კათრინ ლანკასტერელი
კათრინ ლანკასტერელი (ინგლ. Catherine of Lancaster), აგრეთვე ცნობილია როგორც კატალინა (ესპ. Catalina; დ. 31 მარტი, 1373, ჰერტფორდი, ინგლისის სამეფო — გ. 2 ივნისი, 1418, ვალიადოლიდი, კასტილიის სამეფო) — ლანკასტერელების დინასტიის წარმომადგენელი. ინგლისის მეფე ედუარდ III-ის შვილიშვილი. კასტილიის დედოფალი 1390-1406 წლებში როგორც მეფე ენრიკე III-ის მეუღლე. მეფე ხუან II-ის დედა, ენრიკე IV-ისა და ისაბელ კასტილიელის ბებია.
კათრინ ლანკასტერელი | |
---|---|
კასტილიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ოქტომბერი, 1390 |
მმართ. დასასრული: | 25 დეკემბერი, 1406 |
წინამორბედი: | ბეატრიზ პორტუგალიელი |
მემკვიდრე: | მარია არაგონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 მარტი, 1373 |
დაბ. ადგილი: | ჰერტფორდი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 2 ივნისი, 1418, (45 წლის) |
გარდ. ადგილი: | ვალიადოლიდი, კასტილია |
დაკრძ. ადგილი: | ტოლედოს საკათედრო ტაძარი, ესპანეთი |
მეუღლე: | ენრიკე III, კასტილიის მეფე |
შვილები: |
ხუან II, კასტილიის მეფე მარია, არაგონის დედოფალი |
დინასტია: | ლანკასტერები |
მამა: | ჯონი, ლანკასტერის ჰერცოგი |
დედა: | კონსტანსია კასტილიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაკათრინი დაიბადა 1373 წლის 31 მარტს ჰერტფორდში. იგი იყო ლანკასტერისა და აკვიტანიის ჰერცოგ ჯონისა და მისი მეორე ცოლის პირველი საერთო შვილი. მამის მხრიდან იგი ინგლისის მეფე ედუარდ III-ის შვილიშვილი იყო, ხოლო დედის მხრიდან — კასტილიის მეფე პედრო I-ისა. მისი და-ძმებიდან აღსანიშნავნი არიან ინგლისის მეფე ჰენრი IV და პორტუგალიის დედოფალი ფილიპა.
მას შემდეგ, რაც 1385 წელს პორტუგალიის მეფე ჟუან I-მა ალხუბაროტას ბრძოლაში დაამარცხა ხუან I, კათრინის მშობლებმა კასტილიის ტახტზე პრეტენზია გამოთქვეს. 1386 წელს იგი თავის მშობლებს გაჰყვა კასტილიაში, რომლებსაც ტახტისათვის ბრძოლა ჰქონდათ განზრახული. კათრინის დის, ფილიპას პორტუგალიის მეფეზე დაქორწინების შემდეგ, მათ მხარეს გადავიდნენ პორტუგალიელებიც, რომლებიც 1387 წელს კასტილიელებმა ლეონში დაამარცხეს. ამის შემდეგ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდნენ, სადაც შეთანხმდნენ, რომ ინგლისელებიც და პორტუგალიელებიც უარს ამბობდნენ კასტილიის ტახტზე, სანაცვლოდ კი ხუან I-ის ვაჟი, ასტურიის პრინცი ენრიკე ცოლად შეირთავდა მათ უფროს ქალიშვილს, ანუ კათრინს.
1388 წლის 5 აგვისტოს გაფორმდა საქორწინო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კათრინის მზითვში შედიოდა ისეთი ქალაქები, როგორებიცაა: სორია, ატიენსა, დესა, მონილა და ალმასანი. იმავე წლის 17 სექტემბერს კათრინი და ენრიკე დაქორწინდნენ, რითაც იგი ასტურიის პრინცესა, ანუ მომავალი დედოფალი გახდა. ამ დროს სიძე მხოლოდ ცხრა წლის იყო, ხოლო პატარძალი — 15-ს.
1390 წელს ხუან I გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტს ენრიკე III იკავებს, რითაც კათრინი კასტილიის დედოფალი გახდა. ახალ ამპლუაში იგი აქტიურად მფარველობდა დომინიკელთა სასულიერო ორდენს და აფინანსებდა კათოლიკურ მისიებს აღმოსავლეთში.
1406 წელს იგი დაქვრივდა, რის გამოც ტახტი მისმა ერთი წლის ვაჟმა, ხუან II-მ დაიკავა, რომლის რეგენტიც დედოფალი კათრინი გახდა. მისი ინგლისური ფესვების გამო კასტილიელები არ ენდობოდნენ, რის გამოც დიდებულთა მოთხოვნით მეფეს მეორე რეგენტი დაენიშნა მისი ბიძის, არაგონის მეფე ფერდინანდ I-ის სახით. ვინაიდან კათრინი და ფერდინანდი ორ დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდნენ, მათი თანა-რეგენტობა გამუდმებული შუღლით ხასიათდებოდა, თუმცა ამ ბრძოლაში კათრინს ზურგს მისი და, პორტუგალიის დედოფალი ფილიპა უმაგრებდა, რომელსაც კასტილიაში თავისი გავლენის შენარჩუნება სურდა.
კათრინს აქტიური მიმოწერა ჰქონდა ანტიპაპ ბენედიქტე XIII-სთან. ცნობილია, რომ დედოფალი კათრინი დაეხმარა მას 1414 წელს კონსტანცის საეკლესიო კრების მოწყობაში. ამასობაში, 1416 წელს ფერდინანდ I გარდაიცვალა, რითაც კათრინი კასტილიის ერთპიროვნული რეგენტი გახდა, რასაც ქვეყანაში აშკარად მოჰყვა ინგლისური და პორტუგალიური გავლენების ზრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან ეს თანამდებობა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა, მიუხედავად ესპანელთა წინააღმდეგობისა.
დედოფალი კათრინ ლანკასტერელი გარდაიცვალა 1418 წლის 2 ივნისს ვალიადოლიდში, 45 წლის ასაკში. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს ტოლედოში, ტოლედოს საკათედრო ტაძარში, მეუღლის გვერდით.
შვილები
რედაქტირება- მარია (1401-1458), ცოლად გაჰყვა არაგონისა და ნეაპოლის მეფე ალფონსო V-ს, რომელთანაც შეეძინა შვილები;
- კატალინა (1403-1439), ცოლად გაჰყვა ალბუკერკეს გრაფ ენრიკე არაგონელს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- ხუან II (1405-1454), კასტილიის მეფე. პირველად იქორწინა მარია არაგონელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ისაბელ პორტუგალიელზე. ორივე ცოლთან შეეძინა შვილები, მათ შორის მეფე ენრიკე IV და დედოფალი ისაბელ I;
ლიტერატურა
რედაქტირება- Anthony Goodman: "Katherine of Lancaster" in Oxford Dictionary of National Biography. Vol. 30 (2004), p. 890–891.
- MacKay, Angus. Spain in the Middle Ages: From Frontier to Empire, 1000–1500. New York: St. Martin's Press, 1977.
- The Breakdown of 'Convivencia': The Iberian Peninsula 1350–1506
- Lopes, Fernão. The English in Portugal, 1367-1287 p227-237
- Echevarria, Ana. "Catherine of Lancaster, the Castilian Monarchy and Coexistence", en Late Medieval Spain (Festschrift Prof. Angus I. K. MacKay). Eds. R. Collins y A. Goodman. London/New York: MacMillan Press, 2002: 79–122.