კონსტანსია კასტილიელი (1354-1394)

კონსტანსია კასტილიელი (ესპ. Constanza de Castilla, ინგლ. Constance of Castile; დ. 1354, კასტროხერისი, კასტილიის სამეფო — გ. 24 მარტი, 1394, ლეიცესტერშირი, ინგლისის სამეფო) — ივრეის დინასტიის წარმომადგენელი. კასტილიის მეფე პედრო I მრისხანეს ასული. ლანკასტერის ჰერცოგ ჯონ გენტელის მეორე ცოლი. კასტილიის დედოფალ კათრინ ლანკასტერელის დედა, ისაბელ I კასტილიელის დიდი ბებია;

კონსტანსია კასტილიელი
წოდებები
ლანკასტერის, ლეიცესტერის, დერბისა და აკვიტანიის ჰერცოგინია
დაიბადა 1354
კასტროხერისი, კასტილია
გარდაიცვალა 24 მარტი, 1394, (39-40 წლის)
ლეიცესტერშირი, ინგლისი
საგვარეულო ივრეები
მეუღლე(ები) ჯონი, ლანკასტერის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი კათრინი, კასტილიის დედოფალი
მამა პედრო I, კასტილიის მეფე
დედა მარია დე პადილია
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანსია დაიბადა 1354 წელს კასტროხერისში, ესპანეთში. იგი იყო კასტილიისა და ლეონის მეფე პედრო I მრისხანესა და მისი ცოლის, მარია დე პადილიას უფროსი ასული. მამამისმა, მეფე პედრომ ჩუმად იქორწინა თავის საყვარელ მარიაზე, თუმცა ეკლესიამ და დიდებულებმა მათი ქორწინება არ სცნეს, რის გამოც იგი მის საყვარლად დარჩა, დედოფალი არასოდეს ყოფილა და შესაბამისად, კონსტანსია და მისი და, ისაბელი უკანონო შვილებად მიიჩნეოდნენ ესპანეთში.

 
ჯონისა და კონსტანსიას შესვლა სანტიაგო-დე-კომპოსტელაში.

1371 წლის 21 სექტემბერს ბორდოში, საფრანგეთში კონსტანსია დაქორწინდა ლანკასტერის ჰერცოგ ჯონ გენტელზე, ინგლისის მეფე ედუარდ III-ისა და დედოფალ ფილიპა ენოელის შუათანა ძეზე, რომლის პირველი ცოლი, ჰერცოგინია ბლანკა 1368 წელს დაიღუპა შავი ჭირით. იმავდროულად, კონსტანსიას და, ისაბელი ცოლად გაჰყვა ასევე მეფე ედუარდის უმცროს ძეს, იორკის ჰერცოგ ედმუნდს.

1372 წლის 9 თებერვალს კონსტანსია დიდი ზეიმით შევიდა ლონდონში, როგორც კასტილიის დედოფალი, რომელსაც შეეგება მისი მაზლი, უელსის პრინცი ედუარდი და მისი ამალა. ინგლისური არისტოკრატია ლონდონის ქუჩებში გამოეფინა მის დასახვედრად. ინგლისში იგი სავოიის სასახლეში დააბინავეს. მთელი ეს ამბავი იმან გამოიწვია, რომ მისმა ქმარმა 1372 წლის 29 იანვარს კონსტანსიას მემკვიდრეობაზე დაყრდნობით თავი კასტილიის მეფედ გამოაცხადა, რადგან მეფე პედრო უვაჟოდ გარდაიცვალა, კონსტანსია კი მისი უფროსი ქალიშვილი იყო.

ეს იყო ჯონის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მეფის გვირგვინი მოეპოვებინა (ბავშვობაში იგი შოტლანდიის უმემკვიდრეო მეფე დეივიდ II-ის მემკვიდრედ განიხილებოდა, თუმცა ტახტი ვერ მიიღო, ამბიციები კი ბოლომდე შერჩა). ვინაიდან ჯონსა და ინგლისის მეფის ტახტს შორის მისი ძმა, ედუარდი, მისი ძე, პრინცი რიჩარდი და მეორე ძმა, ჰერცოგი ლაიონელი იდგნენ, გვირგვინის მიღების იმედი ინგლისში არ ჰქონდა, ამიტომაც იგი მას სხვა სამეფოში ეძებდა. ამრიგად, მას საშუალება მიეცა და თავი კასტილიის მეფედ გამოაცხადა და აიძულა ინგლისელი დიდებულები, რომ მისთვის „ესპანეთის ბატონი“ ეწოდებინათ, შესაბამისად, ინგლისში კონსტანსიასაც კასტილიის დედოფლად მოიხსენიებდნენ. რამდენიმე ბრძოლის შემდეგ ჯონის ბრძოლა მეფობისათვის წარუმატებლად დასრულდა. 1388 წელს მასსა და კასტილიის მეფე ხუან I-ს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება, რის მიხედვითაც კასტილიის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ენრიკე ცოლად ირთავდა მათ ქალიშვილ კათრინ ლანკასტერელს, რითაც ტახტი ტრასტამარებს დარჩათ.

კონსტანცია გარდაიცვალა 1394 წლის 24 მარტს ლეიცესტერის სასახლეში, 39-40 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ლეიცესტერში, წმინდა მარიამის სახელობის კათედრალში. სულ მალე ჯონი მესამედაც დაქორწინდა თავის საყვარელ კათრინ სუინფორდზე. კონსტანსიას ქვრივი 1399 წელს აღესრულა.

  1. კათრინი (1373-1418), ცოლად გაჰყვა კასტილიისა და ლეონის მეფე ენრიკე III-ს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი: არაგონისა და ნეაპოლის დედოფალი მარია, ალბუკერკეს ჰერცოგინია კატალინა და კასტილიისა და ლეონის მეფე ხუან II;
  2. ჯონი (1374-1375), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jonathan Sumption, Divided Houses: The Hundred Years War III (Faber & Faber, 2009), p. 122.
  • Leland's Itenerary Vol.1 Page 17 The Collegiate Church Newarke Constance daughter of Peter King of Castile, and wife of John of Gaunt, lieth before that High Altar in a tomb of marble with an image [Brass] (Like A Queen) on it
  • Charles James Billson, Mediaeval Leicester (Leicester, 1920)
  • Leese, Thelma Anna, Blood royal: issue of the kings and queens of medieval England, 1066-1399, (Heritage Books Inc., 1996), 222.
  • G.E. Cokayne; with Vicary Gibbs, H.A. Doubleday, Geoffrey H. White, Duncan Warrand and Lord Howard de Walden, editors, The Complete Peerage of England, Scotland, Ireland, Great Britain and the United Kingdom, Extant, Extinct or Dormant, new ed, 13 volumes in 14 (1910-1959 reprint in 6 volumes, Gloucester, U.K. Alan Sutton Publishing, 2000), volume XII/2, page 908 Hereinafter cited as The Complete Peerage