ერნან კორტესი

ხელოუ
(გადამისამართდა გვერდიდან კორტესი, ჰერნან)

ერნანდო კორტეს დე მონროი ი პისარო ალტამირანო (ესპ. Hernando Cortés de Monroy y Pizarro Altamirano), ცნობილი როგორც ერნან კორტესი (ესპ. Hernán Cortés; დ. 1485, მედელინი, ბადახოსის პროვინცია — გ. 2 დეკემბერი, 1547, კასტილიეხა-დე-ლა-კუესტა, სევილიის პროვინცია) — ესპანელი კონკისტადორი. მექსიკის დამპყრობელი და აცტეკთა იმპერიის გამანადგურებელი. იმპერატორმა კარლ V ჰაბსბურგმა მას მიანიჭა ოახაკის ხეობის მარკიზის ტიტული. მისი ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა შემონახული, ამიტომ კორტესის პიროვნებისა და მემკვიდრეობის შესახებ ისტორიკოსები საკმაოდ განსხვავებულ ვარაუდებს გამოთქვამენ.

ერნან კორტესი

ერნან კორტესი
მშობლიური სახელი ესპ. Fernando Cortés Monroy Pizarro Altamirano
დაბადების თარიღი 1485
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1547
პროფესია კონკისტადორი, ავანტიურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1485 წელს ესტრემადურის ქალაქ მედელინში, რომელიც იმ პერიოდში კასტილიის შემადგენლობაში შედიოდა. მამამისი უძველესი გვარის შთამომავალი იყო, მაგრამ გაკოტრდა და მსახურობდა ქვეითთა ბრიგადის კაპიტნად. მამის ხაზით იგი ნიკოლას დე ოვანდოს, ესპანიოლის პირველი გუბერნატორის, შორეული ნათესავი, ხოლო დედის ხაზით ფრანსისკო პისაროს, პერუს დამპყრობელის, ნათესავი იყო (მისი შთამომავალი, სახელად ასევე ფრანსისკო პისარო, თან ახლავს კორტესს მექსიკის დაპყრობისას).

კორტესის ისტორიკოსი ფრანსისკო ლოპეს დე გომარა, მას აღწერს როგორც, სუსტ, ავადმყოფ ბავშვს, რის გამოც გადაუწყვეტია გამხდარიყო იურისტი ან მღვდელი. 14 წლის ასაკში სასწავლებლად შევიდა სალამანკის უნივერსიტეტში. ამ პერიოდის წყაროები შემორჩენილი არაა, მაგრამ როგორც მისი მეფისადმი მიწერ-მოწერით ირკვევა სწავლობდა სამართალსა და ლათინურს.

ორი წლის შემდეგ მიატოვა უნივერსიტეტი, იმედები გაუცრუა საკუთარ მამას, რომელსაც სურდა შვილის სწავლით აემაღლებინა ოჯახის სოციალური სტატუსი. მალევე კორტესმა სევილიაში დაიწყო მუშაობა ნოტარიუსად. ამ პერიოდში ესპანეთში გავრცელდა ინფორმაცია ახალი სამყაროს აღმოჩენის შესახებ.

1502 წელს ერნან კორტესმა გადაწყვიტა თავის შორეულ ნათესავთან, მომავალში კ. ესპანიოლის პირველ გუბერნატორ, ნიკოლას დე ოვანდოსთან ერთად გამგზავრებულიყო ახალ სამყაროში. თუმცა ამ პერიოდისათვის ვერ შეძლო მიზნების განხორციელება.

ახალი სამყარო

რედაქტირება

1504 წელს ერნან კორტესი სანტო-დომინგოში ჩავიდა და დარეგისტრირდა როგორც კოლონიზატორი. მიიღო მიწა და სახლის აშენების უფლება. გუბერნატორმა ოვანდომ იგი ქალაქ ასუსის ნოტარიუსად დანიშნა. კორტესი ასევე ჩართული იყო ინდიელების აჯანყების ჩახშობაში, რითაც საკმაოდ გაიუმჯობესა საკუთარი მატერიალური მდგომარეობა.

