კირილე ნინიძე (დ. 17 იანვარი, 1878, ასკანა — გ. 14 სექტემბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი.

კირილე ნინიძე
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1878
დაბადების ადგილი ასკანა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1937
გარდაცვალების ადგილი საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
მამა ევსევი ნინიძე

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის, იესე ნინიძის ოჯახში. ჰყავდა ოთხი ძმა: თედორე, ყარამანი, მიხაკო და მოსე. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1901 წლის 5 მაისს ქუთაისის თეატრში რუსეთიდან ჩამოსულმა დასმა დადგა ანტისემიტური სპექტაკლი „შვილნი ისრაელისა“, რასაც მოჰყვა ახალგაზრდობის პროტესტი და სპექტაკლის ჩაშლა. პოლიციამ დააკავა არეულობის მოთავეები, მათ შორის კირილე ნინიძე. სწავლა განაგრძო ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც სმაი კურსი დაასრულა. ამ პერიოდიდან იყო რსდმპ წევრი. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. იყო რსდმპ თბილისის ორგანიზაციების ხელმძღვანელი, 1905 წლიდან მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1903 და 1908 წლებში დაპატიმრებული იყო პოლიტიკური საბაბით. გადასახლებული იყო სარატოვის მხარის ქალაქ ვოლსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა პედაგოგად სხვადასხვა სასწავლებელში.

1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. იყო აგრარული კომისიის თავმჯდომარე. 1921 წლის იანვარში იყო იმ თერთმეტ წევრში, რომლებიც გამოეყვნენ მმართველ უმრავლესობას, დააარსეს გაზეთი „ახალი სხივი“ და ამიტომ „სხიველები” ეწოდათ.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ „სხიველები“ დარჩნენ საქართველოში და გააგრძელეს გაზეთის გამოცემა. 1921 წლის ივნისში ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ „სხიველები“ კირილე ნინიძე, ნიკიფორე იმნაიშვილი და მუხრან ხოჭოლავა მცირე ხნით დააპატიმრა მათი კრიტიკული პოზიციების გამო. 1922 წლის 15 თებერვალს მეორედ დააპატიმრეს ხაშურში, საქართველოს ოკუპაციის წლისთავზე საპროტესტო დემონსტრაციის პრევენციისთვის. პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1 მაისს. 1922 წლის ბოლოდან იყო „სხივის“ წარმომადგენელი დამკომში. მუშაობდა დამცველთა კოლეგიაში. 1924 წლის მარტში იცავდა სამღვდელო პირთა ჯგუფს და პატრიარქ ამბროსი ხელაიას. 1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს იყო დამკომთან არსებული სამხედრო ცენტრის წევრი. 1924-1925 წლებში დაპატიმრებული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის საქმესთან დაკავშირებით. 1924 წლის სექტემბერში ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1] 1925 წელს სასამართლომ მას შეუფარდა 3-წლიანი პატიმრობა, თუმცა, როგორც საბჭოთა ხელისუფლებისთვის არასაშიში პირი, სასჯელისგან გაათავისუფლა. 1928 წელს კვლავ დააპატიმრეს. 1937 წლის 15 აპრილს კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 13 სექტემბერს მიუსაჯეს სიკვდილი და დახვრიტეს შემდეგ დღესვე.[2] 1937 წელს დახვრიტეს კირილეს ძმა ყარამან ნინიძეც. კირილე ნინიძე რეაბილიტირებულია 1960 წლის 29 სექტემბერს.

კირილე ნინიძის ძმის შვილიშვილი თედო ნინიძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი 1993-1998 წლებში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016, ISBN 978-9941-0-9318-0.
  • 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა სასამართლო პროცესი. დოკუმენტები და მასალები (1925 წლის ივლისი-აგვისტო). გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ლევან ჯიქიამ. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2012.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.
  2. ნინიძე კირილე ევსევის ძე სტალინური სიების საქართველოდან