კევინ ნოლანი (ინგლ. Kevin Nolan; დ. 24 ივნისი, 1981) — ინგლისელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს საფეხბურთო კლუბ ვესტ ჰემ იუნაიტედში და არის კაპიტანი. პოზიციით შემტევ ნახევარმცველს ნოლანს ორი მატჩი ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.

კევინ ნოლანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
კევინ ენტონი ნოლანი
დაბადების
თარიღი
24 ივნისი, 1982 (1982-06-24) (42 წლის)[1]
დაბადების
ადგილი
ლივერპული, ინგლისი
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ნომერი 4
ახალგაზრდული კარიერა
1997–1999 ბოლტონ უონდერერსი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2009 ბოლტონ უონდერერსი 296 (40)
2009–2011 ნიუკასლ იუნაიტედი 85 (29)
2011– ვესტ ჰემ იუნაიტედი 128 (30)
ეროვნული ნაკრები
2002–2004 ინგლისი U21 2 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ლივერპულის რაიონ თოქსთეთში გაზრდილი ნოლანი 16 წლის ასაკში ბოლტონ უონდერერსს შეუერთდა. ის იყო იმ ბოლტონის წევრი, რომელმაც 2001 წლის ჩემპიონშიფის პლეი–ოფის ფინალში პრესტონი დაამარცხა. პრემიერ ლიგაში აღზევების შემდეგ პირველ ორ სეზონში ბოლტონმა ორჯერ დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი და ნოლანმა ორივე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა. ასევე მას რეგულარულად გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები, რის შედეგადაც ბოლტონი სტაბილურად ახერხებდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ათეულში მოხვედრას. ნოლანი უკვე ძირითადი გუნდის უცვლელი წევრი იყო, როდესაც ბოლტონმა მოახერხა და ისტორიაში პირველად გააღწია უეფას თასის ჯგუფური ეტაპიდან. 2006 წელს კლუბიდან ჯეი–ჯეი ოკოჩას წასვლის შემდეგ კევინი კაპიტნად დასახელდა და კიდევ ერთხელ დაეხმარა გუნდს უეფას თასის ჯგუფიდან გასვლაში.

ბოლტონში გარი მეგსონის მოსვლის შემდეგ ნოლანისა და მთლიანად გუნდის თამაშის ხარისხს ხშირად აკრიტიკებდნენ ფანები. ამან გამოიწვია ის, რომ 2009 წლის იანვარში კევინი 4 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ნიუკასლ იუნაიტედში გადაბარგდა. მაისამდე მან "კაჭკაჭთა" რიგებში სულ 10 შეხვედრაში მოახერხა მონაწილეობის მიღება, თუმცა გუნდს ჩემპიონშიფში გავარდნისაგან თავის დაღწევაში ვერ დაეხმარა. მომდევნო სეზონში ნოლანმა ინგლისის რანგით მეორე ლიგაში 18 გოლი გაიტანა და ნიუკასლს პრემიერ ლიგის საგზური მოაპოვებინა, რაც მას სათანადოდ დაუფასდა და გუნდის კაპიტნად დაინიშნა.

2011 წლის ზაფხულში ნოლანი ვესტ ჰემ იუნაიტედში გადავიდა და 5–წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ვესტ ჰემში ამ დროს ახლადდანიშნული იყო სემ ელერდაისი, რომელთან ერთადაც კევინი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ბოლტონში. მალევე ნოლანი გუნდის კაპიტნად დაინიშნა და "ჩაქუჩებს" პრემიერ ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნოლანი 1982 წლის 24 ივნისს დაიბადა ლივერპულში. ის საფეხბურთო ოჯახში გაიზარდა და ბავშვობიდანვე სურვილი ჰქონდა, რომ ფეხბურთელი გამოსულიყო. 14 წლის ასაკში კევინი უკვე ლივერპულის სასკოლო ნაკრების წევრი იყო. ბავშვობაში ის სელტიკსა და ლივერპულს ქომაგობდა, ხოლო მისი საყვარელი ფეხბურთელები კი მანჩესტერ იუნაიტედის ერიკ კანტონა და ლი შარპი იყვნენ. 2005 წელს ნოლანი საყვარელ ქალზე, ჰეილიზე დაინიშნა, ხოლო 2008 წლის ზაფხულში კი ის ცოლადაც მოიყვანა. წყვილს პირველი შვილი, გოგო, 2006 წლის ნოემბერში შეეძინა, ხოლო მეორე შვილი, ვაჟი კი 2010 წლის იანვარში გაჩნდა.