1510 წელს კორტესი გაერთიანდა კუბის დამპყრობელის, დიეგო ველასკესის რაზმში. იგი კორტესს მოწყალების თვალით უყურებდა, რის გამოც 26 წლის კონკისტადორი კოლონიაში ყველაზე ცნობილი პიროვნება გახდა. სულ მალე კორტესი გახდა ველასკესის მდივანი და დაინიშნა სანტიაგო-დე-კუბის ალკალდად.

1514 წელს კორტესმა, კოლონისტების მცირე დაჯგუფებასთან ერთად მოითხოვა პირად საკუთრებაში მყოფი ინდიელი მონების რიცხვის გაზრდა, რის გამოც გაუფუჭდა ურთიერთობა გუბერნატორთან. კორტესი ორჯერ დააპატიმრეს. მიზეზი, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო პირადი მოტივები: კორტესი იძულებული გახდა ცოლად შეერთო გუბერნატორის ცოლის და (ესპ. cuñada) კატალინა სუარესი.

საინტერესოა, რომ კუბაში ცხოვრების პერიოდში, კორტესი ნაკლებად ინტერესდებოდა კოლინიის გარეთა საქმეებით. მან უარი განაცხადა ფრანსისკო ერნანდეს დე კორდოვასა და ხუან გრიხალვას ექსპედიციებში მონაწილეობაზე.

ექსპედიცია მექსიკაში

რედაქტირება
 
1519-1521 წლის ლაშქრობის მარშრუტი

მექსიკის დაპყრობის იდეა ეკუთვნის ველასკესს, იგი იყო ექსპედიციის მთავარი სპონსორიც. 1518 წელს კორტესი დაინიშნა მეთაურად, მაგრამ კუბის გუბერნატორთან მორიგი კამათის შედეგად ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. საბოლოოდ 1519 წლის 10 თებერვალს ექსპედიციამ დატოვა კუბა და გაემართა მექსიკის სანაპიროებისკენ. კორტესის არმიაში შედიოდა 518 ფეხოსანი, 16 ცხენოსანი რაინდი, 13 არკებუზის მსროლელი, 32 არბალეტის მსროლელი, 110 მატროსი და 200 მონა - კუბელი ინდიელები და ზანგები.

ტენოჩტიტლანში ესპანელები შევიდნენ 1519 წლის 8 ნოემბერს, რომელთაც თავაზიანი დახვედრა მოუწყო აცტეკთა ტლატოანმა მონტესუმა II-მ. მონტესუმამ კორტესი დააჯილდოვა მდიდრული ოქროს ნივთებით, რამაც კიდევ უფრო გააღვივა ესპანელებში ამ ქვეყნის დაპყრობის სურვილი.

1520 წლის ივნისში, მექსიკის ყურის სანაპიროებიდან მოვიდა ცნობა, რომ კუბის გუბერნატორის, ველასკესის მიერ გამოგზავნილ იქნა ესპანელთა რაზმები ურჩი კორტესის შესაჩერებლად და დასატყვევებლად. ამ ამბის შეტყობის შემდეგ, კორტესი ტენოჩტიტლანში ტოვებს თავის უერთგულეს ლეიტენანტ პედრო დე ალვარადოს და თვითონ რაზმთან ერთად მიემართება სანაპიროსაკენ, სადაც ის სასტიკად ამარცხებს ესპანელტა რაზმებს. დამარცხებულ ჯარისკაცებს კორტესი უყვება ოქროს ქალაქის – ტენოჩტიტლანის შესახებ და ისინიც, სიმდიდრეს დახარბებულნი, სასწრაფოდ უერთდებიან კორტესს.

