ვინფრიდ ბოედერი

გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი

ვინფრიდ ბოედერი (გერმ. Winfried Boeder; დ. 2 აპრილი, 1937, არვაილერი — გ. 24 დეკემბერი, 2023) — გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი.

ვინფრიდ ბოედერი
გერმ. Winfried Boeder
დაბ. თარიღი 2 აპრილი, 1937(1937-04-02)[1]
დაბ. ადგილი არვაილერი
გარდ. თარიღი 24 დეკემბერი, 2023(2023-12-24) (86 წლის)
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ოლდენბურგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ფრაიბურგის უნივერსიტეტი და ჰამბურგის უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

განათლება და კარიერა

რედაქტირება

ვინფრიდ ბოედერი დაიბადა 1937 წლის 2 აპრილს. 1947 წელს დაამთავრა დაწყებითი სკოლა. 1947-1956 წლებში სწავლობდა ახალი ენების გიმნაზიაში, სადაც დაეუფლა ფრანგულ, ინგლისურ და ლათინურ ენებს. ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში შეისწავლა შედარებითი ენათმეცნიერება, ბერძნული და ლათინური ფილოლოგია. ზოგადი ენათმეცნიერების, ინდოგერმანისტიკისა და ირანისტიკის უფრო სიღრმისეულად შესწავლის მიზნით 1958-1959 წლებში რამდენიმე თვით სასწავლებლად იმყოფებოდა ლიეჟსა და პარიზში.

1961 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფრაიბურგის უნივერსიტეტში თემაზე „საშუალო გვარი ჰომეროსის ენაში“ (Studien zum griechischen Medium). ამავე წლიდან ეკავა მკვლევარ-ასისტენტის პოზიცია ფრაიბურგისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში. 1967 წელს მოიპოვა უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერების დარგში და გახდა ჰამბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი.

1969 წელს მუშაობა დაიწყო კილის უნივერსიტეტში ინდოგერმანული ენათმეცნიერების კათედრაზე პროფესორად. 1973 წელს გახდა ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი. 2002 წლამდე ასწავლიდა ინგლისურ ენას, მის ისტორიას, ზოგად ენათმეცნიერებას.

ქართველოლოგიური მოღვაწეობა

რედაქტირება

პრფესორი ვინფრიდ ბოედერი 60-იანი წლიდან იწყებს კავკასიური, განსაკუთრებით ქართველური ენების კვლევას. ჯერ კიდევ დისერტაციაზე მუშაობისას საშუალო გვარის საკითხთან დაკავშირებით გაეცნო გერმანელი ქართველოლოგის გერჰარდ დეეტერსის მონოგრაფიას - „ქართველური ზმნა“.[2] ქართულმა ენამ ენათმეცნიერის ყურადღება მიიქცია და გადაწყვიტა მისი სიღრმისეულად შესწავლა. გაიარა ქართული ენის კურსები, რომელიც ტარდებოდა ჰამბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ენის კურს უძღვებოდა გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფილოლოგი ნიკოლოზ ჯანელიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომამდე გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა.[3] ომში იგი ტყვედ ჩავარდა და გერმანიაში დამკვიდრდა, ასწავლიდა ქართულ ენას ჰამბურგისა და კილის უნივერსიტეტებში.[4]

ნიკოლოზ ჯანელიძის მეშვეობით ვინფრიდ ბოედერი დაუკავშირდა ენათმეცნიერ ალექსანდრე ღლონტს და მისი რჩევით შეუდგა მუშაობას ქართული ზმნის ქცევაზე. სწორედ ამ თემას ეხება მისი პირველი ქართველოლოგიური შრომები: „სათავისო ქცევის შესახებ ქართველურ ზმნაში“ (Zur Subjektiven Version des georgischen Verbs) (1968), და „ქართული ზმნის ქცევის შესახებ“ (Über die Versionen des georgischen Verbs) (1969).[3]

ვინფრიდ ბოედერი მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა. ალექსანდრე ღლონტის თხოვნით მან გერმანულად თარგმნა 1965 წელს მოსკოვში გამოცემული პროფესორ გიორგი კლიმოვის მონოგრაფია „კავკასიური ენები“ (1969).[5] ხოლო 1982 წელს გამოაქვეყნა გერმანული თარგმანი თამაზ გამყრელიძისა და გივი მაჭავარიანის მონოგრაფიისა „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“.

