ალფრედ დე მიუსე

(გადამისამართდა გვერდიდან მიუსე, ალფრედ დე)
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ალფრედ დე მიუსე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ალფრედ დე მიუსე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.

ლუი შარლ ალფრედ დე მიუსე (ფრანგ. Louis Charles Alfred de Musset; დ. 11 დეკემბერი, 1810, პარიზი — გ. 2 მაისი, 1857, პარიზი) — ფრანგი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, გვიანდელი რომანტიზმის წარმომადგენელი.

ალფრედ დე მიუსე
ფრანგ. Alfred de Musset
დაბადების თარიღი 11 დეკემბერი, 1810(1810-12-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19]
დაბადების ადგილი პარიზი[1] [20] [18]
გარდაცვალების თარიღი 2 მაისი, 1857(1857-05-02)[1] [2] [21] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [22] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი[1] [20] [18]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო[1] [23] [24] და Grave of Alfred de Musset
საქმიანობა მწერალი[25] [19] [26] [27] , პოეტი[1] [18] [19] , დრამატურგი[19] , რომანისტი, ბიბლიოთეკარი და საჭადრაკო კომპოზიტორები
ენა ფრანგული ენა
მოქალაქეობა საფრანგეთი[27]
ალმა-მატერი ანრი IV-ის ლიცეუმი
Magnum opus The Moods of Marianne
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, კონკურ ჟენერალ და მაიე ლატურ ლანდრის პრემია
მეუღლე
პარტნიორ(ებ)ი ჟორჟ სანდი, Caroline Jaubert, Rachel Félix, Louise Rosalie Allan-Despreaux, ლუიზ კოლე და Aimée d'Alton
ხელმოწერა

ბიოგრაფია

ალფრედ დე მიუსე შეძლებულ და განათლებულ ოჯახს ეკუთვნოდა. მისი ბაბუა პოეტი იყო, მამა კი — ლიტერატორი, ჟან-ჟაკ რუსოს სპეციალისტი, რომლის ნაწარმოებებიც თავად გამოსცა. აქედან გამომდინარე, რუსოს შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მომავალ მწერალზეც. ალფრედის ნათლიაც, მიუსე დე კონიერი, რომლის მამულშიც ხშირად ატარებდა არდადეგებს, მწერალი იყო.

18 წლის ასაკში ალფრედი ჰენრი IV-ს კოლეჯში შედის, სადაც დღესაც არსებობს პოეტის ქანდაკება. 1827 წელს მან კოლეჯში ჩატარებულ, ლათინური წერის კონკურსში გაიმარჯვა. ვიქტორ ჰიუგოს სიძის, პოლ ფუშეს დახმარებით, ალფრედ დე მიუსე 17 წლიდან შარლ ნოდიეს სალონის, „სენაკლის“ ხშირი სტუმარი იყო. აქ გაიცნო შარლ ოგიუსტენ სენტ-ბევი და ალფრედ დე ვინი. „სენაკლის“ წევრთა უმეტესობისგან განსხვავებით მიუსე უარს ამბობდა „მეტრად“ აღიარებული ჰიუგოს „თაყვანისცემაზე“.

20 წლის ასაკში მიუსე ცნობილი გახდა თავისი ლექსებით. ამავდროულად სარგებლობდა დენდის რეპუტაციით და მისდევდა თავაშვებულ ცხოვრებას. 1832 წელს მამის გარდაცვალება განსაკუთრებით მძიმედ განიცადა პოეტმა. სწორედ ამ ფაქტმა გადააწყვეტინა მას სერიოზული ლიტერატურული მოღვაწეობის გაგრძელება.

მიუსემ ბედი სცადა თეატრში, მაგრამ პირველივე მცდელობა — ვენეციური ღამე - წარუმატებლად დამთავრდა და მწერალმა გარკვეული პერიოდი თავი დაანება დრამატურგიას. 1832 წელს გამოვიდა მისი პირველი წარმოდგენა სავარძელში, რომელიც შედგება დრამისგან, ფიალა და ბაგეები, კომედიისა, რაზე ოცნებობენ გოგონები?, და აღმოსავლური ზღაპრისგან, ნამუნა. ამ ნაწარმოებში მიუსე გადმოსცემს მტკივნეულ დაპირისპირებას თავზეხელაღებულ ცხოვრებასა და სიწმინდეს შორის. ეს თემა თითქმის მთელ მის შემოქმედებას გასდევს.

სულ მალე მიუსე ჟორჟ სანდთან ერთად გაემგზავრა იტალიაში. ამ მოგზაურობამ შთააგონა მას ლორენზაჩო, რომელიც 1834 წელს დაწერა. ამავე პერიოდში გამოსცა ესპანური და იტალიური ზღაპრები. იტალიაში ყოფნის დროს მიუსეს ავადმყოფობისას ჟორჟ სანდი მისი ექიმის, პიეტრო პაჯელოს საყვარელი გახდა. პარიზში დაბრუნებულმა პოეტმა პიესების დადგმა დაიწყო: სიყვარულს არ ეხუმრებიან, ნუ დაიფიცებ, რომლებიც დღესაც შემორჩა კომედი ფრანსეზის რეპერტუარში. მიუსეს ეკუთვნის ასევე ნოველები და საუკუნის შვილის აღსარება, რომელიც ავტობიოგრაფიულია და ჟორჟ სანდთან მის ურთიერთობას ეძღვნება. 1835-1837 წლებში მიუსე თავის პოეტურ შედევრს, ღამეებს წერს. ეს არის სენტიმენტალური ლექსები, რომლებიც დღეს ფრანგული რომანტიზმის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება.

 
ალფრედ დე მიუსეს საფლავი.

ივლისის მონარქიის პერიოდში მიუსე შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, 1848 წელს თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა, ხოლო მეორე იმპერიის დროს განათლების სამინისტროს ბიბლიოთეკარი გახდა. 1845 წლის 24 აპრილს ალფრედ დე მიუსეს, ბალზაკთან ერთად, ღირსების ორდენი მიენიჭა. 1852 წელს ფრანგული აკადემიის წევრად იქნა არჩეული.

ალფრედ დე მიუსე გარდაიცვალა 1857 წლის 2 მაისს. ამ პერიოდისთვის იგი საზოგადოების მხრიდან შედარებით მივიწყებული იყო. დაკრძალულია პარიზში, პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

მისმა უფროსმა ძმამ, პოლ დე მიუსემ დიდი როლი ითამაშა ალფრედ დე მიუსეს ნაწარმოებების ხელახლა აღმოჩენაში. მან გამოსცა ძმის ბიოგრაფია და მისი შემოქმედების დიდი ნაწილი.

შემოქმედება

მიუსეზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ბაირონმა, უოლტერ სკოტმა, შილერმა (ყაჩაღების გავლენა საგრძნობია ლორენზაჩოზე), ვერტერის პერსონაჟმა ახალგაზრდა ვერტერის ვნებებიდან.

მიუსე და რომანტიზმი

მიუხედავად იმისა, რომ მიუსე რომანტიკოსადაა მიჩნეული, იგი თავად ხშირად აკრიტიკებს ამ მიმართულებას, ამას ადასტურებს 1848 წელს მის მიერ და წერილი პაროდია რომანტიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებზე, მემუარები საიქიოდან, სადაც არა მხოლოდ მის ავტორს, შატობრიანს, არამედ ჰიუგოსაც აკრიტიკებს.

მიუსეს მიაჩნია, რომ ნაპოლეონისდროინდელი ოცნებების გაქარწყლების შემდეგ XIX საუკუნის ადამიანი ბრუნდება ზეცისკენ, რომელიც ცარიელია. ასე რომ, იმედი არც ამქვეყდანაა, მაგრამ მით ნაკლებადაა იმქვეყნად. ამგვარი პესიმიზმით მიუსე ე.წ. „იმედგაცრუებულთა“ თაობის ტიპური წარმომადგენელია. თუმცა ტანჯვის ამგვარი თეორიიდან გამომდინარე, პოეტი მიუთითებს, რომ საჭიროა საკუთარი თავი გახადო ჭეშმარიტი პოეზიის საგანი და სიუჟეტი.

სამაგიეროდ, მიუსე აღფრთოვანებულია XVII საუკუნით, რომელიც მისთვის სრულყოფილების, წონასწორობისა და ლიტერატურის აპოთეოზის საუკუნეა. ამასთან ერთად, მიუსე აღიარებს და ხოტბას ასხამს შექსპირს.

