პრეკოსი (ფრანგ. precoce < ლათ. praecox — საადრეო, ადრეულა), წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში სახორცე-სამატყლე მიმართულებისა. გამოყვანილია XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთში რამბულიეს ჯიშის ნერბის შეჯვარებით ლეისტერული ჯიშის ერკემალთან, ხოლო გერმანიაში — გერმანულ მერინოსის შეჯვარებით ინგლისურ გრძელმატყლიან ერკემალთან. ერკემლის მასაა 100-110 კგ, ზოგიერთისა 115 კგ და მეტიც. ერკემლის მატყლის ნაპარსია 8-10 კგ, მაქსიმალური — 14 კგ; ნერბისა — 3,8-4,2 კგ, მაქსიმალური 10 კგ. მატყლი 58-ე - მე-60 ხარისხისაა, სიგრძე 7-10 სმ. სუფთა მატყლის გამოსავალია 45-50%. ნაყოფიერება 100 ნერბზე 150-მდე ბატკანია. პრეკოსი ადრეულაა, კარგი კვება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჯიში გავრცელებულია საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, რუმინეთში, პოლონეთში იტალიასა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. ყოფილ სსრკ-ში პრეკოსი შემოიყვანეს 1926-1931 წლებში გერმანიიდან, მის მოშენებას მისდევენ რუსეთის ცენტრალურ რაიონებში, ბაშკირეთში, თათრეთში, უკრაინაში, ბელარუსში.

ლიტერატურა

რედაქტირება