ზაზა ჯუმბრის ძე ბენდელიანი, „ბენდელა“ (დ. 25 თებერვალი, 1969, ზუგდიდი — გ. 2 დეკემბერი, 1992, ტამიში) — ქართველი ფეხბურთელი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (1993).

ზაზა ბენდელიანი
მეტსახელი ბენდელა
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 25 თებერვალი, 1969
დაბადების ადგილი ზუგდიდი, სამეგრელო, საქართველო
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1992 (23 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტამიში, აფხაზეთი
კუთვნილება სსრკ
საქართველო
ჯარის სახეობა სახმელეთო ჯარები
სამხედრო სამსახურის წლები 1992
წოდება სერჟანტი
ნაწილი სპეცდანიშნულების მეოთხე ბატალიონი „თეთრი გიორგი“, საქართველოს ეროვნული გვარდია, სწრაფი რეაგირების კორპუსის # 1-ლი ბრიგადა
ბრძოლები/ომები აფხაზეთის ომი:
ბრძოლა სოხუმისთვის და სხვა
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ზაზა ბენდელიანი დაიბადა 1969 წლის 25 თებერვალს ზუგდიდში. დედა - რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათელა ჭურღულია. მამა - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი ჯუმბერ სპირიდონის ძე ბენდელიანი.

1971 წელს ბენდელიანების ოჯახი თბილისში გადავიდა, ხოლო 1976 წელს, როცა ზაზა მეხუთე კლასში იყო, მამამისი გაგრაში გააგზავნეს სამუშაოდ და ხუთი წელი ამ ქალაქში ცხოვრობდა და გაგრის სპორტსკოლაში სწავლობდა ფეხბურთს, სადავ მისი მწვრთნელები იყვნენ გიორგი სიჭინავა და თამაზ კუჭუხიძე. 1980 წელს გაგრის სპორული სკოლის გუნდმა, სადაც მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ზაზა ბენდელიანი თამაშობდა, გენერალ ლესელიძის სახელობის საკავშირო ტურნირზე პირველი ადგილი აიღო.

1981 წელს ბენდელიანების ოჯახი ბრუნდება თბილისში და 12 წლის ზაზა სწავლას განაგრძობს ქალაქ თბილისის 61-ე სკოლაში. ის ასევე მიიღეს მიხეილ მესხის საფეხბურთო სკოლაში „ავაზა“, სადაც მას ზრდიდა მწვრთენელი ვილი გოგიჩაძე. მიხეილ მესხი ამბობდა, რომ ზაზა ბენდელიანი მიაგავდა წარსულში სახლგანთქმულ ფეხბურთელს შოთა იამანიძეს.

1984 წლიდან ზაზა ბენდელიანი „დინამოს“ ფეხბურთელთა სპორტულ სკოლაში გადაიყვანეს.

1986 წელს, თბილისის 61-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ზაზა ბენდელიანმა სწავლა განაგრძო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტში.

1985-1988 წლებში ზაზა ბენდელიანი გახდა საქართველოს ნაკრების წევრი და საბჭოთა კავშირის ნაკრების კანდიდატი. ამავე წლებში ხდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფეხბურთში თვრამეტ წლამდე ასაკში და საკავშირო ჩემპიონატების, „იმედის თასისა“ და „სიჭაბუკის“ გამარჯვებული მეოთხედ, რისთვისაც მას მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება. ამის შემდეგ ყოფნისას ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა გივი ნოდიამ („ტორპედო“ მაშინ უმაღლეს ლიგაში თამაშობდა) ზაზა ბენდელიანი თავის გუნდში მიიწვია.

1990 წელს ზაზა ბენდელიანის დედა სიმსივნით გარდაიცვალა, რამაც ძალიან იმოქმედა ახალგაზრდა ფეხბურთელზე და რომ არა მისი მწვრთნელების თხოვნა, იგი ფეხბურთს აღარ დაუბრუნდებოდა.

აფხაზეთის ომი

რედაქტირება

აფხაზეთში ომი დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს და 27 აგვისტოდან ზაზა ბენდელიანი უკვე ომშია, როგორც რიგითი ჯარისკაცი. საქართველოს საფეხბურთო საზოგადოების მრავალრიცხოვანი თხოვნების შემდეგ, ის გაანთვისუფლეს სამხედრო მოვალებისგან და თბილისში დაბრუნდა.

1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა, ზაზას მშობლიური ქალაქი. სარწმუნო წყაროების თანახმად, გაგრის სტადიონზე სეპარატისტებმა ტყვედ აიყვანეს ასამდე ქართველი (მათ შორის იყო ზაზას ოთხი თანაკლასელი), მერე ამ ტყვეებს თავები მოჰკვეთეს და იმ თავებით ითამაშეს ფეხბურთი. იმავე დღეს, ისე, რომ არავინ იცოდა, ზაზა ბენდელიანი დაბრუნდა ფრონტის წინა ხაზზე. იბრძოდა, როგორც ოცმეთაური სწრაფი რეაგირების კორპუსის # 1-ლი ბრიგადის სპეცდანიშნულების მეოთხე ბატალიონში „თეთრი გიორგი“, რომელიც შედიოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, გენერალ-მაიორ გიორგი ყარყარაშვილის მეთაურობით.

1992 წლის 2 დეკემბერს სოფელ ტამიშის აღებისას, ანუარხუს მთასთან გამართული ბრძოლის დროს, სადაც ბატალიონი „თეთრი გიორგი“ ოთხმოცამდე კაცის შემდგენლობით მიდოდა შეტევაზე, რაზმი შეჩერდა ერთი მინდვრის წინ, რომელიც შეიძლებოდა დანაღმული ყოფილიყო და ვეღარ აგრძელებდა შეტევას. ზაზა ბენდელიანი პირველი წავიდა ამ მინდორზე, რომელიც მართლაც დანაღმული აღმოჩნდა. თავად ზაზა ნაღმზე აფეთქდა, მაგრამ რაზმის დანარჩენი თანამებრძოლები გადაარჩინა.