1974 წლის გაზაფხულზე ვინფრიდ ბოედერი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და აქ სექტემბრამდე დარჩა. მისი მასწავლებლები იყვნენ ძველ ქართულში – ივანე იმნაიშვილი, მეგრულშიტოგო გუდავა, სვანურშიალექსანდრე ონიანი, კონსულტაციებს უწევდნენ აკაკი შანიძე და ალექსანდრე ღლონტი. 1974 წლიდან გერმანიის სამეცნიერო კავშირის დახმარებით საქართველოში ჩამოდიოდა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სამეცნიერო მივლინებით.

70-იანი წლებიდან მოყოლებული იგი სისტემატურად აქვეყნებდა ნაშრომებს ძველი ქართულის, ქართული ენის დიალექტების, სვანურის, მეგრულის, ჩრდილოკავკასიურ ენათა საკითხების შესახებ. მან არაერთი ნაშრომი მიუძღვა ისტორიულ-შედარებითი სინტაქსის საკითხებს, იკვლევდა ქართული ანდაზების სტრუქტურას, ძველი ქართული ენის გრამატიკის საკითხებს, მიმართვის ფორმათა და სხვა სემანტიკური ჯგუფების ანალიზს, ატრიბუციას და სხვ. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართული სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში, ისე გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების ავტორიტეტულ სამეცნიერო ორგანოებში.

ნაშრომთა შორის თემის აქტუალობითა და კვლევის სიღრმით გამოირჩევა „ძველი ქართული ანბანის ანალიზი“ (1975), სადაც იგი ადგენს ქართული მრგვლოვანი ანბანის ასო-ნიშანთა შორის არსებულ გრაფიკულ მიმართებებს და განიხილავს მათ როგორც მარტივი ხაზისა და ნახევარწრეხაზის ერთ კვადრატულ უჯრედში მოთავსებულ კომბინაციას.[6] მეცნიერი ქართული ანბანის ბერძნულისაგან წარმომავლობის თეორიას ემხრობოდა.[7]

ვინფრიდ ბოედერს დიდი წვილი მიუღძვის გერმანიაში ქართველოლოგიური და კავკასიოლოგიური კვლევების პოპულარიზაციის საქმეში. 1995, 1997, 1999 და 2001 წლებში მისი ინიციატივით ოლდენბურგის უნივერსიტეტში ჩატარდა კავკასიის ენობრივი პრობლემებისადმი მიძღვნილი კონფერენციები. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობდა გერმანელ და ქართველ კავკასიოლოგთა გაცნობასა და საქმიან ურთიერთობებს.

კონფერენციების ორგანიზების გარდა, აქტიურად თანამშრომლობდა პარიზში დაარსებულ ქართველოლოგიურ ჟურნალთან – „ბედი ქართლისა“. 1980-1984 წლებში ჟურნალის ფურცლებზე სისტემატურად იბეჭდებოდა მისი გამოკვლევები და რეცენზიები. აღსანიშნავია „ბედი ქართლისას“ 1983 წლის 41 ნომერში გამოქვეყნებული წერილი „ქართველი ბერები ათონის მთაზე და და ქართული სამწერლობო ენის ისტორია“ (Die georgischen Mönche auf dem Berge Athos und die Geschichte der georgischen Schriftsprache). ბოედერი იყო იენის ქართველოლოგიურ ჟურნალ – „Georgica = გეორგიკას“ – სამეცნიერო საბჭოს წევრი.[8]