მიუსე და პოლიტიკა

მიუსე უარს ამბობს პოლიტიკურ ანგაჟირებაზე. ჰიუგოსგან განსხვავებით მისთვის პოეტის როლი არ არის ხალხის წინამძღოლობა, არც პოლიტიკური ცხოვრებისა და მოვლენების კომენტირება. იგი უპირატესობას ანიჭებს თავისი დროის, საუკუნის შესახებ ფიქრებს. მას მიაჩნია, რომ პოეტმა უნდა წეროს თავისი თანამედროვეებისთვის და მათ თავიანთ თავზე ელაპარაკოს. მხოლოდ ამ აზრით შიძლება მივიჩნიოთ მიუსეს შემოქმედება პოლიტიკურად.

დრამატურგია

 
მე-19 საუკუნეში გამოცემულიმარიანას კაპრიზების ილუსტრაცია

ცნობილია, რომ პირველი წარმოდგენის მარცხის შემდეგ, მიუსემ გადაწყვიტა საკითხავი პიესების შექმნა. თუმცა მიზეზი მხოლოდ ეს არ უნდა იყოს. წარმოდგენასთან უამრავი შეზღუდვა იყო დაკავშირებული, მით უმეტეს XIX საუკუნის დასაწყისში, რაც ხელს უშლიდა ავტორის შემოქმედებითი უნარის სრულად წარმოჩენას. შეუძლებელი იქნებოდა, მაგალითად, ლორენზაჩოში დეკორაციის განუწყვეტელი ცვლილების წარმოდგენა, ფილიპე სტროცკის სახლში გამართული ნადიმი, როდესაც სცენაზე თავმოყრილია ასზე მეტი ადამიანი და ა.შ. აქედან გამომდინარე ამჯობინა წასაკითხი პიესების წერა. სამაგიეროდ, XX საუკუნიდან დაიწყო მისი დრამატული ნაწარმოებების ირგვლივ მუშაობა და საჭირო რეჟისურის ძიება. მისი ნაწარმოებები ერთგვარ წინამორბედებად წარმოდგება სიმბოლისტი მწერლებისთვის, რომლებმაც არაწარმოდგენად თეატრზე დაიწყეს მუშაობა.

ფანტაზიო

ამ პიესით მიუსეს შემოჰყავს პერსონაჟი, რომელიც შემდგომში მას მარიანას კაპრიზების ოქტავს შთააგონებს. ფანტაზიო ერთდროულად მხიარული და მელანქოლიურია, რაც ძალზე ჰგავს თავად ავტორის ხასიათს. ახალგაზრდა ფანტაზიო უსაქმური არისტოკრატია, რომელიც მეფის ხუმარა ხდება. პრინცესა ელისაბედზე შეყვარებული ცდილობს დააშორის ქალი მის საქმროს, სასაცილო პრინც მანტუს, რომელსაც ყოველთვის დასცინის. ამგვარი დაცინვა ბოლოს დიპლომატიურ ინციდენტს გამოიწვევს და პრინცი დატოვებს სამეფოს. მაგრამ ვალებში ჩავარდნილი და მასხარად ქცეული კეთილშობილი მხოლოდ გადაარჩენს პრინცესას არასასურველი ქორწინებისგან. პიესის ბოლოს არანაირი იმედი არ ჩანს იმისა, რომ მეფის ასული მას დარჩება. იგი ძველებურ ცხოვრებას განაგრძობს, მაგრამ ოქტავისგან განსხვავებით ფანტაზიო არ კარგავს მხიარულებას, ამბის დასასრული არ ცვლის პერსონაჟს.

მარიანას კაპრიზები

ეს მიუსეს ერთ-ერთი პირველი დიდი კომედიაა. ჰიუგოსეული ჟანრების აღრევის თეორია, რომელიც თავად ავტორმა რეალურად ვერ განახორციელა, მიუსემ წარმატებით გამოიყენა თავის დრამატურგიაში, სადაც კომიკური და ტრაგიკული ერთმანეთში ირევა. აქვე იკვეთება შექსპირისეული მოტივი: ქალს შუამავალი შეუყვარდება.

