ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლამარკიზმი — ცოცხალი ბუნების განვითარების პირველი თეორია, რომლის ძირითადი იდეები გადმოცემულია ჟ. ბ. ლამარკის „ზოოლოგიის ფილოსოფიაში“ (1809). ლამარკს ცოცხალი ბუნების განვითარება წარმოედგინა როგორც ნელი, თანდათანობით მიმდინარე პროცესი, ორგანიზმთა აგებულების განუყრელი აღმავლობა მარტივიდან რთულისაკენ, რასაც მან გრადაცია უწოდა. ზოგ შემთხვევაში ლამარკი ორგანიზმთა აგებულების გართულებას ფლუიდების მოქმედებით ხსნიდა. ევოლუციის ერთ-ერთ ფაქტორად მას მიაჩნდა „სწრაფვა სრულყოფილებისკენ“. ლამარკის აზრით, ცოცხალი ბუნების განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორია ორგანიზმზე გარემო პირობების მუდმივი გავლენაც, რომლითაც შეცვლა ახალ სახეობათა წარმოქმნის საფუძველია. მცენარეებზე და დიფერენცირებულ ნერვულ სისტემას მოკლებულ ცხოველებზე გარემო უშუალოდ მოქმედებს და მათში შეგუებით ცვლილებებს იწვევს. ნერვული სისტემის მქონე ცხოველებზე ეს ზემოქმედება არაპირდაპირია. გარემო პირობების შეცვლა ცხოველის მოთხოვნილებების, ქცევებისა და ჩვევების შეცვლას იწვევს, რის შედეგადაც ზოგი ორგანო გაძლიერებულადაც ვარჯიშობს და პროგრესულად ვითარდება, ძლიერდება, იზრდება (მაგ. ჟირაფის კისერი და კიდურები, წყლის ფრინველთა თითებს შორის საცურავი აპკი). ზოგი კი გაუვარჯიშებელია და სუსტდება, კნინდება, ქრება (თხუნელას თვალი, სირაქლემას ფრთები და სხვ.). თუ გარემო პირობების უშუალო ან არაპირდპირი გავლენით ორგანიზმებში წარმოქმნილი ფუნქციურ-მორფოლ. ცვლილებები მრავალ თაობაში მეორდება, ისინი მემკვიდრეობით გადაეცემა შტამომავლობას, ძლიერდება და ახალ სახეობათა ნიშან-თვისებებად იქცევა. ლამარკი ორგანიზმების ევოლ. გარდაქმნაში მთავარ როლს ფუნქციას აკუთვნებდა და ფორმის ცვლილებას ფუნქციის ცვლილებად მიიჩნევდა. დებულებას ორგანოთა გავარჯიშების თუ გაუვარჯიშებლობის, აგრეთვე შეძენილი ნიშან-თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ მან ევოლუციის უნივერსალური კანონების მნიშვნელობა მიანიჭა. ლამარკის დებულება შეძენილ ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობით გადაცემის შესახებ XIX საუკუნის დასასრულს და განსაკუთრებით XX საუკუნის დასაწყისში გენეტიკის მონაცემებმა უკუაგდო. თავისი ევოლუციის თეორიის დამუშავებისას ლამარკი ეყრდნობოდა შემდეგ ფაქტებს: სახესხვაობათა არსებობას; მონათესავე სახეობათა დიაგნოსტიკის სიძნელეს და ბუნებაში მრავალი „საეჭვო სახეობის“ არსებობას; სახეობათა ცვალებადობას სხვაგვარად ევოლუციას და გეოგრაფიულ პირობებში მოხვედრისას; ჰიბრიდიზაციის, განსაკუთრებით სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციის შემთხვევებს; ნამარხ ფორმათა არსებობას; ცოცხალ არსებათა ცვლილებებს მოშინაურებისას და სხვა. ლამარკი უარყოფდა სახეობათა შორის რეალური საზღვრების არსებობას და ბუნებაში თვით სახეობათა რეალურად არსებობასაც. იგი შესაძლებლად მიიჩნევდა უმარტივესი ორგანიზმების არაცოცხალი მატერიიდან წარმოქმნას. ამ ორგანიზმების ხანგრძლივი ისტორიული პროცესის შედეგად კი-უფრო რთული ორგანიზმებისა და თვით ადამიანის წარმოშობას. ევოლუციის პრინციპი ლამარკმა ადამიანის წარმოშობაზეც გაავრცელა. მისი აზრით, ადამიანი რომელიღაც უმაღლესი მაიმუნისგან წარმოიშვა. ადამიანის წარმოშობის ერთ-ერთ ფაქტორად ის გამართულ სიარულზე გადასვლას და მეტყველების გაჩენას მიიჩნევდა. ლამარკმა ვერ ახსნა ორგანიზმების მიზანშეწონილობა, რომელსაც იგი განიხილავდა როგორც თავიდანვე არსებულს, „ბუნების შესანიშნავი ჰარმონიის“ გამოხატულებას მან ვერ იპოვა ორგ. სამყაროს ევოლუციის ნამდვილი მიზეზი, თუმცა პირველმა წამოაყენა ორგ. სამყაროს განვითარების პრინციპი ცოცხალი ბუნების საყოველთაო კანონად და ევოლუციის პრობლემა სპეციალური შესწავლის საგნად, ბიოლოგიის კვლევის განსაკუთრებულ მიმართულებად აქცია. ლამარკმა აღიარება ვერ ჰპოვა და ლამარკის სიკვდილის შემდეგ დავიწყებას მიეცა. XIX ს. დასასრულს ლამარკის აღორძინება ნეოლამარკიზმის სახით მოასწავებდა დარვინიზმის გავრცელების წინააღმდეგ რეაქციას.

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლამარკიზმი“-დან