მესეტა
მესეტა, იბერიის მესეტა (ესპ. Meseta) — მთიანეთი ესპანეთსა და პორტუგალიაში. მოიცავს პირენეს ნახევარკუნძულის დიდ ნაწილს. ტექტონიკურად შეესაბამება ძველ მასივს, რომლის საფუძველი შეიქმნა ჰერცინული დანაოჭების შედეგად. ნაოჭა საფუძველი მესეტის დასავლეთ ნაწილში ზედაპირზე გამოდის, აღმოსავლეთით კი დაფარულია მეზო-კაინოზოური ზღვიური და კონტინენტური ნალექებით.
მესეტა | |
---|---|
კოორდინატები: 40°30′ ჩ. გ. 3°30′ დ. გ. / 40.500° ჩ. გ. 3.500° დ. გ. | |
ქვეყანა | ესპანეთი პორტუგალია |
უმაღლესი წერტილი | ალმანსორი |
სიმაღლე | 2592 მ |
მესეტის ზედაპირი დახრილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. დამახასიათებელია პლატოების, ნაოჭა-ლოდა ქედებისა და მთისშიგა ქვაბულების მონაცვლეობა. მესეტის შუა ნაწილი უჭირავს ცენტრალური კორდილიერის მთებს (მწვერვალი ალმანსორი, 2592 მ) და სუბგანედურ შედარებით დაბალ ნაოჭა-ლოდა ქედებს, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფს ახალი კასტილიისა და ძველი კასტილიის ზეგნებს. მთავარი მდინარეებია: დუერო, ტახო, გვადიანა.
მესეტაში წიაღისეულიდან მოიპოვება ვერცხლისწყალი, არის ტყვიის, სპილენძის, კობალტის, რკინის, ოქროს, კალის, ვოლფრამის მადნები. ჰავა ძირითადად სუბტროპიკულია, ხმელთაშუაზღვიური, გალისიაში — ზომიერი, ზღვიური. ივლისის საშუალო ტემპერატურა 20-28°C, იანვრის დაახლოებით — 5°C. ნალექები 400-500 მმ და 1000-1500 მმ წელიწადში.
ნიადაგები — ტყის მურა და ყავისფერი. დასავლეთით გავრცელებულია მაკვისის ტიპის ბუჩქოვანი რაყები, აღმოსავლეთით და სამხრეთით — გარიგა და ტომილარია; მთაში ფართოფოთოვანი და წიწვოვანი ტყეებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 598.