პიესა უპირველეს ყოვლისა სიცილს იწვევს. ყოველი პერსონაჟი, გარდა კოელიოსა და მისი დედის, წარმოადგენს კომიკურ და ტრაგიკულ სახეს ერთდროულად. კლოდიო, სასაცილო და კარიკატურული მოსამსახურე, ბოლოს საშიში აღმოჩნდება და მკვლელადაც იქცევა. ოქტავი, რომელიც პირველად საკარნავალო კოსტიუმში გამოჩნდება და სიტყვამოსწრებული ადამიანი ჩანს, ბოლოს მელანქოლიური პირქუში და გულჩათხრობილი გამოდის. მარიანასათან საუბრების დროს უკვე ჩანს მისი ცინიზმი და სასოწარკვეთილება, რასაც მთლიანად ვერ ფარავს მისი კომიკური ტალანტი. მარიანაც კი, რომელიც მკაცრი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, შეძლებს გაამხიარულოს პუბლიკა, როდესაც ღვინოს და ქალებს ერთმანეთს ადარებს. მაგრამ მთელი პიესის მანძილზე მას მაინც გასდევს მელანქოლოა. აქ სიცილი და ტირილი არა მარტო ენაცვლება ერთმანეთს, არამედ ძალიან ორგანულად არიან ურთიერთშერწყმულნი. პიესაში სამყარო წარმოდგენილია, როგორც თეატრი. პირველივე სცენა კარნავალით იწყება. პერსონაჟები ნიღბებში არიან.

პერსონაჟებიდან ყველას თავისებური მეტყველება ახასიათებს. კოელიო მშვიდად, ნაზად, ეპითეტებით საუბრობს, როდესაც მარიანას სიყვარულს ეხება საქმე, ან როდესაც დედას ელაპარაკება. ოქტავი კი ორატორულ ტალანტს ამჟღავნებს, რათა მარიანას დაყოლიება შეძლოს.

სიყვარულს არ ეხუმრებიან

აქაც კომიკურისა და ტრაგიკულის იგივე მელანჟს ვხვდებით. მიუსეს პერსონაჟ ქალებს შორის კამილა ყველაზე ძლიერი და საინტერესოა. იგი ჟორჟ სანდის პიროვნებითაა შთაგონებული. მასში გამუდმებული ბრძოლა მიმდინარეობს საყვარელი ადამიანის და საკუთარი თავის სიყვარულს შორს, რაც დაღუპავს კიდეც პერსონაჟს. ამაყი პერსონაჟი მერყეობს თავისი გადაწყვეტილების ერთგულების სურვილსა და პერდიკანის მიმართ სიყვარულს შორის.

პერდიკანსა და კამილას შორის დაპირისპირება განასახიერებს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დაპირისპირებას. კამილა ელოდება მარადიულ, აბსოლუტურ გრძნობას, პერდიკანი კი სიმსუბუქისა და ცვალებადობის მომხრეა, რაც სიცოცხლის ძირითად არსს წარმოადგენს. კამილა უგრძნობია მის ირგვლივ გამეფებული მშვენიერების, ბუნების, ბავშვობის ადგილების მიმართ, უარყოფს სიყვარულს ტანჯვის შიშით. პერდიკანი კი ადამიანურ სიყვარულს და მასთან დაკავშირეულ ტანჯვას ირჩევს და ამ ყოველივეს სიცოცხლის სახელით აკეთებს.

სიყვარულთან ასეთმა თამაშმა გამოიწვია სიკვდილი სრულიად უდანაშაულო ადამიანისა, როზეტასი და ერთმანეთს საბოლოოდ დააშორა კამილა და პერდიკანი.

ლორენზაჩო

პიესის მთავარი თემა ინდივიდსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობაა. მიუსეს პერსონაჟებისთვის თითქმის შეუძლებელია სოციალურ წრეში თავიანთი ადგილის პოვნა. ხოლო თუ ეს ადგილი მემკვიდრეობით ერგოთ, მაშინ თავად საზოგადოების აზრის პოვნა ხდება შეუძლებელი. აღსარების ოქტავის მსგავსად ლორენცო თავის ამპარტავნებაში ჩაიკეტება და გაშორდება სამყაროს. მათ არ აქვთ უნარი საზოგადოების ნაწილი გახდნენ.

