კრისტიან ამანფური
ვიკიპედიელთა მოსაზრებით ეს სტატია ან სექცია უნდა შეერწყას სტატიას/სექციას ქრისტიან ამანპური (განხილვა). |
კრისტიან ამანფური, სპარს.کریستین امانپور, ინგლ.Christiane Maria Heideh Amanpour; (დ.1958 წ.) - ირანული წარმოშობის ბრიტანელი ტელეჟურნალისტი, კორესპონდენტი და წამყვანი, რომელმაც სახელი გაითქვა შეიარაღებული კონფლიქტების ზონებში მუშაობით.
კრისტიან ამანფური | |
---|---|
დაბადების თარიღი |
1958 წლის 12 იანვარი ლონდონი, ბრიტანეთი |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთი |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
შვილ(ებ)ი | დარიუსი |
მშობლები |
მამა: მუჰამედ თაღი ამანფური დედა: პატრიცია ენი ჰილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკრისტიან ამანფური დაიბადა დასავლეთ ლონდონში მდებარე ილინგის დასახლებაში. სპარსელი მამის და ინგლისელი დედის ოჯახში ის ოთხ დას შორის ყველაზე უფროსი იყო. ბავშვობაში იგი თეირანში იზრდებოდა, თუმცა განათლების მისაღებად 11 წლის ასაკში ინგლისში გოგონათა სკოლაში გაიგზავნა. ირანში რევოლუციის და ერაყთან ომის დაწყების შემდეგ ოჯახმა საბოლოოდ ემიგრირება გადაწყვიტა.
ბაკინგჰემშირში გოგონათა სკოლაში სწავლის შემდეგ კრისტიან ამანფური კათოლიკურ სასწავლებელში გადავიდა. ბავშვობიდან ის ჟურნალისტიკით იყო გატაცებული, ამიტომ ამ სფეროში განათლების მისაღებად აშშ-ში გაემგზავრა და როდ-აილენდის უნივერსიტეტში ჩააბარა. 1983 წელს ბაკალავრის განხრით ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მან თავდაპირველად ქალაქ პროვიდენსში რადიორეპორტიორად და პროდიუსერად დაიწყო მუშაობა.[1]
შემდეგ ამანფური ენ-ბი-სი-ში ელექტრონული გრაფიკის დიზაინერად საქმიანობდა. ამავე წელს იგი მიიწვიეს ატლანტაში მდებარე სი-ენ-ენის რედაქციაში თანაშემწედ. უცხოეთში პირველი სერიოზული გამოცდა მისთვის ირან-ერაყის ომი გახდა. 1986 წლიდან ჟურნალისტი ევროპის ბიუროში გადავიდა, საიდანაც აშუქებდა სოციალისტური ბანაკის რღვევის პროცესს. 1990 წელს იგი ნიუ-იორკის სტუდიაში მუშაობდა, ხოლო მომდევნო წელს სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს მისმა პროფესიულმა საქმიანობამ დიდი როლი შეიტანა მსოფლიოს მასშტაბით CNN-ის პოპულარიზაციაში.
1990-იანი წლების დასაწყისში კრისტიან ამანფური იუგოსლავიის კონფლიქტის ზონიდან გადასცემდა რეპორტაჟებს, რომელიც ხშირად ბოსნიელ მუსლიმანთა მიმართ სიმპათიით იყო გაჯერებული. ნეიტრალურობის დარღვევის შესახებ ბრალდებები მან აღიარა, თუმცა იგი გაამართლა არგუმენტით სერბთა მხრიდან გენოციდის მიზანმიმართული პოლიტიკის თაობაზე.[2]
როგორც უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი, 1992 წლიდან 2010 წლამდე კრისტიან ამანფური მუშაობდა ერაყში, ავღანეთში, პალესტინაში, პაკისტანში, რუანდაში, ისრაელში და ა.შ.[3] საბრძოლო მოქმედებების ზონიდან რეპორტაჟების გარდა, იგი იწერდა ინტერვიუებს სხვადასხვა რეგიონის ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწესთან თუ სამხედრო ლიდერთან, 2009-10 წლებში კი მას ასევე ყოველდღიური საავტორო გადაცემა მიჰყავდა.
სი-ენ-ენში 25 წლიანი ყოფნის შემდეგ 2010 წელს იგი გადავიდა ეი-ბი-სის ახალი ამბების რედაქციაში,[4], თუმცა ორი თვის შემდეგ მოულოდნელად დაბრუნდა ისე, რომ ორივე ორგანიზაციაში შეთავსებით გააგრძელა საქმიანობა.
სირიის სამოქალაქო ომის საწყის პერიოდში კრისტიან ამანფური მხარს უჭერდა აშშ-ს და ბრიტანეთის მხრიდან პირდაპირ სამხედრო ჩარევას ასადის არმიის შესაჩერებლად. ამ პოზიციამ მის კოლეგებს შორის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია ზოგადად ჟურნალისტური ეთიკის თვალსაზრისით.
კოვიდ-პანდემიის დაწყების შემდეგ იგი ინგლისში მდებარე საკუთარი სახლიდან ვიდეოჩართვების მეშვეობით მაუწყებლობდა რამდენიმე ამერიკული ტელეარხისთვის. 2020 წლის ნოემბერში ჟურნალისტმა მკაცრად დაგმო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობა და იგი ნაცისტების პოლიტიკას შეადარა ფაქტების, ცოდნის და ისტორიის წინააღმდეგ მისი დამოკიდებულების თვალსაზრისით,[5] თუმცა მწვავე კრიტიკის მოსმენის შემდეგ ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
ამანფური მუშაობს გავლენიანი "საგარეო ურთიერთობათა საბჭოს" წევრად, აგრეთვე საქმიანობს მედიის თავისუფლების დაცვის ორგანიზაციებში. 2015 წელს იუნესკომ იგი დანიშნა კეთილი ნების ელჩად ჟურნალისტთა თავისუფლებების საკითხებში.
აღიარება
რედაქტირებაკრისტიან ამანფურმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და დაჯილდოვდა პრიზებით ჟურნალისტიკის დარგში. მას აგრეთვე მიენიჭა ქალაქ სარაევოს საპატიო მოქალაქის სტატუსი, რამდენიმე უნივერსიტეტისგან კი - დოქტორის საპატიო წოდება:
- როდ აილენდის უნივერსიტეტი;
- ემორის უნივერსიტეტი;
- მიჩიგანის უნივერსიტეტი;
- ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
- სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი.
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირებაკრისტიან ამანფური დაქორწინებული იყო ჯეიმზ რუბინზე, რომელმაც დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტი და სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მრჩევლად იმუშავა. 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ის კლინტონის საარჩევნო გუნდის წევრი იყო, შემდეგ კი ტელეარხ "სქაის" გადაცემის წამყვანი და პოლიტიკური კომენტატორი გახდა.[6]
წყვილი ერთმანეთს კოსოვოს კონფლიქტის პერიოდში შეხვდა და 1998 წელს იტალიაში დაქორწინდა, ოცწლიანი ურთიერთობის შემდეგ კი მათ გამოაცხადეს, რომ განქორწინებას აპირებდნენ.[7]
მათ ერთი ვაჟი ჰყავთ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Media figure: Christiane Amanpour biography.com
- ↑ Christiane Amanpour childhood story plus untold biography facts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-21. ციტირების თარიღი: 2021-03-11.
- ↑ Christiane Amanpour ad Jamie Rubin divorcing after 20 years of marriage dailymail.co.uk
- ↑ Christiane Amanpour final thoughts on leaving CNN wallstreetpit.com
- ↑ CNN Anchor Christiane Amanpour Compares Trump’s Four Years to Nazi Kristallnacht: ‘Assault on Those Same Values’ msn.com
- ↑ Christiane Amanpour biography marriedbio.com
- ↑ CNN host Christiane Amanpour and husband split after 20 years of marriage aol.com, 11 July 2018