მუნჯაკი[1] (ლათ. Muntiacus) — ძუძუმწოვარ ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 89–135 სმ, სიმაღლე მინდაოში 40–65 სმ. ფეხები შედარებით მოკლეა, უკანები წინებზე გრძელი; სხეული ჯმუხად გამოიყურება. მამლებს აქვთ მოკლე სწორი რქები მცირე ზომის თვალსზედა და, ზოგჯერ, ორი დამაბოლოებელი გამონაზარდით, ისინი განლაგებულია მაღალ რქის ძირებზე. შეფერილობა ზურგზე მოყვითალო- ან მორუხო-ჟანგმიწოვანია, მუცელზე — მოთეთრო. დედალი მამალზე ღია ფერისაა. გამოყოფენ 4-დან 14-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ინდოსტანში, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ჩინეთში, ინდოჩინეთში, შრი-ლანკაზე, დიდი ზონდის კუნძულებზე (სულავესის გარდა), ხაინანსა და ტაივანზე. მთებში ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე აღწევენ. ბინადრობენ ხშირ ტყეებში წყალსატევთან ახლოს, არ ერიდებიან ანთროპოგენურ ლანდშაფტს. ცხოვრობენ მარტო ან წყვილებად, ზოგჯერ ოჯახებად. იკვებებიან სხვადასხვა ბალახით, ბუჩქების ფოთლებით, ნაყოფებით, სოკოებითა და სხვ. სქესობრივი აქტივობის პერიოდისა და შიშის დროს გამოსცემენ ძლიერ მყეფარე ხმას. გამრავლება გარკვეულ სეზონთან დაკავშირებიული არ არის. მაკეობა დაახლ. 6 თვე გრძელება, იგებს 1, იშვიათად ორ ნაშიერს. დამოუკიდებელ ცხოვრებას მიახლოებით 6 თვისანი იწყებენ, სქესობრივ სიმწიფეს დედალი 7–8 თვეში აღწევს, მამალი — სიცოცხლის 1-ლი წლის ბოლოს. ცოცხლობენ 12–15 წელს. კარგად იტანენ ტყვეობას. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ნადირობის ობიექტები არიან (იყენებენ ხორცსა და ტყავს). IUCN-ის ნუსხის თანახმად, შავი მუნჯაკის (M. crinifrons) მდგომარეობა საგანგაშოა, ხოლო დიდრქება მუნჯაკი (M. vuquangensis) შეფასებულია საფრთხეში მყობ სახეობად.
- ↑ muntjac — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.