მირზაჩული

(გადამისამართდა გვერდიდან მშიერი სტეპი)
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ბეთფაყ-დალა.

მირზაჩული, მშიერი სტეპი (უზბეკ. Mirzacho‘l; ყაზახ. Мырзашөл) — ვაკე შუა აზიაში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და ტაჯიკეთში. დიდწილად ტიპური ეფემერული უდაბნოა. მდებარეობს მდინარე სირდარიის მარცხენანაპირეთში, მისი ფერღანის ხეობიდან გამოსვლის ადგილზე, თურქესტანისა და ნურათაუს ქედების დასავლეთი ნაწილის შტოქედების მთისძირში.[1]

მირზაჩული

მდინარე სანზარი, რომლის წყალი უდაბნოს ფარგლებში სარწყავადაა გამოყენებული
კოორდინატები: 40°24′35″ ჩ. გ. 68°21′37″ ა. გ. / 40.40972° ჩ. გ. 68.36028° ა. გ. / 40.40972; 68.36028
ქვეყანა უზბეკეთის დროშა უზბეკეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
ზღვის დონიდან 230–385
ფართობი 10 ათ. კმ²
ნალექები 240 მმ
მირზაჩული — უზბეკეთი
მირზაჩული

მირზაჩული გადაჭიმულია ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე სირდარიის ხეობამდე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ყიზილყუმამდე. ფართობი დაახლოებით 10 ათ. კმ². სიმაღლე 230–385 მ. მდინარე სირდარიას აწყდება 6–20 მ სიმაღლის ბექით. მოსწორებულ სივრცეებს შორის ადგილ-ადგილ გვხვდება დადაბლებებიც, მათ შორის სარდობის ღრმული და სხვა. მირზაჩული განლაგებულია სირდარიის 3 ტერასაზე, რომლებიც აგებულია ლიოსისებრი თიხნარითა და ქვიშნარით, ხოლო სამხრეთ ნაწილში დროებითი ნაკადების პროლუვიური დანალექებით.[2]

კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია. ივლისის საშუალო ტემპერატურა 27,9°C, იანვრის –2,1°С. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 240 მმ წელიწადში მკვეთრი გაზაფხულის მაქსიმუმით. თურქესტანისა და სხვა ქედების მდინარეები სარწყავადაა გამოყენებული. გრუნტული წყლები მდებარეობს მცირე სიღრმეზე. ნიადაგი დიდწილად ღია რუხი, დამლაშებული და მლაშობიანია. განვითარებულია ეფემერული და მლაშობურა უდაბნოს ლანდშაფტი.[2]

გაზაფხულზე მოუხნავ მონაკვეთებზე ჩნდება მრავალფეროვანი ბალახეული მცენარეულობა (ისლი, თივაქასრა და სხვა), რომელიც მაისისთვის ხუნდება, რჩება ცერცვეკალა, ავშანი, მლაშობურა. მირზაჩულის ათვისება მიეკუთვნება XIX საუკუნის ბოლოს. პირველ მსოფლიო ომამდე დაიწყო საირიგაციო არხების აშენება.[3]

სახალხო კომისარების საბჭოს 1918 წლის 17 მაისის დეკრეტით „მორწყვის სამუშაოების ორგანიზაციის შესახებ თურქმენეთში“ გათვალისწინებული იყო მირზაჩულის 500 ათ. დესეტინა მიწის მორწყვა. XX საუკუნეში მის ტერიტორიაზე შეიქმნა არხების ქსელი და მირზაჩული მებამბეობის ერთ-ერთ უდიდეს რაიონად იქცა. მის ფარგლებშია ქალაქები გულისტანი და იანგიერი.[4]

უდაბნოს ადგილობრივი სახელწოდებაა მირზაჩული, სადაც „მირზა“, უზბეკურიდან — „მარზა“ ითარგმნება როგორც „მიჯნა“, „საზღვარი“, ხოლო „ჩული“ — „უწყლო სტეპი“, ესე იგი „სტეპის მიჯნა“. რუსულ ენაში ეს სახელწოდება თავისუფლად იყო კალკირებული როგორც „მშიერი სტეპი“. უფრო ჩრდილოეთით მდებარე სხვა მშიერი სტეპისგან განსასხვავებლად, ამ სტეპის სახელწოდებას ხშირად ერთვის განსაზღვრება სამხრეთი მშიერი სტეპი.[5]

  1. Гвоздецкий Н.А., Михайлов Н.И. Физическая география СССР. Азиатская часть, М., 1963
  2. 2.0 2.1 Краткая географическая энциклопедия. Том 1: М., 1960.
  3. Петров М. П., Пустыни СССР и их освоение, М. — Л., 1964.
  4. Освоение Голодной степи. Сб. ст., М., 1963.
  5. Географические названия мира: Топонимический словарь. — М: АСТ. Поспелов Е.М. 2001.