კონკურსი ქართული კალიგრაფია
კონკურსი „ქართული კალიგრაფია“ — ყოველწლიური კონკურსი, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან ტარდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „წამისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით. კონკურსი დაფუძნებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. გარდა ამისა, პროექტს აქტიურად უჭერს მხარს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი[1].
პირველი კონკურსი 2010 წლის თებერვალსა და აპრილში ჩატარდა. თავდაპირველად კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ხელით წერის კულტურის განვითარება და მათი შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა იყო[2]. ამ მიზნით, პირველ კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ სკოლის მოსწავლეები იღებდნენ, თუმცა მეორე კონკურსში, რომელიც 2011 წლის იანვარში დაიწყო, ასაკობრივი შეზღუდვა არ დაწესებულა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განცხადებით, ამისი მიზეზი გახდა ის, რომ ზრდასრულთა კატეგორიაში მონაწილეობის სურვილი საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოხატა, მათ შორის 74 წლის კონკურსანტმაც და 90 წლის შვეიცარიელმა ქართველოლოგმა იოლანდა მარშევმაც, რომელიც მონაწილეობას საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების კატეგორიაში იღებდა[1]. 2011 წლის კონკურსში დაწესდა მხოლოდ ქვედა ასაკობრივი შეზღუდვა — VII კლასი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ასაკობრივი სივრცის გაზრდისა, 2011 წლის კონკურსში მხოლოდ 1301-მა კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა[1], მაშინ როდესაც 2010 წლის კონკურსანტთა რაოდენობა 10 000-ს აღემატებოდა. ამის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დასახელდა რესურს-ცენტრებისა და საჯარო სკოლების პასიურობა[3].
კონკურსი ყოველწლიურად სამ ტურად ტარდება. მეორე და მესამე ტურები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ტარდება, სადაც მონაწილეებს ეძლევათ სპეციალური საკონკურსო დავალებები. ტურებს შორის იმართება შემეცნებითი საუბრები ქართული დამწერლობის ისტორიის შესახებ. 2010 და 2011 წლებში ქართული კალიგრაფიისა და წიგნის ხელოვნებაზე ისაუბრეა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, პროფესორმა ელენე მაჭავარიანმა[1][3][4].
ქართული კალიგრაფია 2010
რედაქტირებაქართული კალიგრაფიის პირველი კონკურსი 2010 წლის თებერვალში დაიწყო და აპრილში დასრულდა. გამარჯვებულთა დაჯილდოება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს V-დან XII კლასების ჩათვლით; გარდა ამისა, მონაწილეობას იღებდნენ უცხოეთში მყოფი ქართველი ბავშვებიც. კონკურსი დაყოფილი იყო სამ ტურად. პირველ ტურში მონაწილეებს ლამაზი მხედრულით შესრულებული ნებისმიერი 100-150 სიტყვიანი ტექსტის წარდგენა ევალებოდათ. შეზღუდვა არ ყოფილა საწერ მასალაზე[2][4].
მეორე ტურში, რომელიც 12-14 მარტს ჩატარდა, მონაწილეებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროფესორ ელენე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით ჩატარებული შემეცნებითი საუბრების შემდეგ სამუშაოდ სპეციალური დავალებები მიეცათ, რომლებიც იქვე, ეროვნულ ცენტრში შესრულდა. სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები სხვადასხვა დარბაზებში მუშაობდნენ. კონკურსანტებისათვის ორი სახის დავალების შესრულება იყო სავალდებულო[5]:
- საკუთარი, ორიგინალური ხელნაწერის შექმნა წინასწარ განსაზღვრული ნაბეჭდი ტექსტიდან და
- ძველი ქართველი კალიგრაფის ხელნაწერის მიბაძვა.
კონკურსის მესამე ტური 29 მარტს კვლავ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა. ამჯერად კონკურსანტებს სამი სხვადასხვა დავალება მიეცათ[5]:
- ორიგინალური ხელნაწერი საზედაო ასოების გამოყენებით,
- ძველი ქართული ხელნაწერის ასლი და
- კომპოზიციურად განაწილებული ხელნაწერი სიგელი.