ლორენცოს პერსონაჟი ძალზე მრავალმხრივია. იგი არის ღვინისა და ქალების მოტრფიალე, ანტიკური სიბრძნის მოყვარული, გადაწყვეტს სამშობლო ტირანისგან გაათავისუფლოს. ლორენცოს პიროვნება თავგზაამბნევია მაყურებლისთვის. პიესის განმავლობაში გმირი გრძნობს ნოსტალგიას ბავშვობის, დაკარგული უმანკოების გამო. ამასთან, იგი ანტიკოსების მიმართ ცინიზმსაც ამჟღავნებს. ერთადერთი, რაც მდგრადია მის პიროვნებაში არის მისი გეგმა, მოკლას ტირანი. მაგრამ მკვლელობისთვის მზადებაში ლორენცოს პიროვნება თითქოს დეგრადირდება. მომავალი მკვლელობის რეპეტიციის დროს იგი თითქოს რაღაც ძალადობრივ რიტუალს ატარებს. მისი ყვირილი, უხეში სიტყვები უფრო მანიაკს წარმოაჩენს. მაგრამ მკვლელობა სულ სხვაგვარად ხდება. სიკვდილი და სიყვარული თითქოს ერთმანეთში ირევა. ალექსანდრეს მკვლელობა ქორწინების სურათს წააგავს. ტირანი სიკვდილთან ისე მიდის, რომ დარწმუნებულია, საყვარელ ქალთან პაემანზე მიდის. როდესაც კატრინას მაგივრად ლორენცოს დაინახავს, ნაზად ჰკითხავს: ეს შენ ხარ რენცო? ამ დროს იგი მოფერებით სახელს ხმარობს. მისი რეალური მკვლელობის სცენა რეპეტიციისგან სრულიად საპირისპირო აღმოჩნდება. ატმოსფერო რომანტიკულია: ღამე, მთვარის შუქით ოდნავ განათებული, საყვარლის ლოდინი და ყოველივე ეს თავდება სიკვდილით.

თუკი ლორენცო თავიდან დარწმუნებულია, რომ კაცობრიობის სიკეთისთვის იბრძვის, თანდათან ხვდება, რომ კაცობრიობა იმაზე უარესია რაც ჩანს. იგი ამბობს:

 
„ჩემი გავლისას ღარიბი დედები პირბადეს ხდიდნენ ქალიშვილებს და მათ სილამაზეს მიჩვენებდნენ, რათა ისევე, როგორც იუდამ გაყიდა ქრისტე, რამდენიმე ვერცხლად, ჩემგანაც მიეღოთ ფული. მე კი ამ დროს გაცოფებული ვუჭერდი ხელს ჩემს ჯიბეში ბოროტ ოქროს მონეტებს.“

რესპუბლიკელებმაც, რომელთათვისაც ეს მკვლელობა ყველაზე კარგი შანსი იყო, ვერ გამოიყენეს იგი. ლორენცო თავიდანე გამოხატავს დაუძლეველ ზიზღს რესპუბლიკელთა ერთი ცუდი ტენდენციისადმი, რომელზეც ფილიპე სტროცი განაცხადებს: ლაპარაკობს და არ მოქმედებს.

ლორენცო ხვდება, რომ პოლიტიკურად მისი ჩანაფიქრი ამაო იქნება. ამ მხრივ მისი საქციელი სრულიად უანგაროა. ეს მკვლელობა ერთადერთია, რაც ცხოვრებაში დარჩა: "ორი წელია ქვიან კლდეზე ავდივარ და ეს მკვლელობა ერთადერთი ხავსიანი ადგილია, ხელის ჩავლება რომ შემიძლია. ეს ჩემი ცხოვრების გამოცანაა და მას სიჩუმეში ხომ არ დავმარხავ?" ლორენცო კლავს სიამაყის გამო, "არსებობის სიძნელის" გამო. ალექსანდრეს მკვლელობის შემდეგ კი იგი დაკარგავს ცხოვრების ერთადერთ აზრს. ამდენად, რომანტიკული გმირი "ლორენცო" გადაიქცევა მკვლელ "ლორენზაჩოდ". თუმცა მისი ეს მოქმედება ერთგვარი თვითმკვლელობაცაა.

პოეზია

პირველი ლექსები

თავისი თანამედროვეებისთვის ალფრედ დე მიუსე უპირველეს ყოვლისა პოეტი იყო. მისი ლექსების პირველი კრებულის, პირველი ლექსების დასაწყისი ტექსტები ხმელთაშუაზღვისპირეთის სერათებს ხატავს: ეს ადგილები რომანტიოსებისთვის ყოველთვის ძლიერ ვნებებთან და ძალადობასთან ასოცირდებოდა. აქ ვხვდებით ცოლ-ქმრული ღალატის, ეჭვიანობის, შურისძიების ამბებს. დიდი ადგილი უჭირავს ბაირონის თემასაც. ბაირონისეული ბრწყინვალე და ამაყი გმირი განსაკუთრებით ხიბლავს ახალგაზრდა მიუსეს. მას ვხვდებით ნამუნაში, რაც ბაირონის დონ ჟუანისადმი ერთგვარ პასუხს წარმოადგენს. მიუსეს რომანტიზმი განსხვავდება პირველი თაობის რომანტიკოსებისგან. პირველ ლექსებში, განსაკუთრებით რაფაელის საიდუმლო ფიქრებში, რომანტიკული ჩარჩოებისადმი ერთგვარი ირონიია მოცემული.

ავტორის შთაგონების ცენტრშია ქალი. ეს არ არის ლამარტინისეული ელვირას სრულყოფილი და წმინდა სახე, არც შეყვარებული წყვილის ხოტბაა და არც საყვარელ ქალთან ყოფნით გამოწვეული ბედნიერება. მიუსესთან ყოველთვის ხდება რაიმე დრამატული მოვლენა, რაც ბოლოს უღებს გმირის ოცნებებს და ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს. ქალი არ არის პოეტის იდეალური თანამგზავრი ან სინანულის საგანი. ქალი ხელს უშლის პოეტს სიმშვიდის პოვნაში. მხოლოდ შემთხვევით, მაგალითად კურტიზან ქალებს(ჟიულისადმი) შეუძლიათ მისთვის დროებითი სიმშვიდის, დავიწყების მოტანა. ქალის ამგვარი ხედვა ძალიან შორსაა რომანტიკული იდეალისაგან. მიუსესთან შემოდის ქალის ორაზროვანი პორტრეტი, ერთდროულად მაცდუნებელი და დემონური, რომელიც პოეტს ხელს უშლის წერაში და აშორებს სამუშაოსგან; მეორე მხრივ კი ანგელოზური, შთამაგონებელი და ნუგეშისმცემელი მუზა. ქალის სახის ამგვარი ხედვით მიუსე ბოდლერს უფრო უახლოვდება.

პირველ ლექსებში იკვეთება ერთგვარი ძალადობის ტენდენციაც. „ესპანეთისა და იტალიის ამბებში“ მოთხრობილია სიკვდილის, ეჭვიანობის, მკვლელობის, მოწამვლის, შეყვარებულთა თვითმკვლელობის სცენები. ამას ემატება ტონის დრამატულობა. მიუსე ბევრ ადგილზე წყვეტს ალექსანდრინს რათა წარმოაჩინოს პერსონაჟის პანიკა და ატმოსფეროს დაძაბულობა.

პირველ ლექსებში გვხვდება, როგორც დრამატული ტექსტები (რაზე ოცნებობენ ქალიშვილები), ასევე სონეტები, მოკლე, კლასიკური ფორმის ლექსები, გრძელი ნარაციული ტექსტები. ეს ყოველივე მიუსეს პოეზიას წარმოადგენს როგორც თეატრსა და მოთხრობას შორის გარდამავალ ჟანრს. პოეზია მიუსესთან განისაზღვრება, როგორც მიდგომა, დამოკიდებულება, ლიტერატურული პოსტულატი და არა როგორც სპეციფიკური ფორმის არჩევანი.

ახალი ლექსები

ახალი ლექსები იწყება მეტაფიზიკური პოემით როლა. შემდეგ კი მოდის ღამის ციკლი: მაისის ღამე, დეკემბრის ღამე, აგვისტოს ღამე და ოქტომბრის ღამე. აქედან სამი იღებს პოეტსა და მუზას შორის დიალოგის ფორმას. მთავარი თემაა პოეტური მუშაობა: სიზარმაცესა და მოვალეობას შორის დაპირისპირება. მაისის ღამედან მიუსე თავს ანებებს აღწერილობით პოეზიას და და გადადის უფრო ინტიმურ, პირადი ტკივილების გამომხატველ პოეზიაზე. დეკემბრის ღამეში წარმოდგენილია პოეტის ორეული. აგვისტოს ღამეს შემოაქვს მიუსესთვის ძალიან ახლობელი, სიზარმაცის თემა, რომელიც პოეტს უბიძგებს გართობისკენ, ახალ-ახალი გატაცებებისკენ და ამგვარად აცდენს სამუშაოს. ოქტომბრის ღამე აღწერს ქალების ღალატს, პოეტის სასოწარკვეთას, რის გამოც იგი უბრუნდება წერას, რაც დარდის გამოხატვის საუკეთესო საშუალება და ამასთანავე პოეტის ერთადერთი მოვალეობაა.