მწუხარების ღამე და ტენოჩტიტლანის დაცემა

რედაქტირება

ივნისის ბოლოს, როდესაც კორტესი ტენოჩტიტლანში დაბრუნდა, მას ახალი ამბავი დახვდა: აცტეკებს უკვე ახალი იმპერატორი ჰყავდათ არჩეული – კუიტლაუაკი. სულ ცოტა ხნის შემდეგ, აცტეკებმა ალყა შემოარტყეს მონტესუმას სასახლეს, სადაც ესპანელები იყვნენ დაბანაკებულნი. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა კორტესმა, აიძულა მონტესუმა გასულიყო სასახლის აივანზე და დაეშოშმინებინა გააფთრებული აცტეკები და ეთხოვა მათთვის, რომ ესპანელებისთვის მიეცათ საშუალება, რათა უკან, სანაპიროზე მშვიდობით დაბრუნებულიყვნენ. ვერაფერმა დააშოშმინა გაშმაგებული აცტეკები, მათ მონტესუმას სიცილი დააყარეს, ქვებისა და შუბების წვიმა დაუშინეს. შედეგად მონტესუმა დაიჭრა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ალყაში მოქცეულ კორტესის ამალას სულ რამდენიმე დღის სამყოფი წყალი და საკვები დარჩენოდა. ამიტომ კორტესმა ალყის გარღვევა გადაწყვიტა.

1520 წლის 30 ივნისის ღამეს, ესპანელთა გაძლიერებული არმია, შემოვლითი გზებით, აცტეკების მძინარე ქალაქში შევიდა. მაგრამ ისინი ქალაქის დარაჯმა მაინც შენიშნა და განგაშის ზარების რეკვა დაიწყო. ბრძოლა სასტიკი აღმოჩნდა. ბრძოლის პარალელურად, ესპანელებს თან ქალაქის ოქრო გაჰქონდათ ტბაზე სახელდახელოდ მოწყობილი ხიდების საშუალებით. ზოგიერთმა ესპანელმა იმდენად იხარბა, რომ ოქროს სიმძიმემ დასცა და ტბაში დაახრჩო.

ბრძოლაში კორტესმა მხოლოდ 150 ესპანელი ჯარისკაცი და 2.000 ადგილობრივი მოკავშირე დაკარგა. თვითონ კორტესმა, ალვარადომ და კიდევ რამდენიმე კაცმა ძლივს მოახერხა ტენოჩტიტლანიდან გაქცევა.

საბოლოოდ 1521 წლის აგვისტოში დაიწყო შტურმი ქალაქზე, ტენოჩტიტლანის დაცვის დროს განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი და გმირობა გამოამჟღავნა კუაუტემოკმა. 13 აგვისტოს კუაუტემოკის დამხობის შემდეგ, აცტეკების სამეფო გადაწვეს.

მექსიკის მმართველი

რედაქტირება

1524 წლამდე კორტესი ერთპიროვნულად განაგებდა მექსიკას. 1525 წელს კორტესის ბრძანებით კუაუტემოკი სასტიკად აწამეს. მან ასევე განიზრახა გალაშქრება კუბაზე, რათა ანგარიში გაესწორებინა ველსაკესისათვის. ამ გადაწყვეტილებამ კარლ V ჰაბსბურგი იძულებული გახადა თანამდებობიდან გადაეყენებინა კორტესი. ახალი გუბერნატორი მალევე გარდაიცვალა, მომდევნო მმართველები, მარკოს დე აგილარი და ალონსო დე ესტრადა, მტრულად უყურებდნენ კორტესს. 1527 წელს კორტესი იძულებული იყო დაეტოვებინა მექსიკა, დაბრუნებულიყო ესპანეთში და მეფისათვის ჩაებარებინა ანგარიში თავისი მოღვაწეობის შესახებ.

ესპანეთში ვიზიტი და მექსიკაში დაბრუნება

რედაქტირება

ევროპაში დაბრუნება, ცხოვრების უკანასკნელი წლები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: