ჰიჯრა (არაბ. هِجْرَة – გადასახლება, გადახვეწა, ემიგრაცია) — მუსლიმურ ქვეყნებში გავრცელებული კალენდრის სახელწოდება. ხალიფა უმარ I-ის დროს (634-644) ჰიჯრა გამოცხადდა მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად (მუსლიმური ერა). ცნობილია მთვარისა და მზის ჰიჯრის კალენდრები. მთვარის კალენდარი გავრცელებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის უმეტეს მუსულმანურ ქვეყნებში, მზისა – ირანში, ავღანეთში, თურქეთში. ჰიჯრის მთვარის კალენდრის პირველი დღეა 622 წლის 16 ივლისი (მუსლიმური ტრადიციის მიხედვით, მაჰმადისა და მისი მიმდევრების (მუჰაჯირების) მექიდანმედინაში გადასახლების თარიღი), მზის კალენდრისა – 20-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობის დრო). მუსლიმურ მთვარის წელიწადში 354 დღეა, თვეში – 29-30 დღე. ჰიჯრის კალენდრის დღეები 11-12-ით ნაკლებია საყოველთაოდ გავრცელებულ გრიგორიანული კალენდრის დღეებზე და ამიტომ ყოველ 33 წელიწადში ვიღებთ ერთი წლის განსხვავებას. ჰიჯრის წლების გადაყვანა გრიგორიანულზე და პირუკუ შესაძლებელია სპეციალური ფორმულებით ან ტაბულების საშუალებით.