეს ირკუტსკი. კალანდარიშვილი ოთხჯერ დაიჭრა ირკუტსკის ბრძოლაში.
1920 წლის 12 მაიის კალანდარიშვილი მძიმედ დაიჭრა სადგურ გონგოტთან იაპონელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის იძულებული გახდა, მიეტოვებინა რაზმი და მკურნალობა დაიწყო ვერხნე-უდინსკის სამხედრო ჰოსპიტალში. გონგოტთან ბრძლამ განსაკუთრებულოი სახელი მოუტანა კალანდარიშვილს. მის დივიზიას ეწოდა „გონგოტის კალანდარიშვილის სახელობის კავალერიის დივიზია“ და გადაეცა წითელი დროშა. 1921 წლის 24 სექტემბერს კალანდარიშვილი დაჯილდოვდა საბრძოლო წითელი დროშის ორდენით. 1921 წელს ის დაინიშნა კორეის რევოლუციური ჯარების და შორეული აღმოსავლეთის პარტიზანული რაზმების მეთაურად. 1921 წლის ოქტომბერში დაინიშნა იაკუტიის გუბერნიის შიარაღებული ძალების სარდლად.
ნესტორ კალანდარიშვილი მოკლეს 1922 წლის 6 მარტს იაკუტსკის მახლობლად. დროებით დაკრძალეს იაკუტსკში, ხოლო იმავე წლის სექტემბერში გადაასვენეს ირკუტსკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 326.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფოტოგალერეა
- ფილმი „ციმბირელი პაპა“ დაარქივებული 2016-03-20 საიტზე Wayback Machine.