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

16 წლის ნოლანი ბოლტონის ახალგაზრდული გუნდის ერთ–ერთ ვარჯიშზე მეგობარმა მიიწვია და ის მალევე ჩაირიცხა კლუბის აკადემიაში. ერთი წლის შემდეგ კევინმა ბოლტონთან უკვე პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და ძირითად გუნდში მისი დებიუტიც მალევე შედგა. 2001 წლის ჩემპიონშიფის პლეი–ოფის ფინალი ნოლანმა სრულად ჩაატარა და გუნდს პრესტონის დამარცხებაში დაეხმარა, რითაც ბოლტონმა პრემიერ ლიგაში დაბრუნების უფლება მოიპოვა.

2001–2002 წლების სეზონში, რომელიც კევინისთვის პირველი სეზონი იყო პრემიერ ლიგაში, მან 8 გოლის გატანა მოახერხა. აქედან ორი გოლი ნოლანმა ლესტერ სიტის პირველივე ტურში გაუტანა. ასევე მან შეაგდო ბოლტონის პირველი გოლი ოლდ ტრაფორდზე, როცა მისმა გუნდმა მანჩესტერ იუნაიტედი 2–1 დაამარცხა. ამავე სეზონში ნოლანმა ოლდ ტრაფორდზე კიდევ ერთხელ გაიტანა და ბოლტონმა ამ სტადიონზე კიდევ ერთი სენსაციური გამარჯვების მოპოვება მოახერხა, ამჯერად ანგარიშით 1–0. გავრცელებული ინფორმაციით, ამ მატჩების შემდეგ კევინის გუნდში მიწვევა თავად სერ ალექს ფერგიუსონს სურდა. მიუხედავად ამ გამარჯვებებისა, ბოლტონი პრემიერ ლიგიდან გავარდნას მხოლოდ სეზონის ბოლო მატჩში გადაურჩა, როდესაც მიდლსბროს დამარცხება მოახერხა.

2003–2004 წლების სეზონში ასტონ ვილასა და ტოტენჰემ ჰოთსპურის წინააღმდეგ ნოლანის მიერ გატანილი გოლები ბოლტონს პრემიერ ლიგაში მერვე პოზიციის დაკავებაში დაეხმარა. მან ლიგის თასის ნახევარფინალშიც გაიტანა, როდესაც ბოლტონმა ასტონ ვილა 5–2 დაამარცხა და იმ ბოლტონის წევრიც იყო, რომელმაც ამავე თასის ფინალში მიდლსბროსთან 2–1 წააგო. მიუხედავად ამ მარცხისა, ნოლანმა იმ სეზონში ყველა ტურნირზე 12 გოლი შეაგდო (კარიერაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი) და ამის წყალობით ბოლტონმა უკანასკნელი ორმოცი წლის მანძილზე პრემიერ ლიგაში საუკეთესო პოზიცია დაიკავა.

მომდევნო სეზონში ნოლანი და ბოლტონი ასოციაციის თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, თუმცა რიბოკ სტეიდიუმზე არსენალთან დამარცხდნენ. სამაგიეროდ, გუნდმა წარმატებულად იასპარეზა ლიგაში (ნოლანმა 4 გოლი გაიტანა) და სეზონის ბოლო ტურში პორტსმუტთან 1–1 დამთავრებული მატჩის შემდეგ ისტორიაში პირველად მოიპოვა უეფას თასის საგზური. ევროტურნირებზე კევინმა თითო გოლი გაიტანა პლოვდივის ლოკომოტივისა და ზენიტის კარებში, ხოლო ბოლტონმა კი 32 საუკეთესო გუნდში გასვლა მოახერხა. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, მომდევნო სეზონში აქ ნოლანმა 9 გოლი გაიტანა, ბოლტონი მე–8 პოზიციაზე გავიდა და ევროტნურნირების საგზური ვეღარ მოიპოვა.