პირველ ტურში კონკურსანტთა საერთო რაოდენობამ 10 000 ბავშვს გადააჭარბა, მათგან მეორე ტურში 250-მდე კონკურსანტი მოხვდა, ხოლო ფინალურ მესამე ტურში — 118. როგორც კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ეს რაოდენობები მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაგეგმილს[4].
შედეგები
რედაქტირებაორგანიზატორთა და ჟიურის წევრთა განცხადებით, მონაწილეებმა წარმატებით გაართვეს თავი რთულ დავალებებს, განსაკუთრებით ძველი ხელნაწერის ასლის შექმნას. ხშირ შემთხვევაში კონკურსანტთა მიერ შესრულებული ასლები მათსავე ორიგინალურ ხელნაწერს ჯობდა[5].
გამარჯვებულთა გამოსავლენად დაწესდა ორი ასაკოობრივი ჯგუფი — ჟიურიმ ცალ-ცალკე განიხილა V-VIII და IX-XII კლასები და თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოავლინა. გარდა საპრიზო ადგლებისა, დაწესდა ნომინაციებიც[2][4]. აღსანიშნავია, რომ უფროს ასაკობრივ ჯგუფში, ჟიურის გადაწყვეტილებით ორი მეორე ადგილოსანი გამოვლინდა[6].
საპრიზო ადგილის მფლობელთა და ნომინაციებში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეზოში, 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართა. გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ „წამი“, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირმა, თბილისის სამხატვრო აკადემიამ და სხვა ორგანიზაციებმა[7]. გამარჯვებულთა, საპრიზო ადგილის მფლობელთა და ნომინაციებში გამარჯვებულთა საუკეთესო ნამუშევრები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა[2][8].
უფროსი ასაკობრივი ჯგუფი | ||||
---|---|---|---|---|
ადგილი | კონკურსანტი | კლასი | სკოლა | ნამუშევარი |
I ადგილი | დავით მაისურაძე | XII კლასი | რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა | |
II ადგილი | გიორგი ჩაგანავა | X კლასი | თბილისის 126-ე საჯარო სკოლა | |
გიორგი თადუმაძე | X კლასი | თბილისის 21-ე საჯარო სკოლა | ||
III ადგილი | ილონა კრიხელი | X კლასი | გორის I საჯარო სკოლა | |
უმცროსი ასაკობრივი ჯგუფი | ||||
I ადგილი | გიორგი სისაური | VIII კლასი | თბილისის 55-ე საჯარო სკოლა | |
II ადგილი | ანაჰიტ დურგტარიანი | VIII კლასი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, სოფელ განძანის მე-2 საჯარო სკოლა | |
III ადგილი | უჩა ფიჩხაია | VIII კლასი | რუსთავის 26-ე საჯარო სკოლა | |
უცხოეთში მცხოვრები ქართველები | ||||
ადგილი | კონკურსანტი | ასაკი | ქალაქი, ქვეყანა | ნამუშევარი |
I ადგილი | ქეთევან ჩქარეული | 13 წლის | ერფუტი, გერმანია | |
II ადგილი | იოელენა ტყებუჩავა | 11 წლის | ბოსტონი, ამერიკის შეერთებული შტატები | |
III ადგილი | მარიამ ბაჩიაშვილი | 13 წლის | ჩრდილოეთი ოსეთი, ვლადიკავკაზი, რუსეთი |
ქართული კალიგრაფია 2011
რედაქტირებაქართული კალიგრაფიის მეორე კონკურსი 2011 წლის იანვარში დაიყო. პირველი კონკურსისაგან განსხვავებით, მეორე კონკურსში დადგინდა მხოლოდ ქვედა ასაკობრივი ზღვარი, ხოლო ზედა ზღვარი განუსაზღვრეელი დარჩა და მონაწილეობის მიღების უფლება ზრდასრულებსაც მიეცათ. კონკურსანტები შემდეგ ჯგუფებში გადანაწილდნენ[1][3]:
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII-IX კლასის მოსწავლეები;
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეები;
- საზღვაგარეთ მცხოვრები ქართველები;
- უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
- სხვა ზრდასრული დაინტერესებულ პირები.
ზედა ასაკობრივი ზღვრის მოხსნის გამო კონკურსანტთა ასაკების სხვაობა 2010 წელთან შედარებით საკმაოდ დიდია. ყველაზე ასაკოვანი კონკურსანტი, შვეიიცარიელი ქართველოლოგი იოლანდა მარშევი, 90 წლისაა[1].