 
ჟორჟ სანდი, 1835

მიუსეს პოეზიის დიდი ნაწილი ჟორჟ სანდთან მისი ურთიერთობის გამოძახილია. მაგ. მოგონებას საფუძვლად დაედო სანდთან თეატრის კულუარებში შეხვედრა. პოეტი ყველანაირი ღვარძლის გარეშე იხსენებს სასიყვარულო თავგადასავალს. მართალია, მიუსეს პოეზიაში სანდის გარდა სხვა ქალებთან კავშირიცაა არეკლილი, მაგრამ ჟორჟ სანდის ღალატის შემდეგ ქალთან ურთიერთობა დაღდასმულია უნდობლობითა და პესიმიზმით. წმინდა და გულწრფელი სიყვარული კი მხოლოდ სამარის კართან ახლოს მდგომ ადამიანს ეწვევა: მაგ. სილვიაში, სადაც გოგონა, რომლის საქმროც ყვავილით მოწამლული კვდება, გადაწყვეტს დაამტკიცოს თავისი უბიწოება და თავადაც შეჭამს ამ მცენარეს, რათა სიკვდილის შემდეგ მაინც შეუერთდეს საყვარელ ადამიანს. ასევეა მარიონი, მეძავი ქალი როლადან, რომელიც საყვარელ ადამიანს გაკოტრებისგან დასახსნელად თავის ერთადერთ ყელსაბამს სთავაზობს, თუმცა გმირი ბოლოს მაინც იღუპება. მიუსესთვის წმინდა არსებებს დედამიწაზე ადგილი არა აქვთ.

როლაში პოეტი მეტაფიზიკურ თემატიკას განავითარებს. მთავარი პერსონაჟი თანამედროვეობას მიმართავს: ჩვენ, ღმერთის მკვლელებს, რაღა დაგვრჩენია, რისთვის ვკვეთთ ქრისტეს მისსავე საკურთხეველზე? საუკუნემ დააცარიელა ზეცა და ეკლესიები, ამავდროულად დატოვა ადამიანი ღმერთისგან მიტოვებული და უიმედო. ტექსტი მთავრდება ლოცვით, რომლითაც პოეტი მიმართავს უფალს და გამოხატავს იმედს, რომ ერთ დღესაც ღმერთს შეძრავს ადამიანთა ჩივილი და ცრემლები.

პროზა

საუკუნის შვილის აღსარება

რომანის გეგმა ავტობიოგრაფიულია. მის პერსონაჟებში ადვილი ამოსაცნობია ჟორჟ სანდი, იტალიელი ექიმი, რომელთანაც ქალი წავიდა მიუსესთან ერთად დაწყებული ვენეციური მოგზაურობის დასასრულს, ცინიკური და უდარდელი დეჟენეს სახის უკან კი მიუსეს ახლო მეგობარი, ტალე იმალება.

რომანში წარმოდგენილია ე.წ. "დაკარგული თაობა", რომელსაც ნაპოლეონის დიდება და ვატერლოოს დამარცხება ჩრდილად აწევს. ოკტავი ამ იმედგაცრუებას ლიბერტინაჟსა და ვნებაში გამოხატავს. ამ მხრივ მიუსეს რომანი უფრო პოლიტიკურია ვიდრე სენტიმენტალური. ოკტავს, საუკუნის შვილს არ აქვს ადგილი მომავალში. მიუსე მას უპირისპირებს სმითს - უბრალო, პირდაპირ, პატიოსან, არც თუ ისე მდიდარ ადამიანს, რომელიც უფრო მეტადაა ღირსი ბრიჟიტისა და ახალი ცხოვრებისა.

რომანი პირველ პირში იწყება, ბოლოს კი მესამე პირში თხრობა შემოდის. ეს ასახავს მთავარი გმირის დაშორებას მიმდინარე პროცესებისგან. ოკტავი უჩინარდება, ტოვებს საზოგადოებას, სადაც თავის ადგილს ვერ პოულობს. საუკუნის შვილი თითქოს გაიფანტება მოთხრობაში და ბოლოს მთლიანად ქრება.