2006–2007 წლების სეზონის სტარტზე გუნდი ჯეი–ჯეი ოკოჩამ დატოვა და კაპიტნად ნოლანი დაინიშნა. მისი პრემიერ ლიგაში გატანილი 3 გოლი ბოლტონს კიდევ ერთხელ დაეხმარა უეფას თასზე გასვლაში, თუმცა მომდევნო სეზონში ევროთასებზე თამაშის გამო გუნდი საშინლად თამაშობდა პრემიერ ლიგაში, რის გამოც გავარდნას ძლივს გადაურჩა. ეს სეზონი ბოლტონმა მე–16 პოზიციაზე დაასრულა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. მაისში სანდერლენდთან 2–0 მოგებულ მატჩში, რომელმაც ბოლტონი პრემიერ ლიგაში დატოვა, ნოლანმა ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ბოლტონის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებული 323 მატჩის შემდეგ, 2009 წლის იანვარში ნოლანმა ნიუკასლ იუნაიტედთან დაიწყო მოლაპარაკებები ჩრდილოურ კლუბში მისი ტრანსფერის თაობაზე.

ნიუკასლ იუნაიტედი

რედაქტირება

2009 წლის 29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ბოლტონმა და ნიუკასლმა მიაღწიეს შეთანხმებას ნოლანის 4 მილიონიან ტრანსფერთან დაკავშირებით. მომდევნო დღეს კევინი თაინისაიდში გაემგზავრა "კაჭკაჭებთან" პირადი კონტრაქტი დეტალების შესათანხმებლად და სამედიცინო შემოწმების გასავლელად. ამავე დღეს მან ოფიციალურად დაასრულა ნიუკასლში ტრანსფერი და კლუბთან 4,5–წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. 22 თებერვალს ნოლანმა თავისი პირველი წითელი ბარათი მიიღო ევერტონის ფეხბურთელ ვიქტორ ანიჩებეზე უხეში ჯარიმის გამო. სეზონის ბოლოს ნიუკასლმა მე–18 ადგილი დაიკავა და პრემიერ ლიგიდან გავარდა. ამ დროს ნოლანი იყო ერთ–ერთი ყველაზე აქტიური ფიგურა, რომელიც ფეხბურთელებს კლუბში დარჩენასა და პრემიერ ლიგაში სწრაფად დაბრუნებისთვის ბრძოლისაკენ მოუწოდებდა.

 
კევინ ნოლანი ჩემპიონშიფის თასთან ერთად, 2010 წლის აპრილი.

მომდევნო სეზონში ნიუკასლის წარმატებაში (ჩემპიონშიფის მოგებაში) ნოლანმა უდიდესი წვლილი შეიტანა. "კაჭკაჭთა" მაისურით თავისი პირველი გოლი მან 22 აგვისტოს კრისტალ პალასის კარში შეაგდო, ხოლო 26 სექტემბერს კი იფსვიჩ თაუნთან გასვლით მატჩში კევინმა კარიერის პირველი ჰეთ–თრიქი შეასრულა და გუნდს 4–0 გაამარჯვებინა. ნიკი ბატისა და ალან სმიტის არყოფნის გამო ნოლანმა ნიუკასლს პირველად კარდიფთან საშინაო მატჩში უკაპიტნა, რომელიც "კაჭკაჭებმა" 5–1 მოიგეს. 11 გოლიანი მშრალი სერიის შემდეგ კევინმა თავისი მე–11 გოლი პრესტონთან 3–0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. ორი მატჩის შემდეგ კი მან ბარნსლის რბევაშიც მიიღო მონაწილეობა, გაიტანა რა ნიუკასლის უკანასკნელი გოლი 6–1 მოგებულ მატჩში. 16 მარტს ნოლანი ჩემპიონშიფის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 2010 წლის 5 აპრილს ნიუკასლმა ოფიციალურად მოიპოვა ჩემპიონობა და შედეგად პრემიერ ლიგაში დაბრუნების უფლება. ამ დღეს მათ 48 750 გულშემატკივრის თვალწინ შეფილდ იუნაიტედი 2–1 დაამარცხეს და ერთი გოლი კევინმაც გაიტანა.

