მთვარისმიერი კალენდარი

(გადამისამართდა გვერდიდან მთვარისმიერი წელიწადი)

მთვარისმიერი კალენდარი — კალენდრის სახესხვაობა, რომელსაც საფუძვლად უდევს მთვარის ფაზების ცვლის პერიოდი, ანუ სინოდური თვე (≈29.530589 დღე-ღამე; 29 დღე-ღამე, 12 საათი, 44 წუთი, 2.9 წამი). თვეების დასაწყისი დაახლოებით ემთხვევა ახალმთვარეობის მომენტებს. მთვარისმიერ კალენდარში მთვარისმიერ წელიწადი 29 ან 30 დღე-ღამისაგან შედგენილ 12 მთვარისმიერ თვეს შეიცავს და შეიძლება 354 ან 355 დღე-ღამისაგან შედგებოდეს. მთვარისმიერი წელიწადის დასაწყისი ცვალებადია და წლის სხვადასხვა დროზე მოდის, რაც უხერხულობას ქმნის. ამიტომ მთვარე-მზისიერ კალენდრებში, რომელთაც საფუძვლად მთვარისმიერი წელიწადი უდევს, იყენებენ 13 თვიან მთვარისმიერ წელიწადს.

რიგი მიზეზების გამო, კერძოდ კი სინოდური თვის საუკუნეების მანძილზე ზრდის (მთვარე-დედამიწას შორის მანძილის მუდმივი ზრდა), მისი ყოველთვიური არამდგრადობისა (ორბიტალური პერიოდის სინუსოიდური ცვლილება) და ძველ დროში აღნიშნულ სფეროში ცოდნის არასრული ქონის გამო (საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი), ბოლო რამდენიმე ათასწლეული უპირობოდ მიღებული იყო მთვარისმიერი თვის ზუსტად 29.5 დღე-ღამესთან გაიგივება. კალენდარში, აღნიშნული არაჯერადი (29.5 დღე-ღამე) მთვარისმიერი თვის გაჯერადება მოხდა, ორი მრგვალი რიცხვის 29 და 30 დღე-ღამიანი თვეების გაშუალებით. შესაბამისად, თუ ორი მთვარისმიერი სიდონური თვე უდრიდა 59 დღე-ღამეს (ანუ 29.5×2), და ის ამავდროულად მრგვალი რიცხვების — 29-სა და 30-ის ჯამიც იყო, შესაბამისად მთვარისმიერი 12 თვიანი წელიწადი 354 დღე-ღამის (29.5×12, ანუ [29+30]×6) ტოლი იქნებოდა.

მთვარის ანგარიში საქართველოში

რედაქტირება

მთვარის რიცხვის და მისი დაბადება-გავსების წინდაწინ ცოდნას ძალზედ დიდ მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოში. ქართველი ხალხის დაკვირვებით ამინდის ავკარგიანობა დაკავშირებული იყო მთვარის დაბადება-გავსებასთან ანუ ახალსა და ძველ მთვარესთან: „როგორი ამინდიც არის მთვარის დაბადება-გავსებისას ისეთი ამინდი გასტანს შემდეგ გავსება-დაბადებამდეო...“ ე. ი. შესაძლებელი ხდებოდა სრული ორი კვირის განმავლობაში მოსალოდნელი ამინდის წინასწარ განსაზღვრა. ამის ცოდნას კი ძალზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მშრომელი გლეხისათვის ხვნის, ფარცხვის, თესვის, დარგვის, გასხვლის, თიბვის, მკის, რთველისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების დროს.

მთვარის გამოანგარიშება ძველად მიღებული წესის მიხედვით შემდეგნაირად წარმოებს: წინდაწინ საჭიროა ვიცოდეთ წლის ზედნადები (საშუალო განსხვავება მზისა და მთვარის წელიწადთა შორის. ცხრილი იხილეთ ფოტოზე.) რამდენია, და უნდა ვიცოდეთ ასევე რიცხვი 2, რომელსაც თვისთავი და ნიადაგი ეწოდება (საშუალო განსხვავება მზისა და მთვარის თვეებს შორის), რომელიც გამოანგარიშების დროს დასამატებელი რიცხვია.

აუცილებელია ჯერ ვიცოდეთ, მერამდენე თვეა ის თვე იანვრიდან, რომელი თვის ნებისმიერი რიცხვისთვისაც გვაინტერესებს მთვარის დღის გაგება.

ერთი რამ უნდა გვახსოვდეს, და მთელი წლის (12 თვის) თვეთა მწკრივში იანვარი და თებერვალი მესამე თვეებად უნდა მივიჩნიოთ და რიცხვი 3-ით უნდა ავღნიშნოთ (იანვარი 3, თებერვალი 3), ხოლო დანარჩენი თვეები კი მათი ჩვეულებრივი რიგის მიხედვით.

 
მთვარის ზედნადების გამოსაანგარიშებელი ცხრილი

ამის შემდეგ, თუ ჩვენ, მაგალითად, გვაინტერესებს, რამდენი დღისა იქნება მთვარე 1976 წლის 5 იანვარს (ახ. სტ.), ამ 5 რიცხვს დავუმატებთ თავის რიგს — 3, შემდეგ დავუმატებთ აგრეთვე 1976 წლის ზედნადებს, ე. ი. 8-ს და სულ ბოლოს — თვისთავს ე. ი. 2-ს.

5+3+8+2=18

ამრიგად, აღნიშნულ რიცხვთა შეკრება გვაძლევს 18-ს. ანალოგიურად, სხვა თვის სხვა რიცხვებსათვის, მსგავსი ოპერაციის შედეგად მიღებული საერთო ჯამი თუ აღემატება 43-ს, ეს განსაკუთრებით მაშინ როცა ზოგიერთი სხვა წლების შემთხვევაში ზედნადების რიცხვი გაცილებით მეტია (მაგ. 1983 წლისთვის ზედნადები = 25-ს). [რიცხვი (43) შეადგენს მთვარის დღეთა საშუალო რიცხვი 30-ისა და ძველი და ახალი სტილის შუალედი რიცხვის — 13-ის ნაკრებს], მაშინ მირებულ ჯამს უნდა გამოაკლდეს ეს რიცხვი (43) და დანაშთი იქნება მთვარის დღე საძიებო თვის რიცხვისათვის.

მაგალითად 1983 წლის სექტემბრის 12-ს მთვარის დღე თუ გვაინტერესებს. ამ წლის ზედნადებია 25; 12+9+25+2=48; ვინაიდან 48 მეტია 43-ზე ვაკლებთ: 48-43=5; ე. ი. 1983 წლის 12 სექტემბერს მთვარე იქნება 5 დღის. ხოლო თუ ჯამი ნაკლებია 43-ზე მაშინ მას, ე. ი. ჯამს, გამოაკლდება მხოლოდ 13.

ამრიგად, 1976 წლის 5 იანვრისათვის მირებულ ჯამს 18-13=5. მაშასადამე აღნიშნული დროისათვის მთვარე იქნება 5 დღისა.

არსებობს მთვარის გამოანგარიშების სხვა წესებიც, მაგრამ ეს არის ყველაზე პრაქტიკული და ყველაზე გავრცელებული წესი ძველ საქართველოში, ამ წესით მთვარის დღის ანგარიშში შეიძლება ყოველთვის ერთი დღის მეტნაკლებობა მოგვივიდეს, რაც განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ ზეპირი ანგარიშის გასაადვილებლად მთვარე ხან 29 დღიანად, ხანაც 30 დღიანად უნდა ვიგულისხმოთ. ვინაიდან იგი მოიცავს 29 დღეს, 12 საათს, 44 წუთსა და 3 წამს.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

საგნები, რომლებიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც მთვარის უძველესი კალენდრები, ცნობილია საფრანგეთისა და გერმანიის ორინიაკული ეპოქის გამოქვაბულებიდან (32—26 ათასი წლის წინ)[1]. ნიშნები ცხოველთა ძვლებსა და რქებზე, ქვების მცირე ნაწილებზე, ხოლო ზოგჯერ გამოქვაბულების კედლებზე წარმოადგენენ ნახევარმთვარის ფორმის ან ხაზოვან, გველის ორნამენტის მსგავს ნიშნებს. ამგვარი ნივთის მაგალითს წარმოადგენს ძვლის ფირფიტა აბრი-ბლანშარიდან. 18 ათასი წლის წინანდელი მთვარისმიერი კალენდარი აღმოაჩინეს აჩინის პალეოლითური სადგომის გათხრებისას, ქალაქ აჩინსკის მახლობლად[2]. შოტლანდიაში აღმოჩენილი მთვარისმიერი კალენდარი ადრეულ მეზოლითს ეკუთვნის (10 ათასი წელი)[3].

მთვარისმიერი კალენდრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 668.
  • „საქართველოს საეკლესიო კალენდარი 1976 წლის“, გვ. 134-135
  • С. И. Селешников. «История календаря и хронология», М., «Наука», 1970.
  • И. А. Климишин. «Календарь и хронология», М., «Наука», 1981

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Oldest Lunar Calendar on Earth
  2. აჩინური კვერთხი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-23. ციტირების თარიღი: 2014-12-29.
  3. შოტლანდიაში უძველესი მთვარისმიერი კალენდარი იპოვეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2014-12-29.