ბაგეტი (ფრანგ. Baguette [Baɡɛt]) — გრძელი, საკმაოდ თხელი ფრანგული პური. ბაგეტი ძირითადად მზადდება სპეციალური ცომით, რომელიც შედარებით ნაკლები რაოდენობით ცხიმსა და შაქარს შეიცავს. ის გამოირჩევა სიგრძით და ხრაშუნა ქერქით.

ბაგეტი
ტიპი პური
წარმოშობის ადგილი საფრანგეთი[1]
შემქმნელი უცნობია
მთავარი
ინგრედიენტები
ფქვილი, წყალი, საფუარი, მარილი
263 კკალ (1101 კჯ)
გლიკემიური ინდექსი 47 (დაბალი) [2]
ბაგეტები

ტიპური ბაგეტის დიამეტრი არის დაახლოებით 5-დან 6 სანტიმეტრამდე და სიგრძე დაახლოებით 65 სმ, თუმცა, იშვიათად, ბაგეტის სიგრძემ შეიძლება მიაღწიოს 1 მ-ს.

ისტორია რედაქტირება

ბაგეტის წარმოშობის ისტორია უფრო მითია, ვიდრე რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ამბავი,[3] მაგრამ რამდენიმე ფაქტმა ჩვენამდე მოაღწია. გრძელი, ჯოხის მსგავსი პურები საფრანგეთში უფრო პოპულარული გახდა XVIII საუკუნის დასაწყისში. ფრანგმა მცხობელებმა XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს „გრუაუს“ (gruau) ფქვილის გამოყენება, რომელიც შეიცავს ძალიან მცირე რაოდენობის ნუტრიენტებს და მისი წარმოშობა უნგრეთს უკავშირდება. ვენური ორთქლის ღუმელის გამოყენება ცხობისათვის პარიზში დამკვიდრდა 1839 წელს, როცა ის ავგუსტ ზანგმა შეიტანა საფრანგეთში. ზანგმა ასევე გაავრცელა „ვენური პური“ და კრუასანის თავდაპირველი ვერსია საფრანგეთში, შესაბამისად, ბაგეტის შექმნას, ხშირად ავგუსტ ზანგს მიაწერენ (ისევე, როგორც თანამედროვე კრუასანის გამოგონებას).[4]

სიტყვა baguette, ერთ-ერთი პურის სახელწოდებად ჩნდება და პირველად გამოიყენება 1920 წლის აგვისტოში სენის (პარიზის და შემოგარენის) დეპარტამენტის სარეგულაციო ნაწერში, „ბაგეტი, რომლის წონაც 80 გრამია და მაქსიმუმ 40 სმ სიგრძისაა, არ შეიძლება გაიყიდოს 0,35 ფრანკზე ძვირად“.[5] როგორც ცნობილია, ბაგეტი პირველად საფრანგეთში გაჩნდა XVIII საუკუნეში, მისი ყველაზე უბრალო და მარტივი ფორმით, ხოლო შემდეგ, მრავალჯერ განახლდა და შეიცვალა.[6]

 

ბაგეტი (baguette) ფრანგულად ნიშნავს ჯოხს, ხელკეტს ან ჩხირს, მაგ. მაგიური ჯოხი — baguette magique.

საფრანგეთის გარეთ, ბაგეტი ხშირად განიხილება, როგორც ფრანგული კულტურისა და სამზარეულოს სიმბოლო, მაგრამ ეს გაიგივება სულაც არაა უსაფუძვლო ან ახალი, იქედან გამომდინარე, რომ საფრანგეთში მსგავსი პურები ბაგეტის გამოგონებამდეც მზადდებოდა. გრძელი, ფართო პურები მზადდებოდა მეფე ლუი XIV-ის დროიდან, ხოლო გრძელი და შედარებით წვრილი პურები XVIII საუკუნის შუა წლებიდან და XIX საუკუნისთვის უკვე ისეთ გრძელ პურებს ამზადებდნენ, რომ მათი სიგრძე ბევრად აღემატებოდა დღევანდელი ბაგეტის სიგრძეს. მათი სიგრძე დაახლოებით 0,8 მეტრიდან 1,8 მეტრამდე იყო და ძალიან იყო გავრცელებული მაშინდელ საფრანგეთში.[7]

მსოფლიო ომების შემდეგ, ფრანგმა მცხობელებმა დაიწყეს თეთრი, შედარებით რბილი ბაგეტების ცხობა, რომელიც განსხვავდებოდა მანამდე გავრცელებული მუქი პურებისგან. ამ ცომს გასაფუებბლად ნაკლები დრო სჭირდებოდა და უფრო ნაკლებ დანამატებსაც ითხოვდა, მაგრამ შესამჩნევად ნაკლებად მკვეთრი გემო ჰქონდა. მათ ასევე დაიწყეს წინასწარ მომზადებული ცომისა და ფორმების გამოყენება. პურის საშუალო მოხმარება 1900-იანი წლების დასაწყისში 600 გრამიდან 1986 წელს 170 გრამამდე შემცირდა.[8].

მითები რედაქტირება

 

ზოგი ამბობს, რომ ნაპოლეონ ბონაპარტმა შექმნა ფრანგული ბაგეტი, რათა ჯარისკაცებს უფრო ადვილად შეძლებოდათ პურის ტარება, იქედან გამომდინარე, რომ სხვა პურების მრგვალი ფორმა დიდ ადგილს იკავებდა.

მეორე მითის მიხედვით, ბაგეტი თანასწორობის პურია, რადგან ის სპეციალურად შეიქმნა როგორც მდიდარი, ისე ღარიბი ხალხისთვის.[9]

დღეს რედაქტირება

1944 წლის აპრილში საფრანგეთში გაიმართა კონკურსი სახელწოდებით Le Grand Prix de la Baguette, იმის დასადგენად, თუ ვინ ამზადებდა საუკეთესო ბაგეტებს. ეს კონკურსი დღემდე გრძელდება და მასში თითქმის 200 მცხობელი ასპარეზობს ყოველწლიურად, რომლებიც წარდგებიან 14-კაციანი ჟიურის წინაშე და მიყვებიან მკაცრად დადგენილ წესებს. მათი შეფასება ხდება ცხობის, გარეგნობის, სუნის, გემოვნების, სიფაფუკის და ხრაშუნის საფუძველზე. გამარჯვებული იგებს 4 000 ევროს და საფრანგეთის პრეზიდენტს ამარაგებს პურით ყოველდღიურად იმ წლის განმავლობაში, სანამ ახალ გამარჯვებულს არ აირჩევენ[10].

2022 წლის 30 ნოემბერს შეიტანეს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.[11]

სქოლიო რედაქტირება