2010–2011 წლების სტარტზე ნოლანი გუნდის კაპიტნად დასახელდა. სამკლაური მან ნიკი ბატისგან გადმოიბარა, რომელმაც კარიერა დაასრულა. სეზონის პირველი გოლი კევინმა ასტონ ვილასთან შეხვედრაში გაიტანა, როდესაც 6–0 მოგებულ მატჩში მან დუბლი შეასრულა. 2010 წლის 31 ოქტომბერს მან კარიერის პირველი ჰეთ–თრიქი შეასრულა პრემიერ ლიგაში, შეიტანა რა გადამწყვეტი როლი მოსისხლე მტრის, სანდერლენდის 5–1 განადგურებაში. ნოლანმა ანგარიში გახსნა ლივერპულის წინააღმდეგ შეხვედრაშიც, რომელიც ნიუკასლმა საბოლოოდ 3–1 მოიგო. სხვათა შორის, ეს იყო პირველი მატჩი ალან პარდიუსთვის, რომელმაც "კაჭკაჭთა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრის ჰიუტონი ჩაანაცვლა. კევინმა კიდევ ერთხელ მოახერხა სანდერლენდის კარის აღება და თაინი–ვეარის მეორე დერბიშიც გაიტანა, თუმცა შემდეგ ნიუკასლმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ფრეს დასჯერდა. 2011 წლის 26 თებერვალს ნოლანმა პრემიერ ლიგაში საიუბილეო, 50–ე გოლი გაიტანა ყოფილი კლუბის, ბოლტონ უონდერერსის წინააღმდეგ. სენტ ჯეიმზ პარკზე გამართული ის მატჩი ფრედ, 1–1 დასრულდა.

ვესტ ჰემ იუნაიტედი

რედაქტირება

2011 წლის 16 ივნისს ვესტ ჰემმა ოფიციალურად დაადასტურა ნიუკასლიდან ხუთწლიანი კონტრაქტით ნოლანის შეძენა და მას ვაკანტური 4–ნომრიანი მაისურა გადასცა. სხვათა შორის, კევინი სწორედ ამ ნომრით თამაშობდა ბოლტონშიც და ნიუკასლშიც. ვესტ ჰემის წინა კაპიტნის, მეთიუ აპსონის სტოუკ სიტიში გადაბარგების გამო ნოლანი მაშინვე დაინიშნა გუნდის ახალ კაპიტნად. "ჩაქუჩთა" შემადგენლობაში მისი დებიუტი ჩემპიონშიფის პირველ ტურში შედგა, როდესაც ვესტ ჰემი საკუთარ მოედანზე კარდიფ სიტისთან 0–1 დამარცხდა. მომდევნო ტურში ნოლანმა ვესტ ჰემში უკვე საკუთარი საგოლე ანგარიში გახსნა და 2011 წლის 13 აგვისტოს დონკასტერთან 1–0 მოგებულ მატჩში გაიტანა. აპტონ პარკზე პირველი გოლის გატანა კევინმა 26 ნოემბერს მოახერხა, როდესაც ვესტ ჰემმა დერბი ქაუნთი 3–1 დაამარცხა. 2012 წლის 7 მაისს ჩემპიონშიფის პლეი–ოფის ნახევარფინალში კევინმა კარდიფ სიტის დამწუხრება შეძლო, ხოლო ვესტ ჰემმა კი ის მატჩი 3–0 მოიგო და ოფიციალურად მოიპოვა ფინალის საგზური. 19 მაისს ნოლანმა უკაპიტნა ვესტ ჰემს ფინალში, რომელიც "ჩაქუჩებმა" ბლექპულს 2–1 მოუგეს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ ლიგაში დაბრუნდნენ.

