მონტესუმა II (1466 – 1520) — ტენოჩტიტლანის რიგით მეცხრე მბრძანებელი (1502-1520 წ.წ.). მისი მმართველობის პერიოდი იმითაა გამორჩეული, რომ სწორედ ამ დროს დაიპყრეს ესპანელებმა აცტეკების იმპერია.

მონტესუმა. ანტონიო დელ სოლისის ნახატი, 1715 წ.

მონტესუმას პორტრეტს ისტორია გვიხატავს მისი, როგორც დამარცხებული ხალხის ბელადის ჭრილში. ბევრი წყარო მას საკმაოდ სუსტ და მერყევ მმართველად აღწერს.

მისი მმართველობისას, აცტეკების იმპერიამ მიაღწია მაქსიმალურ ზომას. ექსპანსიური ომების ხარჯზე მონტესუმამ თავისი იმპერია გააფართოვა სამხრეთით და მას შემოუერთა ისეთი სამხრეთ ტერიტორიები, როგორიცაა – ხოკონოსკო, ჩიაპასი, ტეუანტეპეკის ყელი. ასევე შეიერთა საპოტეკის და იოპის ხალხები.

მონტესუმას ჰყავდა რვა ქალიშვილი, რომელთაგან ჩვენ ვიცნობთ ტეკუიჩპოს – იგივე დონა ისაბელ მონტესუმას და თერთმეტი ვაჟი. მათგან ისტორიისთვის ცნობილია ჩიმალპოპოკა და ტლალტეკაცინი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

პირველწყარო, რომელიც ესპანელების მექსიკაში შეჭრის შესახებ გვიამბობს, არის ესპანელთა რაზმის ერთ-ერთი წევრის, ბერნალ დიას-დელ-კასტილიოს მიერ დაწერილი „ახალი ესპანეთის დაპყრობის ნამდვილი ისტორია". აი როგორ ახასიათებს იგი თავის წიგნში მონტესუმას, რომელმაც ის პირადად იხილა:

 
„ბრწყინვალე მონტესუმა იყო დაახლოებით ორმოცი წლის, საკმაოდ მაღალი, პროპორციული ტანის, არც ისე მუქი კანის მქონე, როგორც დანარჩენი ინდიელები. არ ატარებდა გრძელ თმას, ის მხოლოდ ყურებამდე სწვდებოდა. მას ჰქონდა მოკლე, თხელი და ფორმამიცემული შავი წვერი. მისი სახე საკმაოდ წაგრძელებული და მხიარული იყო, საკმაოდ ლამაზი თვალებით. მისი გარეგნობა და მანერები საკმაოდ გენიალური იყო, როცა საჭირო იყო, იგი ინარჩუნებდა სიმშვიდეს და თავდაჭერილობას. ის საკმაოდ აკურატული და სუფთა იყო, ყოველ შუადღეს იღებდა აბაზანას. ტანსაცმელს, რომელიც მას ერთ დღეს ეცვა, იგი აღარ იცმევდა, სანამ არ გავიდოდა სამი ან ოთხი დღე. მას ჰყავდა დაცვა, რომელიც შედგებოდა 200 ტომის ბელადისაგან. ისინი დაბინავებული იყვნენ მონტესუმას გვერდით მდებარე ოთახებში. მხოლოდ რამდენიმ მათგანს ჰქონდა მონტესუმასთან დალაპარაკების უფლება.“
 
აცტეკების იმპერატორთა დაპყრობები. მონტესუმას დაპყრობები - ყვითლად

სიკვდილი

რედაქტირება

ესპანელებისა და აცტეკების გადამწყვეტი შეტაკებისას, მონტესუმა მოკლეს. მკვლელობის ზუსტი დეტალები უცნობია. სხვადასხვა წყაროები სხვადასხვაგვარ ინფორმაციას გვაწვდიან.

ბერნალ-დიას-დელ-კასტილიო თავის „ახალი ესპანეთის დაპყრობის ნამდვილი ისტორიაში“ გადმოგვცემს, რომ ესპანელებმა აიძულეს მონტესუმა გამოსულიყო თავისი სასახლის აივანზე და აცტეკები დაეშოშმინებინა, უკანდახევისკენ მოეწოდებინა. მონტესუმას ამ საქციელმა მისი ხალხი განარისხა და მათ იმპერატორს ქვები და შუბები დაუშინეს, რის შედეგადაც მონტესუმა გარდაიცვალა.

ანალოგიურად გადმოგვცემს აცტეკთა უკანასკნელი იმპერატორის სიკვდილს თვითონ ერნან კორტესიც.

რეკომენდებული ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება