მონფორის ციხესიმაგრე
მონფორის ციხესიმაგრე (ებრ. מבצר מונפור) — დღეისთვის დანგრეული ჯვაროსანთა ციხესიმაგრე ზედა გალილეაში, ჩრდილოეთ ისრაელში. მდებარეობს ქალაქ ხაიფადან 35 კმ-ით (22 მილით) ჩრდილოეთით და 16 კმ-ით სამხრეთით (10 მილით) ლიბანის საზღვრიდან. 1230-1271 წლებში მონფორის ციხესიმაგრე ტევტონთა მთავარ რეზდენციას წარმოადგენდა.
მონფორი | |
---|---|
ებრ. מבצר מונפור | |
მდებარეობა | ისრაელი |
სტატუსი | დანგრეული |
ფუნქციური სტატუსი | ციხესიმაგრე |
ინფორმაცია | |
მმართველი ქვეყანა | იერუსალიმის სამეფო |
ისტორია | |
თარიღდება | XII საუკუნის შუა წლები |
გამოყენებაში | XII საუკუნის შუა წლები-1271 |
მონფორის ციხესიმაგრე ვიკისაწყობში |
ციხესიმაგრე შედის ნაჰალ კზივის ნაკრძალში და ერთ-ერთი დიდი ტურისტული ცენტრია, სადაც ტურისტები ჩადიან როგორც ისრაელიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ისტორია
რედაქტირებამონფორი იყო სამხედრო ტევტონთა ორდენის მთავარი ციხესიმაგრე წმინდა მიწაზე. ორდნი დაარსდა გვიან XII საუკუნეში საპორტო ქალაქ აკრაში. ციხესიმაგრე აგებულია ვიწრო, ციცაბო კლდეზე, მდინარე ნაჰალ კზივის სამხრეთ ნაპირზე, ქალაქ ნაჰარიადან 13 კმ-ით (8 მილი) ჩრდილოეთით. წმიდა მიწაზე არსებული ბევრი სხვა ჯვაროსნული ციხესიმაგრეებისგან განსხვავებით, ეს ციხე თავდაპირველად არ აშენებულა სამხედრო მიზნებისთვის. იგი აშენდა ორდენის ზოგიერთი ადმინისტრაციის გადატანისთვის, როგორიცაა არქივი და ხაზინა, აკრადან შედარებით იზოლირებულ ადგილას. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ტევტონთა შევიწროება ტამპლიერთა და ჰოსპიტალიერთა მხრიდან აკრაში, რომლებსაც სურდათ მათი ფინანსების მითვისება.
მას შემდეგ, რაც ჯვაროსნებმა წმინდა მიწა წაართვეს მუსლიმებს 1099 წელს, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ევროპელმა ახალმოსახლეებმა (თვითონ ჯვაროსანთა გარდა) დაიწყეს დასახლება ამ ტერიტორიაზე. ეს მამული მიიღო ფრანგული წარმოშობის მილების კეთილშობილთა ოჯახმა. მათ დაიწყეს მიწების დამუშავება და ფერმერული საქმიანობა. 1187 წელს მუსლიმებმა სალადინის მეთაურობით მოახერხეს ჯვაროსანთა დამარცხება ჰატინის ბრძოლაში და იერუსალიმის აღება. შესაბამისად მონფორიც მაჰმადიანთა ხელში გადავიდა. მუსლიმებმა, ისევე როგორც ჯვაროსნებმა, ვერ დაინახეს განსაკუთრებულობა ამ ციხესიმაგრეში. ეს სასოფლო-სამეურნეო მიწები და ციხე არ წარმოადგენდა სტრატეგიულ ადგილს, რადგან მდებარეობდა ქვეყნის შუაგულში და დაშორებული იყო საზღვრებიდან.
სალადინის გამარჯვებებმა გამოიწვია მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა 1189-1191 წლებში. ინგლისის მეფის, რიჩარდ I-ის მეთაურობით მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა დასრულდა მნიშვნელოვანი ჯვაროსნული გამარჯვებით. ამის მიუხედავად იერუსალიმის სამეფოს ტერიტორიები ბევრად მცირე იყო, ვიდრე სალადინის მიერ მის დაპყრობამდე. ცენტრალური იუდეის და სამარიის მთების დიდი ნაწილი (მათ შორის იერუსალიმი) მუსულმანური კონტროლის ქვეშ იყო. ჯვაროსნები ძირითადად სანაპირო ზოლს და გალილეას მართავდნენ. მას შემდეგ, რაც აკრა ახალ დედაქალაქად გამოცხადდა, მონფორმა მნიშვნელობა შეიძინა, რადგან მისგან 8 მილის დაშორებით მდებარეობდა. ჯვაროსნული ლაშქრობის დროს ციხესიმაგრის დაბრუნების შემდეგ, მილების ოჯახმა იგი ტევტონებს მიჰყიდა 1220 წელს. გერმანელმა რაინდებმა ააშენეს თავდაცვითი ნაგებობები და სამამულო შენობები. ამის შემდეგ მალევე დატოვეს აკრა და მონფორში გადაინაცვლეს (ტამპლიერებთან და ჰოსპიტალიერებთან კონფლიქტის გამო).
მას შემდეგ, რაც ტევტონთა დიდმა მაგისტრმა — ჰერმან ფონ ზალცამ დახმარება სთხოვა პაპ გრიგოლ IX-ს, ამ უკანასკნელმა გაუგზავნა მას დიდი რაოდენობის სახაზინო კონტრიბუცია, აგრეთვე პილიგრიმები და ევროპელი მოქალაქეები, რათა მას დახმარებოდნენ საკუთრების აღდგენაში. ამ კონტრიბუციის დახმარებით ტევტონებმა შეძლეს მონფორის განახლება და ჩინებულ ციხესიმაგრედ ქცევა. გერმანელმა რაინდებმა საკუთარი შტაბი, არქივი და ხაზინა ახალ საკუთრებაში გადაიტანეს 1229 წელს. ამ დროიდან ციხესიმაგრემ შეწყვიტა მხოლოდ ფერმერული საქმიანობა და იქცა ნამდვილ თავდაცვით ნაგებობად მთელი მისი მნიშვნელობით. რაინდებმა გააფართოვეს საფორტიფიკაციო ნაგებობები და ააშენეს ციტადელი ციხესიმაგრის ცენტრში, რომელიც მთავარი შემორჩენილი ნაგებობაა ამ ციხის ნანგრევებში.
1266 წელს, მამლუქებმა ბეიბარსის მეთაურობით ალყა შემოარტყეს ციხესიმაგრეს, მაგრამ რაინდებმა შეძლეს მუსლიმთა უკუგდება. 1271 წელს მამლუქები ისევ მიუბრუნდნენ მონფორს, მას შემდეგ, რაც ქრისტიანული ციხესიმაგრეების უმეტესობა ბეიბარსის ხელში გადავიდა. მათ შეძლეს ციხის კედლის ჩამონგრევა. 15 დღის შემდეგ ციტადელში გამაგრებული ტევტონები დანებდნენ. ჯვაროსნებსა და ბეიბარსს შორის მოლაპარაკების შედეგად, ქრისტიანებმა უსაფრთხოდ დატოვეს ციხე და მთელი ქონებით გაემგზავრნენ აკრაში. 1291 წელს აკრის დაცემის შემდეგ, ტევტონებმა ვენეციაში გადაინაცვლეს.[1]
გალერეა
რედაქტირება-
კედლის შემორჩენილი ნაწილი
-
ციხესიმაგრის მთლიანი ხედი
-
კოშკი
-
თაღი
-
სვეტი
ლიტერატურა
რედაქტირება- Biller, Thomas; Burger, Daniel; Radt, Timm: Montfort und der frühe Burgenbau des Deutschen Ordens. Herausgegeben von Thomas Biller (Forschungen zu Burgen und Schlössern, Sonderband 5), Michael Imhof Verlag, Petersberg 2015, ISBN 978-3-7319-0015-3.
- Boas, Adrian (2008-03-26). „The Montfort Castle, a New Survey“ (120). Hadashot Arkheologiyot – Excavations and Surveys in Israel. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Boas, Adrian (2012-07-19). „The Montfort Castle, 2011“ (124). Hadashot Arkheologiyot – Excavations and Surveys in Israel. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Boas, Adrian; Khamisy, Rabei G. (2013-07-17). „The Montfort Castle, 2012“ (125). Hadashot Arkheologiyot – Excavations and Surveys in Israel. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Shlomo Lotan "The 'River Structure' at the Montfort Castle in the Latin Kingdom of Jerusalem", Analecta Theutonica, Studies for the History of the Teutonic Order 1, 2014, pp. 63–75
- Shlomo Lotan "The Transfer of the Armenian Crown to the Holy Land – A Text Case for the Strength of the Teutonic Military Order in the Latin Kingdom of Jerusalem", Quaestiones Medii Aevii Novae 15, 2010, pp. 323–334
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ პორტალი ჯვაროსნული ლაშქრობები |
- ვრცელი სტატია მონფორის ციხესიმაგრეზე[მკვდარი ბმული] (რუსული)
- მონფორის ციხესიმაგრე საიტზე Jewish Zionist Education დაარქივებული 2007-10-15 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- მონფორის ციხესიმაგრის ისტორია და არქიტექტურა (რუსული)
- როგორ მივიდეთ მონფორის ციხესიმაგრემდე ისრაელში დაარქივებული 2017-02-20 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- სტატია მონფორის ახალი გათხრების შესახებ (რუსული)