ლეონტი ჟღენტი

(გადამისამართდა გვერდიდან ვიქტორ ჟღენტი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟღენტი.

ლეონტი (ვიქტორ) ჟღენტი (დ. 12 ოქტომბერი, 1884, ჯვარცხმა, ოზურგეთის მაზრა — გ. 8 აპრილი, 1969, აბონდანი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ლეონტი ჟღენტი
დაბადების თარიღი 1884
დაბადების ადგილი ჯვარცხმა, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი, 1969
გარდაცვალების ადგილი აბონდანი, საფრანგეთი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი
მამა ალმასხან ჟღენტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის ოჯახში, დაამთავრა ბათუმის სახელოსნო სასწავლებელი და საბუღალტრო კურსები. პროფესიით იყო ფეიქარი და ბუღალტერი, იყო რსდმპ-ის წევრი, მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1900-იანი წლების ბოლოდან პოლიტიკურ მუშაობას ეწეოდა ბაქოში. 1910 წელს ბაქოში ხელმძღვანელობდა ქართულ სალიტერატურო-სამხატვრო წრეს, გამოსცემდა ჟურნალ „წყაროს“.

1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სამხედრო და საარჩევნო კომისიების წევრი. იყო მთავრობის საგანგებო რწმუნებული ცხინვალში.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა საქართველო და ცხოვრობდა საფრანგეთში. გარდაიცვალა აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუნცაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 324.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016. — გვ. 338, ISBN 978-9941-0-9318-0.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება