ლაოსური სამზარეულო

ლაოსური სამზარეულო (ლაოს. ອາຫານລາວ) — ტრადიციული ლაოსური კერძების ერთობლიობა, რომელსაც მრავალი საერთო აქვს სხვა აღმოსავლეთ და სამხრეთ-ღმოსავლეთ აზიის გასტრონომიებთან, განსაკუთრებით კი ინდოჩინურთან.

ლაოსური კერძებით გაწყობილი მაგიდა

ყველაზე გავრცელებული ლაოსური საკვები ორთქლზე მომზადებული ბრინჯია, რომელსაც ლაოსურად „ხაო ნიაო“ ეწოდება, „ხაო“ ბრინჯს ნიშნავს, ხოლო „ნიაო“ წებოვანს. ცნობილია, რომ ლაოსელები უფრო მეტ „წებოვან ბრინჯს“ ჭამენ, ვიდრე მსოფლიოს მთელი დანარჩენი მოსახლეობა. ლაოსელები მას უბრალო საჭმელად არ მიიჩნევენ და ითვლება, რომ იგი მათი კულტურისა და ხასიათის ძირითადი ნაწილია. მათში არსებობს ტრადიცია, რომ ლაოსელი ადამიანი მსოფლიოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოს, ამ ბრინჯს უნდა ჭამდეს. ამის გამო ლაოსელები ხშირად თავს „წებოვანი ბრინჯის შვილებს“ უწოდებენ.

გარდა წებოვანი ბრინჯისა, ლაოსური სამზარეულოს დომინანტი კერძებია: ლარბი და ტამ-მაკ-ჰონგი. ლარბი ტრადიციული ლაოსური კერძია და მზადდება ხორცისა და თევზის შერევით ბოსტნეულთან, მწვანილებთან და სანელებლებთან ერთად. ხშირად მას ესპანურ სევიჩესაც ადარებენ. კიდევ ერთი ტრადიციული და პოპულარული საჭმელია მწვანე პაპაიას სალათი, რომელიც ცნობილია ტამ-მაკ-ჰონგის სახელითაც.

ლაოსური სამზარეულო მდიდარია რეგიონალური ვარიაციებით. საფრანგეთის კოლონიად ყოფნის დროს შემოსული ფრანგული სამზარეულოს გავლენა დღემდე იგრძნობა დედაქალაქ ვიენტიანში, სადაც მრავლადაა ფრანგული რესტორნები და პირდაპირ ქუჩაში ყიდიან ბაგეტებსა და კრუასანებს. ზოგიერთი ასეთი რესტორანი თავად ფრანგების აშენებულ-გახსნილია და იმ დროინდელია, როცა ლაოსი ფრანგული ინდოჩინეთის ნაწილი იყო.

სამზარეულოს წარმოშობა

რედაქტირება
 
ე.წ. წებოვანი ბრინჯი კალათით

თავად ქვეყანა ლაოსი თავდაპირველად მხოლოდ ინდოჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილს მოიცავდა. დღეისათვის ეს მიწები უკვე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეკუთვნის. ჩინელებისა და მონღოლებისაგან შევიწროვებული ლაოსელები თანდათან სამხრეთისკენ გადასახლდნენ, სადაც შექმნეს თავიანთი ახალი კულტურა და გასტრონომია. მასზე დიდი გავლენა იქონია ტაილანდურმა (მაშინ სიამი) და კამბოჯურმა კულინარიებმა, ვინაიდან გადასახლებული ლაოსელები სწორედ მათ მიწებზე სახლდებოდნენ.

საუკუნეების განმავლობაში ლაოსურ გასტრონომიაში თითქმის არაფერი შეცვლილა, მაგრამ კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენასა და დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების დაწყებას ლაოსზეც ჰქონდა გავლენა. სწორედ ამ პერიოდში შევიდა მის სამზარეულოში პომიდორი, პაპაია, სიმინდი, ანანასი, ჩილის წიწაკა. ამ ყველაფერმა ლაოსში ვიეტნამიდან, კამბოჯიდან, მაკაუდან და ფილიპინებიდან შეაღწია. პორტუგალიასთან სავაჭრო შეთანხმების დადების შემდეგ ლაოსსა და სხვა აზიურ ქვეყნებში არაადგილობრივი პროდუქტები უფრო სწრაფად გავრცელდა.

1500-იანი წლების შუა პერიოდში ევროპელმა ვაჭრებმა უკვე აღმოაჩინეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე მიმავალი არაერთი გზა, რამაც ლაოსი ევროპას დაუკავშირა. ცნობილი ევროპელები, რომელთაც ევროპიდან ვიეტნამამდე ლაოსის გავლით იმოგზაურეს და აღწერეს მისი კულტურა, იყვნენ: ფერნანდო მენდეს პინტო, დიეგო ველოსო, ბლას რუისი, გიბარდ ვან ვუშთორფი, ჯოვანი ფილიპო დე მარინი, ჟან ბაპტისტ პალეგუა და ჰენრი მუჰოტი.

გამოჩენილი მოგზაური სიმონ დე ლა ლუბერი, რომელმაც ტაილანდში, კერძოდ კი ბანგკოკსა და მის მიდამოებში იმოგზაურა, წერდა, რომ პაპაია სიამში უფრო ფართოდ იყო გავრცელებული. სამაგიეროდ, ჟან ბაპტისტ დე პელეგუას ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ პაპაია და ჩილის წიწაკა ლაოსურ ნიადაგში უკეთ ხარობდა ვიდრე ტაილანდურში, რის გამოც ადგილობრივებს ისინი დიდი რაოდენობით მოჰყავდათ. ჰენრი მუჰოტის მონაცემებიდან კი ვიგებთ, რომ „ლაოსელები, პირდაპირი მნიშვნელობით, აღმერთებენ ჩილის წიწაკას“.

სასმელები

რედაქტირება

ლაოსში ყველაზე პოპულარული სასმელი ყავაა, რომელიც ქვეყანაშივე აქტიურად იწარმოება. შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, თუმცა მაინც გავრცელებულია ჩაიც. ასევე ერთობ პოპულარულია ქოქოსისა და შაქრის ლერწმის წვენები.

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებს, ყველაზე მოთხოვნადი თავად ლაოსური ლუდია, რომელსაც რეიტინგში მოსდევს ლაოსური ღვინო, შემდეგ ლაოსური ვისკი და ბოლოს ტრადიციული ლაოსური ბრინჯის ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Davidson, Alan (1975). Fish and Fish Dishes of Laos. Rutland, Vermont: Charles E. Tuttle Co. ISBN 0-907325-95-5.
  • Du Pont De Bie, Natacha (2004). Ant Egg Soup: The Adventures of a Food Tourist in Laos. London: Sceptre. ISBN 0-340-82567-7.
  • Sing, Phia. Alan Davidson and Jennifer Davidson, eds. (1981) Traditional Recipes of Laos: Being the Manuscript Recipe Books of the Late Phia Sing, from the Royal Palace at Luang Prabang, Reproduced in Facsimile and Furnished With an English Translation. London: Prospect Books. ISBN 0-907325-02-5.
  • Culloty, Dorothy (2010). Food from Northern Laos - The Boat Landing Cookbook. Te Awamutu, New Zealand: Galangal Press ISBN 978-0-473-17236-7
  • Xaixana Champanakone (2010). "Lao Cooking and The Essence of Life". Vientiane Publishing ISBN 978-9932-00-061-6