ლუარსაბ შარაშიძე
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ლუარსაბ კალისტრატეს ძე შარაშიძე (დ. 18 იანვარი, 1923, თბილისი — გ. 7 თებერვალი, 1991, იქვე) — ქართველი საბჭოთა მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პათოლოგანატომი, მორფოლოგი, ციტოჰისტოქიმიის და მეცნიერული ონკოლოგიის ფუძემდებელი და ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში, საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი,[1] ქართველ და საბჭოთა მედიკოს-მეცნიერთა მრავალი თაობის აღმზრდელი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963), 10 მონოგრაფიის და 300-ამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, 58 საკანდიდატო და 20 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. მისი ნაშრომები და აღმოჩენები შეტანილია დიდ სამედიცინო ენციკლოპედიაში. ერთადერთი ქართველი და საბჭოთა მეცნიერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველა საკავშირო და მსოფლიო სიმპოზიუმსა და კონგრესში მორფოლოგიაში, ცოტოჰისტოქიმიასა და ონკოლოგიაში. სკკპ წევრი 1953 წლიდან.
ლუარსაბ შარაშიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 18 იანვარი, 1923 |
დაბ. ადგილი | ტფილისი, საქ. სსრ, ასფსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 7 თებერვალი, 1991 (68 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | ექიმი და პედაგოგი |
მუშაობის ადგილი | საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
სამეცნიერო წოდება | პროფესორი |
მეუღლე | რუსუდან ბულუსაშვილი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
სამეცნიერო სფერო | პათოლოგანატომია, მორფოლოგია, ციტოჰისტოქიმია, ონკოლოგია |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1923 წლის 18 იანვარს თბილისში ექიმების კალისტრატე შარაშიძის და ეკატერინე ფხაკაძის ოჯახში.
განათლება და სამუშაო გამოცდილება
რედაქტირება1930-1939 წლებში სწავლობდა თბილისის №1 საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა წარჩინებით და ამავე წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 1946 წელს.
1943 წელს პირველი და ერთადერთი მეოთხე კურსის სტუდენტი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც აკადადემიკოს ვლადიმერ ჟღენტის წარდგინებით უფროს ლაბორანტად დაინიშნა ამავე ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე და პრაქტიკულ მეცადინეობებს უტარებდა პათოლოგანატომიაში მესამე კურსის სტუდენტებს. 1946-1949 წლებში სწავლობდა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, სადაც შემდეგში მუშაობდა ასისტენტად, დოცენტად და პროფესორად.
1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1951-1956 წლებში თბილისის ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიური განყოფილების გამგე იყო.
მოღვაწეობა
რედაქტირება1951 წელს საქართველოში პირველად დანერგა ნეირომორფოლოგიური კვლევის უახლესი მეთოდები თბილისის ტუბერკულოზის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის პათომორფოლოგიურ განყოფილებაში. 1952-1953 წლებში პირველად მის მიერ დამტკიცებულ იქნა, რომ ტუბერკულოზის აღმოცენება, ლოკალიზაცია, მიმდინარეობა და გამოსავალი უშუალოდ დამოკიდებული იყო საინერვაციო მექანიზმების მდგომარეობაზე. 1954 წელს კი პირველმა დაადგინა, რომ შესაძლებელია მიკრობის არაპათოგენური შტამების მიღება; განსაზღვრა ადამიანის აქტინომიკოზის ფორმები, რაც ახალი ვაქცინების შემუშავებას ეხმარება და მისი ეს მონაცემები შეტანილია დიდ სამედიცინო ენციკლოპედიაში.[2]
1956 წელს, 33 წლის ასაკში, პირველად საქართველოში დანერგა ციტოქიმიური კვლევის მეთოდები: ტეტრაზონული რეაქცია (არომატული ამინომჟავების გამოსავლინებლად), დდდ რეაქცია (ცილების თიოლური ჯგუფის გამოსავლინებლად) და შიფ-იოდის მჟავას რეაქცია. 1957 წელს, ასევე პირველად საქართველოში, ექსპერიმენტალური და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დააარსა ციტოჰისტოქიმიის განყოფოილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1973 წლამდე. ამ პერიოდში, ამ განყოფილებაში მის მიერ ჩატარებული მეცნიერული კვლევების შედეგებმა სახელი გაუთქვა მას და მის განყოფილებას საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ კვლევის შედეგები შეტანილია დიდ სამედიცინო ენციკლოპედიაში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო სახელმძღვანელოებში.
1958 წელს პირველად გამოიყენა აბსორბციული მიკროფოტომეტრირება აპარატ „მუფ-5“-ის საშუალებით ნუკლეინის მჟავების და ცილების რაოდენობის განსაზღვრისათვის. 1959 წელს პირველმა გამოაქვეყნა პრაქტიკული სახელმძღვანელო ციტოჰისტოქიმიაში. 1959-1960 წლებში პირველი ქართველი მეცნიერი იყო, რომელიც წარსდგა ციტოქიმიური კვლევის შედეგებით პათომორფოლოგთა საკავშირო ყრილობაზე ხარკოვში და ციტოჰისტოქიმიკოსთა პირველ მსოფლიო კონგრესზე პარიზში.
1960 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და 1963 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება პათომორფოლოგიის დარგში. 1960 წელს პირველად საქართველოში გამოაქვეყნა მონოგრაფია სიმსივნეების ციტოჰისტოქიმიის შესახებ.[3] 1962 წელს აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ციტოლოგიის საპრობლემო კომისიის წევრად. 1963 წელს კი — საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებულ ნაციონალური კომიტეტის წევრად ციტოჰისტოქიმიაში.[4] იყო საბჭოთა კავშირის ონკოლოგთა საზოგადოების საბჭოს წევრი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი ავთვისებიან სიმსივნეებში, საკავშირო ჟურნალ «Вопросы Онкологии»-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
1964 წელს პირველად საქართველოში ჩაატარა I საკავშირო სიმპოზიუმი სიმსივნეების ციტოჰისტოქიმიაში. 1968 წელს შეიმუშავა უჯრედთა შენების ახალი სამუშაო სქემა, რომელიც ცხადყოფს ყველა უჯრედული და უჯრედშიდა მემბრანების ერთიანობას და მათ სტრუქტურულ-სივრცობრივ ურთიერთდამოკიდებულებას ციტოპლაზმას, ბირთვსა და ბირთვაკს შორის. 1971 წელს პირველად შეიმუშავა დნმ-ის გამოვლინების ახალი ციტოქიმიური მეთოდი სითბური ჰიდროლიზის გარეშე.[5] 1972 წელს საქართველოში მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა საბჭოთა კავშირ-პოლონეთის სიმპოზიუმი ციტოქიმიური მეთოდების გამოყენების შესახებ ონკოლოგიაში. 1973 წელს პირველად მის მიერ იქნა შემუშავებული და მოწოდებული უჯრედთა დიფერენციაციის მატურაციის ინდექსი, რომელიც წარმატებით გამოიყენება სიმსივნეთა დიფერენციალურ დიაგნოსტიკაში. 1973 წელს აღმოაჩინა სისმსივნური უჯრედის ბირთვში ორმაგი ფორმის რნმ: ლაბილური (აუცილებელი გამრავლებისათვის) და სტაბილური (აუცილებელი მომწიფებისათვის); ასევე აღმოაჩინა ლაბილური რნმ-ის რაოდენობის სიჭარბე სიმსივნურ უჯრედებში და მისი გამოცლით ქსოვილოვან კულტურებში დააჩქარა უჯრედის მომწიფება.
1973-1975 წლებში იყო ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
1974 წელს პირველად მეცნიერულად დაასაბუთა კანცეროგენეზის სრულად ახალი კონცეფცია და დაადგინა, რომ ქიმიური კანცეროგენების ზეგავლენით ქსოვილებში მიმდინარე ჰიპერპლაზიური პროცესები განპირობებულია არა უჯრედების მიტოზური აქტივობის გაძლიერებით, არამედ უჯრედების გამრავლებისა და მომწიფების პროცესების დათრგუნვით. მისი ეს მონაცემები შეტანილია დიდ სამედიცინო ენციკლოპედიაში.
1974 წელს პირველმა დააყენა საკითხი საქართველოში ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის შექმნის აუცილებლობის შესახებ, რაც ედუარდ შევარდნაძესთან, საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მინისტრთან, აკადემიკოს ბორის პეტროვსკისთან და მოსკოვის ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორთან, აკადემიკოს ნიკოლოზ ბლოხინთან შეთანხმებით წარმატებით განხორციელდა და 1975 წელს დაფუძნდა საქართელოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, რომლის პირველი დირექტორი ლუარსაბ შარაშიძე გახდა. საქართველოს ონკოლოგიური ცენტრი საბჭოთა კავშირში იყო მესამე, მოსკოვის და ლენინგრადის ონკოცენტრების შემდეგ.
1975-1988 საქართველოს ონკოლოოგიის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი იყო. 1977 წლიდან მისი ინიციატივით ონკოცენტრში პირველად ჩამოყალიბდა 20-მდე ახალი პროფილის კლინიკური, თეორიული და საორგანიზაციო განყოფილება და ლაბორატორია: ქიმიური კანცეროგენეზის, ფუნქციური დიაგნოსტიკის, საორგანიზაციო მეთოდური, სამეცნიერო ინფორმატიკისა და პატენტმცოდნეობის, მამოლოგიის, აბდომინალური, უროლოგიური, პროქტოლოგიური, თორაკალური, ბავშვთა ოკნოლოგიის, ენდოსკოპიური, თავისა და კისრის, კანის, რბილი ქსოვილების და ძვლების, ანესთეზიის, ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის, კრიოქირურგიული, რეფლექტოთერაპიის, იმონოლოგიური, ბაქტერიოლოგიური, ჰემატობლასტოზების, ქიმიოთერაპიის და რადიოლოგიის.
1975-1980 წლებში მისი უშუალო ხელმძღვანელობით საქართველოს რესპუბლიკის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, ბათუმი და სხვ.) ჩამოყალიბდა ციტოლოგიური ლაბორატორიები.
საქართველოში პირველმა განახორხციელა ონკოლოგიური სამსახურის ფუნდამენტალური რეორგანიზაცია და სრულყოფა, საქართველოს მთელ რიგ რაიონებში შექმნა ონკოლოგიური მომსახურეობის ახალი ქსელი, გაიხსნა ონკოლოგიური პროფილის დისპანსერები და პოლიკლინიკები. მისი ძალისხმევით დაიწყო ონკოლოგიური პაცინეტების კვლევის, პრევენციის და მკურნალობისადმი მეცნიერული მიდგომის ახალი ეპოქა.
1960-1988 წლებში ერთადერთი ქართველი და საბჭოთა მეცნიერია, რომელიც იყო პათომორფოლოგთა, ციტოჰისტოქიმიკოსთა და ონკოლოგთა ყველა საკავშირო და მსოფლიო კონფერენციის, სიმპოზიუმის და კონგრესის მონაწილე, სხდომების ხელმძღვანელი და მომხსენებელი რუსულ და ინგლისურ ენებზე (პოლონეთი, რუსეთი, რუმინეთი, იუგოსლავია, საფრანგეთი, გერმანია, იაპონია, აშშ, არგენტინა და სხვა).
იგი იყო ავტორი 10 მონოგრაფიისა და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომისა ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, 58 საკანდიდატო და 20 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. შექმნა მედიკოსების დიდი სამეცნიერო სკოლა, მისი მოწაფეები წარმატებით ხელმძღვანელობდნენ და ხელმძღვანელობენ მთელ რიგ სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს და კათედრებს სამედიცინო უნივერსიტეტებში.
ლუარსაბ შარაშიძეს ჰქონდა 50 წლის სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის სტაჟი პათოლოგანატომიაში, მორფოლოგიაში, ციტოჰისტოქიმიასა და ონკოლოგიაში. გარდა ამისა, იყო გამოჩენილი ნოვატორი, წერდა ლექსებს, ხატავდა, გატაცებული იყო ფეხბურთით და ჭადრაკით.
გარდაიცვალა 1991 წლის 7 თებერვალს 68 წლის ასაკში თავის სამუშაო მაგიდასთან, თავის მიკროსკოპთან. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ხსოვნა
რედაქტირებამის პატივსაცემად 1992 წელს თბილისში, „ფიქრის გორაზე“, ი. ნიკოლაძის I შესახვევში №7 სახლზე, სადაც იგი დაიბადა და ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, გაკეთდა მისი სახელობის მემორიალური დაფა.
1992 წელს იაკობ ნიკოლაძის I შესახვევს, სადაც იგი დაიბადა და ცხოვრობდა გარდაცვალებამდე, მიენიჭა ლუარსაბ შარაშიძის სახელი.[6]
2004 წელს საქართველოს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ეზოში დაიდგა მისი ბიუსტი.
2019 წელს მისი ბიუსტი დაიდგა ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე, პატარა სკვერში, იმ სახლის წინ, რომელშიც იგი დაიბადა და ცხოვრობდა გარდაცვალებამდე[7]
ოჯახი
რედაქტირება- მამა — კალისტრატე შარაშიძე, ექიმი;
- დედა — ეკატერინე ფხაკაძე, ექიმი;
- პირველი მეუღლე — თინათინ ვაწაძე (1944–1946 წწ.; დ. 1923, თბილისი — გ. 2008, იქვე), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
- შვილი — გიორგი შარაშიძე (დ. 1945 — გ. 2015), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
- მეორე მეუღლე — რუსუდან ბულუსაშვილი (1954–1991 წწ.; დ. 1928, თბილისი — გ. 2021, იქვე), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
- შვილი — მანანა შარაშიძე (დ. 1955, თბილისი), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ბიზნესლედი, მეცენატი;
- შვილი — მაია შარაშიძე (დ. 1958, თბილისი), მედიცინის დოქტორი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 685.
- გაზეთი „საქართველოს რესპბულიკა“ №27, 1991 წელი.
- ჟურნალი „საქართველოს სამედიცინო მოამბე“ №6, 1992 წელი.
- გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ №81, 1993 წელი.
- გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ №269, 2004 წელი.
- «Вопросы Онкологии», т. XXIX, №6, 1983 г.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩემი დიდი ბაბუა - უფლისწულ რომანოვის მკურნალი ექიმი. kvirispalitra.ge (20 აპრილი, 2015). ციტირების თარიღი: 21 მაისი, 2020.
- ↑ გიორგი დანელია, ღირსეული მამულიშვილი (მოგონებანი), თბილისი, 2004.
- ↑ "არხივ პათოლოგიი", N1, 1962
- ↑ სსრკ მედ. მეცნ. აკადემიის პრეზიდიუმის 1963 წლის 23 ინავრის სხდომის ოქმი
- ↑ საქ. სსრ. მეცნ. აკადემიის მოამბე, N 1, 1971
- ↑ ქალაქ თბილისის მერიის 1992 წლის №89 ბრძანება
- ↑ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 11 ოქტომბრის №1-517 ბრძანება