რომანში მთავარი ადგილი უჭირავს ქალისა და კაცის ურთიერთობას. ამ მხრივ იგი ნამდვილად რომანტიკულია. ბრიჟიტისა და მისი საყვარლის სეირნობა ტყეში, ბუნებაში შერწყმის სუვილი, სიყვარულის ახსნა, ყველაფერი რომანტიკულ ატმოსფეროს ქმნის. მაგრამ რომანის გმირები ვერ ინარჩუნებენ ამგვარ სიყვარულს, რადგან ეჭვი და სიამაყე ხელს უშლით.

ნაწარმოებები

  • À Mademoiselle Zoé le Douairin 1826
  • Un rêve, L'Anglais mangeur d'opium 1828
  • Premières poésies 1829-1835
  • Contes d'Espagne et d'Italie, La Quittance du diable, Une nuit vénitienne 1830
  • La Coupe et les lèvres, Namouna 1831
  • Spectacle dans un fauteuil, À quoi rêvent les jeunes filles 1832
  • Fantasio, Les Caprices de Marianne, Rolla, André del Sarto, Gamiani ou deux nuits d'excès 1833
  • On ne badine pas avec l'amour, Perdican, Camille et Perdican, Lorenzaccio 1834
  • La Quenouille de Barberine, La Nuit de mai, La nuit de décembre. Le Chandelier 1835
  • Il ne faut jurer de rien, Lettre à M. de Lamartine, Faire sans dire, La Nuit d'août, La confession d'un enfant du siècle, 2 volumes, 1836
  • Poésies Nouvelles 1836-1852
  • Chanson de Barberine 1836
  • Un caprice, La Nuit d'octobre, À la Malibran, Emmeline, Les deux maîtresses. Lettres à Dupuis et Cotonet 1837
  • Le fils du Titien, Frédéric et Bernerette, L'Espoir en Dieu. Dupont et Durand. Margot 1838
  • Croisilles 1839
  • Les deux maîtresses, Tristesse, Une soirée perdue 1840
  • Souvenir, Nouvelles (« Emmeline », « Le fils du Titien », « Croisilles », « Margot ») 1841
  • Le voyage où il vous plaira, Sur la paresse, Histoire d'un merle blanc, Après une lecture 1842
  • Pierre et Camille, Le secret de Javotte, Les frères Van Bruck 1844
  • Il faut qu'une porte soit ouverte ou fermée, Mademoiselle Mimi Pinson 1845
  • Nouvelles (« Pierre et Camille », « Le secret de Javotte ») 1848
  • Louison, L'Habit vert, On ne saurait penser à tout 1849
  • Poésies nouvelles, Carmosine 1850
  • Bettine, Faustine 1851
  • La Mouche 1853
  • Contes 1854
  • L'âne et le ruisseau 1855
  • Les filles de Loth (თარიღი უცნობი)
  • Œuvres complètes, Gallimard, Bibliothèque de la Pléiade (ISBN 2-07-010387-0)

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Jouin H. La sculpture dans les cimetières de Paris // Nouvelles archives de l’art français — 1897. — Vol. 3e série, tome 13. — P. 106. — ISSN 0994-8066; 2419-2465
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  6. 6.0 6.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  7. 7.0 7.1 IMSLP — 2006.
  8. 8.0 8.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  9. 9.0 9.1 Who Named It?
  10. 10.0 10.1 Babelio — 2007.
  11. 11.0 11.1 filmportal.de — 2005.
  12. 12.0 12.1 BD Gest'
  13. 13.0 13.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  14. 14.0 14.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  15. 15.0 15.1 GeneaStar
  16. 16.0 16.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  17. 17.0 17.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 Archivio Storico Ricordi — 1808.
  19. 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 The Fine Art Archive
  20. 20.0 20.1 Мюссе Альфред де // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  21. Alfred de Musset
  22. Benezit Dictionary of ArtistsOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  23. Moiroux J. Le cimetière du Père-LachaiseParis: 1908. — P. 260.
  24. Bauer P. Deux siècles d'histoire au Père LachaiseVersailles: 2006. — P. 584. — ISBN 978-2-914611-48-0
  25. Deutsche Nationalbibliothek Record #118585940 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  26. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  27. 27.0 27.1 Catalog of the German National Library
წინამორბედი:
ემანუელ მერსიე დუპატი
სკამი 10
საფრანგეთის აკადემია

1852–1857
შემდეგი:
ვიქტორ დე ლაპრადი
  ლიტერატურის პორტალი — დაათვალიერეთ სხვა სტატიები ლიტერატურის შესახებ.