მანავის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
მანავის ღვთისმშობლის ეკლესია — ეკლესია საქართველოში, კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავის ჩრდილოეთით, მთის ფერდზე. განეკუთვნება კუპელჰალეს სტილს. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
მანავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია დავით გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ეფთიმის აუშენებია. ამაზე მოგვითხრობდა ვრცელი სამშენებლო წარწერა. იგი დღემდე შემორჩენილი არ არის, თუმცა, გამოქვეყნებულია ლ. მელიქსეთ-ბეგის მიერ. წარწერა ასე იკითხებოდა:
არქიმანდრიტი ეფთიმი აქ 1774-1798 წლებში მოღვაწეობდა. ამავე პერიოდში თავსდება მანავის ეკლესიის აგების თარიღიც – 1794 წელი. ეკლესიას 2008 წელს ჩაუტარდა რესტავრაცია.
აღწერა
რედაქტირებამანავის ეკლესიის გეგმა (10,85X6,8 მ.) გარე სამკუთხედში მოთავსებულ, გრძივ ღერძზე მცირედ წაგრძელებულ შიდა სივრცეს წარმოადგენს, რომელსაც აღმოსავლეთით ფართო, მთელი მთელი ნავის სიგანის მომცველი აფსიდი აქვს. გუმბათი კედლის ერთ წყვილ შვერილსა და საკურთხევლის კუთხეებზე გადაყვანილ თაღებს ეყრდნობა. შვერილები გრძივი კედლების ცენტრალურ ადგილასაა ამოყვანილი და დარბაზის სივრცეს ორ თანაბარ მონაკვეთად ჰყოფს ისე, რომ საკურთხევლისწინა არე, სადაც გუმბათია აღმართული, ჩრდილო-სამხრეთით წაგრძელებული მართკუთხედის მოხაზულობისაა და არა კვადრატული. გუმბათი სამხრეთით და ჩრდილოეთით გრძივი კედლების კონქისებრ გადმოზნექის შედეგად მიღებულ თაღებს ეყრდნობა. ეს გადმოზნექილი კედლები საჭიროა, რათა მცირე დიამეტრის გუმბათისთვის გუმბათქვეშ კვადრატი შეიქმნას. შესასვლელი ორია: სამხრეთისა გრძივი კედლის დასავლეთ კუთხეშია ჩაწეული, დასავლეთისა და ცენტრალურ ღერძზეა გაჭრილი და თაღოვანი ფორმა აქვს. სამხრეთი კარიც თაღოვანია, თუმცა კი შეისრული. მას ზემოდან ტიმპანიც ახლავს.
ეკლესია კუპელჰალეს ტიპის გვიან ვარიანტს წარმოადგენს. ე. ი. შიდა სივრცის სტრუქტურით იგი დარბაზულია, ოღონდ გუმბათითაა დაგვირგინებული (გარეთა ზომები: სიგრძე - 10,8 მეტრი. სიგრძე - 7,1 მეტრი). საშენ მასალად რიყის ქვა, აგური და შირიმია გამოყენებული. კედლები ძირითადად. რიყის ქვითა და შირიმის სუფთად დამუავებული ქვითაა ნაწყობი გუმბათი. კამარები, კონქი, საბჯენი და კარ-სარკმლების თაღები აგურისაა. ფასადებზე კედლების ზედა ნაწილები უმთავრესად შირიმის გათლილი კვადრებითაა ნაწყობი, ქვედა ნაწილები კი - რიყის ქვით. ლავგარდანი და დეკორატიული ელემენტები მთლიანა აგურითაა გამოყვანილი. შიგნითა კედლების წყობაში რიყის ქვისა და აგურის რიგები ენაცვლება ერთანეთს. XIX საუკუნეში კედლები შიგნიდან და გარედან შეულესავთ და შეუთეთრებიათ.
შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდანაა. ორივე კარი თაღოვანია. საკურთხევლის აფსიდი ღრმაა, ნახევარ წრეზე ოდნავ მეტი. აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო, ოდნავშეისრული თაღით გადახურული ნიშაა, ხოლო ქვემოთ - განიერი, სწორკუთხა ნიშა , ჩრდილო ნიშის გვერდებზე, დამატებით პატარა სწორკუთხა ნიშებია მოწყობილი. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ შემაღლებულია ოციოდე სანტიმეტრით და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი. საკურთხევლის და დარბაზის იატაკი მოგებულია კვადრატული აგურით. საკურთხევლის სარკმლის გარდა. ერთი სარკმელი დასავლეთ კედელშია - შესასვლელის ასწვრივ, ხოლო ორი - ერთი მეორის ზემოთ - სამხრეთით ყველა სარკმელი შიგნიდან თაღოვანია. მ. შ. დასავლეთ და სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში მდებარე სარკმელი გარედანაც თაღოვანია, სამხრეთ კედლის ზედა ნაწილში მდებარე სარკმელი - სწორკუთხა.
გრძივი კედლებიდან გამოშვერილი თითო მძლავრი, ორსაფეხურიანი პილასტრით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით მლოცველთათვის განკუთვნილი სივრცე ორ თანაბარ ნაწილადაა გამოყოფილი. საბჯენი თაღის ქუსლებთან იმპოსტებია, რომელთა პროფილს თარო და ამოზნექილი ზედაპირი შეადგენს მსგავსი იმპოსტებითაა დასრულებული დასავლეთ კუთხის პილასტრებიც. რომლებზეც შესაბამისი კედლის მიმდებარე საბჯენი თაღია გადაყვანილი. პილასტრების გვერდებზე ნახევარწრიული თაღით დასრულებული. თითო შეღრმავებული არეა, რომელთა ხარჯზე დარბაზი სიგანეში ოდნავ გაზრდილია. ჩრდილოეთით მდებარე ორივე არე ყრუა. სამხრეთ არეებიდან აღმოსავლეთისაში სარკმელია გაჭრილი. დასავლეთისაში კი - კარი. დარბაზის აღმოსავლეთ ნაწილი დაგვირგვინებულია ვიწრო (დიამ. 1.8 მეტრამდეა), მაღალი გუმბათით, რომელიც აფრების მეშვეობით აფსიდის თაღს და კამარის საბჯენ თაღს ეყრდნობა. გუმბათს მხოლოდ ეკლესიის სიგანის ნახევარი უჭირავს. ამის გამო გუმბათქვეშა კვადრატის დონეზე, სამხრეთით და ჩრდილოეთით, დარბაზის გრძივ კედლებამდე, ჯვრის მკლავების მსგავსი სივრცე იქმნება. თითოეული მათგანი შეკრული კამარითაა გადახურული. საკუთრივ კამარა სამი სამკუთხედი ელემენტისგან შედგება, რომელთა გადაკვეთით შექმნილი ხაზები თავს გუმბათქვეშა კვადრატის შესაბამისი თაღის წვერთან იყრის. გუმბათის საყრდენი სისტემის ყველა თაღი, ისევე როგორც დარბაზის დასავლეთ ნაწილის ვამარა და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი, შეისრული ფორმისაა.
გარედან შენობას ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის არნაგობა აქვს - გუმბათქვეშა მკლავების შესაბამისად, ორივე გრძივ ფასადზე შუა ნაწილი შემაღლებულია და ფრონტონითაა დასრულებული. მკლავების გადაკვეთის ადგილას კი, აღმართულია ვიწრო, მაღალყელიანი გუმბათი, რომლის ყელში გაჭრილია რვათაღოვანი სარკმელი. ეკლესიის ჩრდილო ფასადი ფერდისკენაა მოქცეული და თითქმის სრულიად ყრუა. მხოლოდ ფრონტონის არეშია გამოყვანილი ერთადერთი დეკორატიული ელემენტი - შეღრმავებული ჯვრის გამოსახულება. მსგავსი ოღონდ უფრო მაღალი ჯვარი აღმოსავლეთ ფასადზეცაა. ჩრდილო ფასადის მსგავსად სამხრეთ ფასადის ფრონტონის არეშიც საფეხუროვან კვარცხლბეკზე დაყრდნობილი ჯვარია გამოსახული, როლის ორივე მხარეს, კვარცხლბეკის დონეზე. თითო შეღრმავებული რომბია. ეპოქის დამახასიათებლადაა გაფორმებული შესასვლელიც - შეისრულთაღოვანი კარი, რომელიც მცირედ შეღრმავებულ სამსაფეხურიანი ფრიზით დაგვირგვინებულ ოთკუთხა არეში ზის. თვით ფრიზი ჩვეულებრივსამებრ წყობიდან კუთხით შეერილი აგურების სამი რიგითაა გამოყვანილი. კარის ზემოთ სწორკუთხა ნიშაა. რომელშიც ადრე წარწერიანი ფილა იყო ჩასმული.