პირველი ტურის მოთხოვნა, წინა კონკურსის მსგავსად, ლამაზი მხედრული კალიგრაფიით შესრულებული 100-150 სიტყვიანი ტექსტის წარდგენა იყო. მეორე ტურში, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 13-15 მაისს გაიმართა, კონკურსანტებს კონკრეტული დავალებები მიეცათ; უმცროსი ასაკის მონაწილეებს — მარიამისეული ქართლის ცხოვრების ხელნაწერიდან ერთ-ერთი ფრაგმენტის ასლი და ორიგინალური კალიგრაფიით შესრულებული ნაწყვეტი ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან „ია“, ხოლო უფროსებს — ერეკლე II-ის მიერ ზაალ აბაშიძისათვის ბოძებული წყალობის წიგნის ასლი და სტროფები ვაჟა-ფშაველას პოემიდან „სტუმარ-მასპინძლი“[9]. მესამე ტუსრის ძირითადი დავალება წიგნის ორი კომპოზიციურად სრულყოფილი გვერდის შექმნა იყო. გარდა ამისა, მოთხოვნა იყო ადვილად კითხვადი და ლამაზი კალიგრაფია. დასაწერი ტექსტი მოცემული იყო ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან „მთანი მაღალნი“. გარდა ძირითადი დავალებისა, კონკურსანტებმა მესამე ტურში შეასრულეს ძველი ხელნაწერების ასლებიც; უმცროსებმა — ფრაგმენტი ვეფხისტყაოსნიდან, ხოლო უფროსებმა — ერეკლე II-ს წყალობის სიგელი[10].
სულ 1301 მონაწილიდან მეორე ტურში 495 გადავიდა[1], თუმცა საკონკურსო დავალებები მათგან მხოლოდ 338-მა მონაწილემ შეასრულა. ფინალურ, მესამე ტურში 114 მონაწილე მოხვდა[9], ამათგან 48 VII-IX კლასებიდან, 34 — X-XII კლასებიდან, შვიდი სტუდენტი და 25 ზრდასრული პირი[10]. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის განცხადებისა, რომ ასაკობრივი სივრცის გაზრდა დაინტერესებულ პირთა სიმრავლემ გამოიწვია[1], კონკურსანტთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დასახელდა რესურს-ცენტრებისა და საჯარო სკოლების პასიურობა[3].
შედეგები
რედაქტირება2011 წლის ქართული კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება 30 ივნისს გაიმართა. ღონისძიება სპეციალურად ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 53 წლის იუბილეს დაამთხვიეს[11]. ფინალისტთა ნამუშევრები ცენტრის ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა. გამოფენა ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა[12].
გამარჯვებულთა გამოსავლენად დაწესდა ოთხი საკონკურსო ჯგუფი: საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII-IX კლასი), საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X-XII კლასი), სტუდენტები და სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები. ცალკე გამოიყო ჯგუფი უცხოეთში მყოფ დაინტერესებულ ქართველთა და არაქართველთათვის. თითოეულ საკონკურსო ჯგუფში გამოვლინდნენ I, II და III ადგილის მფლობელი კონკურსანტები. აღსანიშნავია, რომ საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ჯგუფში ჟიურის გადაწყვეტილებით დაწესდა ორი მესამე ადგილი[12].
გარდა საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლეებისა, სპეციალური დაჯილდოვდნენ ასევე ნომინაციაში გამარჯვებულ კონკურსანტებსაც. მათთვის სპეციალური პრიზები დააწესეს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, ქალაქ თბილისის მერიამ, ქალაქ თბილისის საკრებულომ, ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა, გამომცემლობებმა, თეატრებმა, ბიზნეს-კომპანიებმა და კერძო პირებმა[13]. სპეციალური პრიზები დაწესდა კონკურსის ყველაზე უმცროსი (ანა ტყებუჩავა, 6 წლის) და ყველაზე უფროსი (იოლანდა მარშევი, 91 წლის) მონაწილეებისათვის. ორივე მათგანი საზღვარგარეთ მცხოვრებთა ჯგუფში ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბოსტონიდან იღებდა მონაწილეობას[12].
საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII-IX კლასი) | ||||
---|---|---|---|---|
ადგილი | კონკურსანტი | კლასი | ქალაქი/სოფელი | ნამუშევარი |
I ადგილი | თეონა მაისურაძე | IX კლასი | რუსთავი | |
II ადგილი | ანა გოგბერაშვილი | VIII კლასი | თბილისი | |
III ადგილი | ლეილა ბარბაქაძე | IX კლასი | ხარაგაული | |
შალვა მათიაშვილი | IX კლასი | მცხეთა | ||
საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X-XII კლასი) | ||||
I ადგილი | გიორგი ჩაგანავა | XI კლასი | თბილისი | |
II ადგილი | ანი სუბარი | XII კლასი | სოფელი ჭუბერი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | |
III ადგილი | ოთარ მჭედლიშვილი | XI კლასი | თბილისი | |
სტუდენტების საკონკურსო ჯგუფი | ||||
ადგილი | კონკურსანტი | ქალაქი | ნამუშევარი | |
I ადგილი | მაკა კაკაშვილი | თბილისი | ||
II ადგილი | ფიქრია ჭაბუკიანი | წყალტუბო | ||
III ადგილი | ნათელა კაპანაძე | თბილისი | ||
სხვა დაინტერესებული ზრდასრული პირები | ||||
ადგილი | კონკურსანტი | ასაკი | ქალაქი/სოფელი | ნამუშევარი |
I ადგილი | ლილე ჩხეტიანი | 28 წლის | სოფელი ჭუბერი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე | |
II ადგილი | ნინო ტაბატაძე | 24 წლის | თბილისი | |
III ადგილი | ოთარ ჯოლია | 66 წლის | თბილისი | |
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები | ||||
ადგილი | კონკურსანტი | ქვეყანა | ნამუშევარი | |
I ადგილი | გიორგი კილაძე | გერმანია | ||
II ადგილი | არსენ ონიკაშვილი | ირანი, ფერეიდანი | ||
III ადგილი | მზია თვალაბეიშვილი | ბელგია |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კონკურსი ქართული კალიგრაფია“ ვიკისაწყობში.
- კონკურსი ქართული კალიგრაფია 2010 წელს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარქივებული 2014-10-17 საიტზე Wayback Machine.
- კონკურსი ქართული კალიგრაფია 2010 წელს, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი[მკვდარი ბმული]
- კონკურსი ქართული კალიგრაფია 2011 წელს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარქივებული 2011-08-30 საიტზე Wayback Machine.
- კონკურსი ქართული კალიგრაფია 2011 წელს, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ქართული კალიგრაფია 2011, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-30. ციტირების თარიღი: 2011-06-16.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ქართული კალიგრაფია 2010, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-17. ციტირების თარიღი: 2011-06-16.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი, კონკურსი: ქართული კალიგრავია – 2011[მკვდარი ბმული]
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი, კონკურსი: ქართული კალიგრავია – 2010[მკვდარი ბმული]
- ↑ 5.0 5.1 5.2 კონკურსი: ქართული კალიგრაფია - 2010 - მეორე და მესამე ტური, მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი[მკვდარი ბმული]
- ↑ 6.0 6.1 კონკურსი კალიგრაფია 2010, საპრიზო ადგილები[მკვდარი ბმული]
- ↑ 7.0 7.1 კონკურსი: ქართული კალიგრაფია - 2010 - გამარჯვებულთა დაჯილდოება, მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი[მკვდარი ბმული]
- ↑ კონკურსი: ქართული კალიგრაფია - 2010 - გამოფენა, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი[მკვდარი ბმული]
- ↑ 9.0 9.1 კონკურსი: ქართული კალიგრაფია - 2011 - მეორე ტური, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი[მკვდარი ბმული]
- ↑ 10.0 10.1 კონკურსი: ქართული კალიგრაფია - 2011 - მესამე ტური, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი[მკვდარი ბმული]
- ↑ GeoNews.Ge, კონკურსის დაჯილდოება[მკვდარი ბმული]
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 კონკურსი: ქართული კალიგრაფია - 2011 - დაჯილდოება, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი[მკვდარი ბმული]
- ↑ საიუბილეო ღონისძიებები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, 24 საათი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-05. ციტირების თარიღი: 2011-07-03.