ბლანკა ლანკასტერელი (ინგლ. Blanche of Lancaster; დ. 25 მარტი, 1342 — გ. 12 სექტემბერი, 1368) — პლანტაგენეტთა დინასტიის წარმომამდგენელი. ლანკასტერის ჰერცოგინია როგორც ჰერცოგ ჰენრი ლანკასტერელის ქალიშვილი. ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის დედა.

ბლანკა ლანკასტერელი
წოდებები
ლანკასტერის ჰერცოგინია
დაიბადა 25 მარტი, 1342
გარდაიცვალა 12 სექტემბერი, 1368, (26 წლის)
საგვარეულო პლანტაგენეტები
მეუღლე(ები) ჯონი, ლანკასტერის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ფილიპა, პორტუგალიის დედოფალი
ჰენრი IV, ინგლისის მეფე
მამა ჰენრი, ლანკასტერის ჰერცოგი
დედა იზაბელ დე ბემონი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბლანკა დაიბადა 1342 წლის 25 მარტს ბოლინგბროკის სასახლეში, ლინკოლნშირში. იგი იყო ლანკასტერისა და ლეიცესტერის ჰერცოგ ჰენრი ლანკასტერელისა და მისი მეუღლის, იზაბელა დე ბემონის მეორე და ნაბოლარა ასული.

ბლანკას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავდა — მაუდ ლანკასტერელი, რომელიც ცოლად ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ I-ს გაჰყვა. 1361 წელს მამამისი, ჰერცოგი ჰენრი შავმა ჭირმა იმსხვერპლა, რის გამოც მისი ტიტულებიცა და ქონებაც დებმა თანაბრად გადაინაწილეს. მაუდი ლეიცესტერის გრაფინია გახდა, ხოლო ბლანკა ლანკასტერის ჰერცოგინია. მალევე, 1362 წელს მაუდი მშობიარობას გადაჰყვა, თანაც ისე, რომ მემკვიდრე ვერ დატოვა, ამიტომაც მთელი მისი ქონება ბლანკას დარჩა.

 
ბლანკა ლანკასტერელისა და ჯონ პლანტაგენეტის ქორწინება

1359 წლის 19 მაისს, ბერკშირში ბლანკა დაქორწინდა თავის ბიძაშვილ ჯონ პლანტაგენეტზე, რომელიც იყო მეფე ედუარდ III-ის უმცროსი ვაჟი. როგორც რძალს, მეფე ედუარდმა ბლანკას უამრავი საჩუქარი მიართვა. აღსანიშნავია, რომ ბლანკამ ჯონი თანამმართველად დაინიშნა და მას ლანკასტერის ჰერცოგის წოდება მისცა. ისინი ასევე იყვნენ ლეიცესტერის, დერბისა და ლინკოლნის ჰერცოგ-ჰერცოგინია.

იმ მცირე მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ირკვევა, რომ ბლანკასა და ჯონს ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ბლანკას ნაადრევი დაღუპვის შემდეგ ჯონი კიდევ ორჯერ დაქორწინდა, მან დაკრძალვა მხოლოდ ბლანკას გვერდით ისურვა. ბლანკასა და ჯონს სულ შვიდი შვილი შეეძინათ, რომელთაგან მხოლოდ სამმა მიაღწია ზრდასრულობამდე.

ბლანკა ლანკასტერელი გარდაიცვალა 1368 წლის 12 სექტემბერს სტენფორდშირში, 26 წლის ასაკში, რა დროსაც მისი ქმარი ზღვის გადაღმა, აკვიტანიაში იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების მიზეზი, იმ პერიოდში მეტად გავრცელებული შავი ჭირის ეპიდემია გახდა.

  1. ფილიპა (1360-1415), ცოლად გაჰყვა პორტუგალიის მეფე ჟუან I-ს;
  2. ჯონი (1362-1364), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ელიზაბეთი (1363-1426), პირველად იქორწინა პემბროკის ჰერცოგ ჯონ ჰასტინგსზე, მისი დაღუპვის შემდეგ ცოლად გაჰყვა ექსტერის ჰერცოგ ჯონ ჰოლანდიელს, რომლის გარდაცვალების შემდეგაც მესამედ დაქორწინდა ფანჰოუფის ბარონ ჯონ კორნუოლელზე;
  4. ედუარდი (1365), გარდაიცვალა ჩვილი;
  5. ჯონი (1366), გარდაიცვალა ჩვილი;
  6. ჰენრი IV (1367-1413), ინგლისის მეფე და ლანკასტერთა დინასტიის დამაარსებელი, პირველად იქორწინა მერი დე ბოუნზე, რომელთანაც შეეძინა შვილები, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეც ცოლად შეირთო ბრეტანის ჰერცოგის ქვრივი ჟანა ნავარელი;
  7. იზაბელა (1368), გარდაიცვალა ჩვილი;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Norman F. Cantor: The Last Knight - The Twilight of the Middle Ages and the Birth of the Modern Era. Free Press, New York u. a. 2004, ISBN 0-7432-2688-7
  • George Edward Cokayne: The Complete Peerage of England, Scotland, Ireland, Great Britain and the United Kingdom - extant, extinct or dormant. St. Catherine Press, London 1910–1959; Nachdruck: Sutton, Stroud u. a. 2000, ISBN 0-904387-82-8
  • Helen Phillips (Hrsg.): Chaucer – The Book of the Duchess. In: Durham Medieval Texts. Nr. 3, 2. Auflage, Durham 1993, ISBN 0-9505989-2-5
  • Anthony Goodman: John of Gaunt – The Exercise of Princely Power in Fourteenth-Century Europe. Longman, London u. a. 1992, ISBN 0-582-50218-7
  • Norman William Webster: Blanche of Lancaster. Halstead, Driffield 1990, ISBN 0-9516548-0-2
  • Linda Ann Loschiavo: The Birth of ‘Blanche the Duchesse’ – 1340 versus 1347. In: Chaucer Review. Band 13, 1978, S. 128–132.
  • Marjorie Anderson: Blanche, Duchess of Lancaster. In: Modern Philology. Band 45, 1948, S. 152–159.