მეტყველების ნაწილები

მეტყველების ნაწილები — გარკვეული თვალსაზრისის მიხედვით დაჯგუფებულ სიტყვათა კლასები.

დიონისე თრაკიელმა 8 მეტყველების ნაწილი გამოჰყო ბერძნული ენისათვის: სახელი, ნაცვალსახელი, ართრონი, ზმნა, მიმღეობა, ზმნისართი, კავშირი, წინდებული. დიონისე თრაკიელისეულმა სქემამ დიდი ცვლილებები განიცადა რომაელ გრამატიკოსებთან და შუა საუკუნეებში მივიღეთ მეტყველების ნაწილების ტრადიციული კლასიფიკაცია: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, ზმნიზედა, თანდებული, კავშირი, ნაწილაკი, შორისდებული.

ამ კლასიფიკაციას 2 ნაკლი აქვს:

1. მეტყველების ნაწილების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით წარმოებს: გამოყენებულია სემასიოლოგიური (რას აღნიშნავს სიტყვა?), სინტაქსური (რა ფუნქცია აქვს სიტყვას წინადადებაში?), მორფოლოგიური (სიტყვათა ფორმაცვალებადობა) კრიტერიუმები.

სემასიოლოგიური ნიშნის მიხედვით გამოიყოფა არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელი, ზმნა, შორისდებული; სინტაქსური ფუნქციის მიხედვით – ნაცვალსახელი, ზმნიზედა, წინდებული, კავშირი, ნაწილაკი. მორფოლოგიურ კრიტერიუმს მეორე ხარისხოვანი ღირებულება ჰქონდა დიონისესთან (სახელი იბრუნვის, ზმნა იუღვლება...), მოგვიანებით კი ის სრულიად ამოვარდა.

2. მეტყველების ნაწილების ტრადიციულ კლასიფიკაციას უნივერსალური მნიშვნელობა ენიჭება. მას იყენებენ სხვადასხვაგვარი სტრუქტურის ენებისათვის.

თანამედროვე ენათმეცნიერებაში ერთმანეთს უპირისპირდება თეორიები, რომლებიც რამდენიმე თვალსაზრისის (ნარევი ნიშნის) მიხედვით გამოყოფენ მეტყველების ნაწილებს, და თეორიები, რომლებიც ერთ საკლასიფიკაციო ნიშანზე აფუძნებენ მეტყველების ნაწილებს. პირველი ჯგუფისაა იესპერსენის, იელმსლევის, პეშკოვსკის, შახმატოვის, ვინოგადოვის და მის მიმდევართა კლასიფიკაციები. მათ ახასიათებთ შემდეგი ნიშნები: ა) ემყარებიან მეტყველების ნაწილების ტრადიციულ კლასიფიკაციას; ბ) კლასიფიკაციას საფუძვლად უდებენ სემანტიკურ-გრამატიკულ (სინტაქსურ ან მორფოლოგიურ, ან ორივეს ერთად) კრიტერიუმებს; გ) მიზნად ისახავენ შექმნან მეტყველების ნაწილების უნივერსალური სქემა. ამ კლასიფიკაციებს იგივე ნაკლოვანებები აქვს, რაც მეტყველების ნაწილების ტრადიციულ კლასიფიკაციას.

ლიტერატურა

რედაქტირება