დასავლეთ ფასადი შედარებით უკეთაა მორთული. ფასადის შუა ნაწილში, აგურის ორი თხელი პილასტრითაა და მათზე დაყრდნობილი აგურისავე. ნახევარწრიული თახით, შემოფარგლულია ვიწრო, მაღალი არე. რომლის ქვედა ნაწილში შეისრულთაღოვანი, სტანდარტულად გაფორმებული შესასვლელია. მის ზემოთ კი - ერთ ვერტიკალზე განლაგებული. მაღალი, შეღრმავებული ჯვარი და სარკმელი. საკუთვრივ სარკმელი მოქცეულია თაღის არეში, რომელიც დანარჩენი ნაწილისგან პილასტრების კაპიტელების დონეზე მდებარე. ორსაფეხურიანი თაროთია გამიჯნული. მსგავსი პროფილისაა საკუთრივ კაპიტალებიც. შენობის ძირითადი დეკორატიული დომინანტია გუმბათის ყელი, რომელიც საგანგებოდაა მორთული. გარედან იგი რვაწახნაგაა. თითოეული წიბოს მთელ სიმაღლეზე გამოყვანილია ნახევარსვეტი, რომელიც მასიურ ორაფეხურიან ბაზისზეა დაყრდნობილი და დასრულებულია არანაკლებ მასიური კაპიტელით. ლილვებს გვერდებზე აუყვება განიერი პროფილირებული აგურით ნაწყობი წახნაგის ცენტისკენ დახრილი არშია, რითაც წიბოებს შორის თაღოვანი არეა შემოფარგლული. თვით არშია ლილეების საყრდებ ბაზისზეა დაყრდნობილი და დასრულებულია ორ საფეხურიანი კაპიტელით. კაპიტელებს შორის იგივე პროფილის თაროა, რითაც წახნაგის ზედა. თაღოვანი ნაწილი ქვედა ნაწილისგანაა გამიჯნული. ამ უკანასკნელის ღერძზე კი ვიწრო, მაღალი თაღოვანი სარკმელია. მთელი ეს სისტემა დაყრდნობილია გუმბათის ყელის ძირის დონეზე გამოყვანილ ლილვისებრ სარტყელზე. გუმბათის ყელი დასრულებულია მაღალი. რთული პროფილის ლავგარდნის ძირს კი ლურჯად მოჭიკული აგურით გამოყვანილი ზოლი გაუყვება. გუმბათი აგურის პირამიდული სახურავითაა გადახურული.
2006 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ეკლესიას ჩაუტარა სარეაბილიტაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტექტორი ზ.ყიფშიძე. შემსრულებელი შპს „ოდა“); გამაგრდა ეკლესიის კედლები და სახურავი, აღდგა კედლებიდა და არქიტექტურული ელემენტების მონგრეული ნაწილები, ამოივსო კედლებში და კამარებში გაჩენილი ბზარები, კამარები გამაგრდა ჟანგისგან დამცავი ხსნარით დამუშავებული ლითონის მჭიმებით, მთლიანად აღდგა გუმბათქვეშა კვადრატი. გუმბათის ყელის სარკმელებში ჩაისვა ლითონის ბადიანი ხის ალათები. ჩრდილო ფასადის წინ მოიხსნა ფერდობიდან ჩამოზვავებული მიწა, ეკლესიის ირგვლივ მოეწყო სარინი ეკლესია დაიბურა ღარისებრი კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 406.
- ბერიძე ვ., „ძველი ქართული ხუროთმოძღვრება“, თბ., 1974
- გენგიური ნ, კუპელჰალე, თბ., 2005
- ბერიძე ვ., XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994
- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 134-138.