ნოლანმა გოლების გატანა 2012–2013 წლების სეზონშიც განაგრძო და პრემიერ ლიგის პირველ ტურში ასტონ ვილას გამარჯვების გოლი გაუტანა. 1 სექტემბერს მან პირველივე წუთზე შეძლო ფულემის კარის აღება და "ჩაქუჩთა" 3–0 გამარჯვებას დაუდო სათავე. სეზონის მესამე გოლი კევინმა 22 სექტემბერს შეაგდო, რითაც სანდერლენდთან საშინაო მატჩში გუნდს ქულა გადაურჩინა. 2013 წლის 20 აპრილს ნოლანმა კარიერაში მე–100 გოლი უიგანთან 2–0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. 19 მაისს კი კევინმა სეზონი რედინგის კარში გატანილი ჰეთ–თრიქით დაასრულა. საბოლოო ჯამში მან ამ სეზონში 10 გოლის გატანა შეძლო და ეს ზედიზედ უკვე მეოთხე შემთხვევა იყო, როდესაც ნოლანმა სეზონის ბოლოს გოლების ორნიშნა რაოდენობას მოუყარა თავი.

სტატისტიკა

რედაქტირება
სეზონი კლუბი დივიზიონი ლიგა თასი ლიგის თასი კონტინენტური სხვა ჯამი
მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები მატჩები გოლები
1999–2000 ბოლტონ უონდერერსი პირველი დივიზიონი 4 0 0 0 0 0 4 0
2000–01 31 1 4 2 0 0 2 0 37 3
2001–02 პრემიერ ლიგა 35 8 2 0 2 0 39 8
2002–03 33 1 2 0 1 0 36 1
2003–04 37 9 2 1 5 2 44 12
2004–05 36 4 4 0 2 0 42 4
2005–06 36 9 3 0 2 0 7 2 48 11
2006–07 31 3 2 1 1 1 34 5
2007–08 33 5 0 0 1 0 5 0 39 5
2008–09 20 0 1 0 1 1 22 1
ნიუკასლ იუნაიტედი 11 0 0 0 0 0 11 0
2009–10 ჩემპიონშიფი 44 17 2 0 2 1 48 18
2010–11 პრემიერ ლიგა 30 12 1 0 1 0 32 12
2011–12 ვესტ ჰემ იუნაიტედი ჩემპიონშიფი 43 12 0 0 1 0 2 1 45 13
2012–13 პრემიერ ლიგა 35 10 2 0 1 0 0 0 38 10
2013–14 პრემიერ ლიგა 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
სულ კარიერაში 459 87 25 4 20 5 12 2 4 1 519 100

ტიტულები

რედაქტირება
ბოლტონ უონდერერსი
  • პირველი დივიზიონის პლე–ოფი (1): 2000–01
ნიუკასლ იუნაიტედი
  • ჩემპიონშიფის პლეი–ოფი (1): 2009–10
ვესტ ჰემ იუნაიტედი
  • ჩემპიონშიფის პლეი–ოფი (1): 2011–12

ინდივიდუალური

რედაქტირება
  • პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2006 წლის თებერვალი
  • ჩემპიონშიფის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2009–10
  • ფანების ვერსიით ჩემპიონშიფის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2009 წლის ოქტომბერი
  • ჩემპიონშიფის წლის საუკეთესო გუნდის წევრი (1): 2009–10
  • ჩემპიონშიფის თვის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2010 წლის აპრილი
  • ჩემპიონშიფის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (1): 2011–12 (ნომინაცია)
  • ჟურნალისტების ვერსიით ჩემპიონშიფის წლის საუკეთესო გუნდის წევრი (1): 2011–12

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Kevin Nolan Profile. Newcastle United F.C.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2010. ციტირების თარიღი: 5 April 2010.