ვოლოდიმირი (უკრაინა)

ქალაქი უკრაინაში

ვოლოდიმირი (უკრ. Володимир; ყოფ. ვოლოდიმირ-ვოლინსკი) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში, ვოლინის ოლქის ვოლოდიმირ-ვოლინსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 38 200 მცხოვრები (2020). მდებარეობს მდინარე ლუგის (დასავლეთის ბუგის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. რკინიგზის სადგური.[2]

ქალაქი
ვოლოდიმირი
Володимир
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ვოლინი
კოორდინატები 50°50′53″ ჩ. გ. 24°19′20″ ა. გ. / 50.84806° ჩ. გ. 24.32222° ა. გ. / 50.84806; 24.32222
პირველი ხსენება 988
ფართობი 16.05 კმ²
ცენტრის სიმაღლე 174 მეტრი
მოსახლეობა 37 910 (1 იანვარი, 2022)[1]
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
საფოსტო ინდექსი 44700–44709
ოფიციალური საიტი http://volodymyrrada.gov.ua/
ვოლოდიმირი (უკრაინა) — უკრაინა
ვოლოდიმირი (უკრაინა)

პირველად, როგორც „ვოლოდიმირი“, იხსენიება 988 წელს მატიანეში „გარდასულ წელთა ამბები“, წარმოადგენდა კიევის მთავრის ვლადიმირ სვიატოსლავის ძის ერთ-ერთი ვაჟის — ვსევოლოდ ვლადიმირის ძის სამფლობელოს. იყო ვლადიმირ-ვოლინის სამთავროს ცენტრი. მდებარეობდა კიევიკრაკოვიპრაღარეგენსბურგის მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე. დაახლოებით 1199 წელს შევიდა გალიჩ-ვოლინის სამთავროში. XII საუკუნეში მოიცავდა დეტინეცსა (შიდა ციხეს; შემორჩენილია მიწაყრილები და თხრილები) და გამაგრებულ ქალაქს (მატიანეებში ცნობილია კიევისა და გრიდშის კარიბჭეები) საერთო ფართობით დაახლ. 80 ჰა. XIII საუკუნეში ცნობილია გერმანელთა, სუროჟელთა, ნოვგოროდელთა სავაჭრო კოლონიები. 1240 წელს ააოხრეს თათარ-მონღოლთა შემოსევების დროს. 1259 წელს მათი მხედართმთავრის ბურუნდაის (გამოგზავნა ყაენმა ბერქამ) ბრძანებით გადაწვეს და დაანგრიეს. XIV საუკუნიდან იყო ლიტვის დიდი სამთავროს შემადგენლობაში. 1431 წელს მიიღო მაგდებურგის უფლება. 1569 წლიდან რეჩ პოსპოლიტის ნაწილი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო. დროებით დაკნინდა XVII–XVIII საუკუნეებში. 1648 წელს დაიპყრო ბოგდან ხმელნიცკის არმიამ, მაგრამ ანდრუსოვოს ზავით (1667) გადავიდა რეჩ პოსპოლიტის ხელში. 1795 წელს რეჩ პოსპოლიტის მესამე დანაწილების დროს დასავლეთი ვოლინის შემადგენლობაში მყოფი ქალაქი გადაეცა რუსეთის იმპერიას. 1795–1919 წლებში იყო ვოლინის გუბერნიის სამაზრო ქალაქი (მანამდე — ვოლინის სამეფისნაცვლოსი). 1919 წელს დაიპყრო პოლონეთმა, 1921 წელს, პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის (1920) შემდეგ, პოლონეთისათვის მისი კუთვნილების საკითხი განამტკიცა რიგის საზავო ხელშეკრულებამ. 1939 წელს სსრკ-ის შემადგენლობაში გადავიდა (იხ. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი) და უკრაინის სსრ-ის ვოლინის ოლქში შევიდა.[3] 1941 წლის 23 ივნისს დაიკავეს ნაცისტური გერმანიის ჯარებმა. 1941 წლის სექტემბერში აქ შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკი „შტალაგ-365“, სადაც მოთავსებული ჰყავდათ წითელი არმიის სამხედრო ტყვე ჯარისკაცები და ოფიცრები. სხვადასხვა შეფასებით, დაიღუპა რამდენიმე ათეული საბჭოთა სამხედრო ტყვე. სსრკ-ის სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს 1944 წლის 20 ივლისს ლვოვ-სანდომირის ოპერაციის დროს.[2]

არქიტექტურა

რედაქტირება

დეტინეცში შემორჩენილია მიძინების ტაძარი — სამნავიანი, ერთგუმბათიანი, 6 საყრდენი ბოძით, იყო მთავართა აკლდამაც (1157–1160, ძველი ტაძრის ადგილზე; გადაკეთდა XVI და XVIII საუკუნეებში, თავდაპირველი სახით აღდგა 1896–1900 წლებში, არქ. გ. ი. კოტოვი). წმინდა ვასილის სახელობის 8-კონქიანი ეკლესია (XIII საუკუნის ბოლო – XIV საუკუნის დასაწყისი), ეპისკოპოსთა რენესანსის სტილის პალატები (XVI საუკუნე), ბაროკოს სტილის იოაკიმისა და ანას კოსტიოლი (1752). ფაშიზმის მსხვერპლთა ძეგლი „მგლოვიარე დედა“ (1965–1966, მოქანდაკე ე. ვ. ძინდრა და ტ. მ. ბრიჟი, არქ. ი. ი. ნაზარკევიჩი).[3]

ეკონომიკა

რედაქტირება

მომსახურების სფეროში დომინირებს ვაჭრობა და ტურისტული ბიზნესი. არის ავეჯისა და სამკერვალო ფაბრიკები, კვების მრეწველობის საწარმოები (საკონსერვო ქარხანა და სხვ.).[2][3]

  1. State Statistics Service of Ukraine Чисельність наявного населення Українина 1 січня 2022კიევი: State Statistics Service of Ukraine.
  2. 2.0 2.1 2.2 Владимир-Волынский. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2020). ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2021[მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 3.2 Владимир-Волынский // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 437.