ზაზა ბენდელიანი დასაფლავებულია საბურთალოს სასაფლაოზე.

გმირობა ის წამია

რედაქტირება

ზაზა ბენდელიანზე დაწერილი მხატვრულ-დოკუმენტური წიგნის „ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე“ ავტორმა მიხო მოსულიშვილმა ასე ახსნა მისი გმირობა:

 
„გმირობა ის წამია

(ავტორისეული წიაღსვლა)

ზაზა ბენდელიანმა იგრძნო, რომ გმირობა ის წამია, ის ერთადერთი გაელვება, როცა იცი — შენი წინ წასვლით შეგიძლია უამრავი თანამებრძოლი იხსნა. ზაზა ბენდელიანმა იგრძნო, რომ გმირობის ჩასადენად აღარ არსებობს მეთაურის ბრძანებები, რადგან ასეთ შემთხვევაში ისინი ძალას ჰკარგავენ, მთლად ქრებიან და რჩები საკუთარ თავთან მარტოდმარტო. და სწორედ იმ ერთადერთი წამის გაელვებაში დაუდგა თვალწინ: სწორედ ასეთივე, ოღონდ დათოვილი კვიპაროსი, რომლის წინ საათობით მდგარა გაგრაში... სიზმრად ნანახი დედა, საყვედურით რომ მიმართავდა — ბურთი ავტომატზე რატომ გაცვალე და მგლებთან ბრძოლას რატომ არ დაანებებ თავსო. ოჩამჩირის მშენებარე სასტუმროს მეთორმეტე სართულზე მდგარი მამა, დაბრუნდიო, რომ შესთხოვდა. ამ ომში თავისი გამოპარვით აცრემლებული საფიცარი დაიკო თუ დარდიანი მეგობრები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, მთელი ქვეყანა... დიდი სამამულო ომის გმირი, ჭიჭიკო ბენდელიანი, რომელსაც ხშირად ადარებდა ბორის სიჭინავა. თავისი დიდი წინაპარი, თემრაზ ბენდელიანი, ადიდებული ენგური რომ გადაუცურავს თითებზე ჩამოსათვლელ ერთეულთა მსგავსად. ისევ სიზმრად, თეთრი ცხენით გამოცხადებული სახელგანთქმული აბრაგი, არსენა ქობალია — ნეტავი, რაიმე მიუტევებელი ცოდვა ხომ არ მიუძღვის, თორემ თავად ზაზას იმდენჯერ დაუნთია ილორში სანთლები, წმინდა გიორგის ეკლესიაში, იმედი აქვს, არ გაიწირება... მაგრამ ყველაზე ნათლად გაგრის სტადიონზე თავისი ბავშვობის მეგობრების მოჭრილი თავებით ფეხბურთის მოთამაშე ბარბაროსების საზარელი ღრიანცელი წარმოესახა; იმ სტადიონზე, სადაც ფეხბურთის თამაშს სწავლობდა...

ზაზა ბენდელიანმა უფრო მძაფრად იგრძნო, რომ გმირობა ის წამია, ის ერთადერთი გაელვება, როცა იცი — შენი წინ წასვლით შეგიძლია უამრავი თანამერძოლი იხსნა, — „მე წავალო!“ — შესძახა და მეთაურის თანხმობას აღარ დალოდებია, ისე გაიქცა წინ, მარადისობისაკენ...[1]

.

სიკვდილის შემდეგ

რედაქტირება

1993 წელს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებით ზაზა ჯუმბერის ძე ბენდელიანი (სიკვდილის შემდეგ) ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

თბილისის 61-ე საშუალო სკოლას დოლიძის ქუჩაზე, რომელშიც ის სწავლობდა, ზაზა ბენდელიანის სახელი ეწოდა.

1994 წლიდან თბილისში არსებობს ზაზა ბენდელიანის ქუჩა, სადაც ის 1970 წლიდან ცხოვრობდა.

თბილისში, საბურთალოზე, მიხეილ ასათიანის ქუჩაზე (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე) არსებობს ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონი „ბენდელა“.

წიგნის „ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე“ ავტორმა, მიხო მოსულიშვილმა მინიფეხბურთის ყოველწლიური, ტრადიციული ტურნირისათვის „ბენდელას თასი“ (იმართება 1993 წლიდან) დაწერა ჰიმნი, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის ომის გმირს, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენოსანს, ოთხგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონს ფეხბურთში, ზაზა ბენდელიანს.

ამ ლექსის მიხედვით კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა დაწერა სიმღერა „ბენდელა“[2], რომელიც პირველად შეასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“ რობერტ გოგოლაშვილის ხელმძღვანელობით. ამ ჰიმნის[3] პრემიერა შედგა 2001 წლის 18 დეკემბერს, 22.00 საათზე, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, გადაცემაში „ჩვენი ფეხბურთი“ (წამყვანი არმაზ მეტრეველი). ეს ჰიმნი შედის ვაჟა აზარაშვილის სი-დი ალბომში[4].

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • „ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე“, მიხო მოსულიშვილი, თბ., გამომცელობა „საარი“, 2003, ISBN 99928-39-69-4

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბენდელა, გამომცელობა „საარი“, 2003, გვერდები 159 — 160
  2. ვაჟა აზარაშვილი [აუდიოჩანაწერი]: CD 3, თბილისი, „სანო სტუდია“, 2004 წელი
  3. ჰიმნი „ბენდელა“
  4. ვაჟა აზარაშვილის სი-დი ალბომი