იმიერბაიკალური ცხვარი
იმიერბაიკალური ცხვარი[1] — წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში სამატყლე-სახორცე მიმართულებისა. გამოყვანილია 1927–1956 წლებში ჩიტის ოლქში ადგილობრივი უხეშმატყლიანი ბურიატულ-მონღოლური ცხვრის რთული აღწარმოებითი შეჯვარებით ახალკავკასიური მერინოსის, საბჭოური მერინოსის, ამერიკული რამბულიეს, პრეკოსის, აგრეთვე ალთაური, გროზნოული და (შეზღუდულად) ასკანიური ჯიშის ერკემლემთან. ჯიშს აქვს მაგარი კონსტიტუცია და კარგად განვითარებული ჩონჩხი. კარგად არიან შეგუებული იმიერბაიკალეთის მკაცრ ბუნებრივ პირობებს, საძოვრებს მთელი წლის განმავლობაში იყენებენ საკვებად. ერკემალი მჭლეგრძელკუდიანია. მკერდი ფართო და ღრმაა, კიდურები მაგარი, უბრალო ჩლიქებით. იმიერბაიკალური ჯიშის ნერბი ურქოა, ერკემალი ძირითადად რქიანი. დანაოჭება ზომიერია. აქვთ კარგი სახორცე ხარისხი, გამოირჩევიან ადრეულობით. ნერბის ცოცხალი მასაა 55–58 კგ, ერკემლისა 100–115 კგ. კანძი მკვრივი, შეკრული და შტაპელური აგებულებისაა. მატყლი თეთრი, უბრალო; ნერბის ნაპარსი 2,6–3,0 კგ-ია (უდიდესი 11 კგ), ერკემლისა 6,0–7,0 კგ (უდიდესი 14,5 კგ), სუფთა ბოჭკოს გამოსავალი 46–48% (უდიდესი 56%-მდე). მატყლის სიგრძე შესაბამისად 7,5–8,5 სმ და 8,5–9,0 სმ და მეტი; სიმსხო 20,6–25,0 მკმ და 20,6–27 მკმ; მატყლი 60–64-ე ხარისხისაა. ცხიმოფლი კარგი ხარისხისაა. ნაყოფიერება 100 ნერბზე 110–130 ბატკანია. 1982 წელს დამტკიცდა იმიერბაიკალური ჯიშის ნერჩინსკის ტიპი, რომელიც ჩიტის ოლქის საშენი ქარხნის „კომსომოლეც“-ის ბაზაზე გამოიყვანეს კავკასიური და ავსტრალიური მერინოსის ჯიშების ერკემლების გამოყენებით. მისი მაჩვენებლები მატყლის ნაპარსისა და ცოცხალი მასის მხრივ 10–15%-ით უფრო მაღალია. იმიერბაიკალური ცხვრის მოშენებას მისდევენ იმიერბაიკალეთის რაიონებში, საუკეთესო ფარები ყოფ. ჩიტის ოლქის მეურნეობებშია. ერკემლებს იყენებენ ადგილობრივი უხეშმატყლიანი ცხვრების გასაუმჯობესებლად.
ლიტერატურა
რედაქტირება- Овцеводство, под ред. П. А. Есаулова, Г. Р. Литовченко, М., 1963;
- Забайкальская порода // Большая советская энциклопедия, т. 9 — М. : Советская энциклопедия, 1972;
- Котляров И. Т. Забайкальская тонкорунная порода овец. 2-е изд. Чита, 2006;
- Ерохин А. И. ЗАБАЙКАЛЬСКАЯ ПОРОДА // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 143.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოვლა-შენახვა გვ. 66. agriedu.ge. ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2020.