პროფესორი თანამშრომლობდა თბილისში გამომავალ ქართველოლოგიურ და კავკასიოლოგიურ ჟურნალებთან. იყო „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეულის“[9] სარედაქციო საბჭოს წევრი. ასევე იყო სხვა ჟურნალებისა და კრებულების (ენათმეცნიერების საკითხები, ქართველოლოგი, ქართველოლოგია, კადმოსი) სარედაქციო კოლეგიის საპატიო წევრი.[10]

ვინფრიდ ბოედერი წლების განმავლობაში ქართულ ენას ასწავლიდა დაინტერესებულ სტუდენტებსა და მეცნიერებს.

პენსიაზე გასვლა

რედაქტირება

2002 წელს გერმანელი ქართველოლოგი პენსიაზე გავიდა. ცხოვრობს ოლდენბურგში მეუღლესთან - დორის ბიულერთან - ერთად.[11] იგი დღემდე თანამშრომლობს ქართველ მეცნიერებთან, აქვეყნებს ქართველოლოგიური ხასიათის სტატიებს სამეცნიერო ჟურნალებში.

ვინფრიდ ბოედერი დღეს მსოფლიოში აღიარებული ქართველოლოგია. ქართველი მეცნიერები მის ღვაწლს დიდად აფასებენ. 2002 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ვინფრიდ ბოედერი აირჩია უცხოელ წევრად.

2009 წელს ქართველოლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ქართველი მეცნიერებისათვის გაწეული დახმარებისათვის ვინფრიდ ბოედერს მიენიჭა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.[12]

2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა მისი დაბადებიდან 75 წლის იუბილე, ხოლო 2017 წელს აირჩიეს საპატიო დოქტორად.[13]

2017 წლის 3 აპრილს თსუ-ში ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა ვინფრიდ ბოედერის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.[14]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინფრიდ ბოედერი // საპატიო დოქტორები = Honorary Doctors / თსუ 100, 1918-2018. – თბილისი, 2018.
  • ფეიქრიშვილი ჟ., მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის = Materials for the history of international kartvelian studies. წიგნი 3, ვინფრიდ ბოედერი. – თბილისი : უნივერსალი, 2020.
  • ღლონტი ა., ვინფრიდ ბოედერი // მოძღვრები, მეგობრები, შეგირდები. – თბილისი, 1998. – გვ.126-133.
  • ჭუმბურიძე თ., ვინფრიდ ბოედერი - 65 // ქართველოლოგი. – თბილისი, 2001. N 8. – გვ. 48-62.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://www.hpk.uni-hamburg.de/resolve/id/cph_person_00001375
  2. ფეიქრიშვილი ჟ., მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის = Materials for the history of international kartvelian studies. წიგნი 3, ვინფრიდ ბოედერი. – თბილისი : უნივერსალი, – 2020. – გვ.31
  3. 3.0 3.1 ჭუმბურიძე თ., ვინფრიდ ბოედერი - 65 // ქართველოლოგი. – თბილისი, 2001. N 8. – გვ. 48.
  4. ნიკოლოზ ჯანელიძე | ქართველები უცხოეთში
  5. ღლონტი ა., მოძღვრები, მეგობრები, შეგირდები. – თბილისი, 1998. – გვ.127.
  6. ჭუმბურიძე თ., ვინფრიდ ბოედერი - 65 // ქართველოლოგი. – თბილისი, 2001. N 8. – გვ. 49.
  7. ქართული დამწერლობის წარმოშობის თეორიები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-02. ციტირების თარიღი: 2023-09-13.
  8. ჭუმბურიძე თ., ვინფრიდ ბოედერი - 65 // ქართველოლოგი. – თბილისი, 2001. N 8. – გვ. 50.
  9. ჟურნალის შესახებ[მკვდარი ბმული]
  10. ფეიქრიშვილი ჟ., მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის = Materials for the history of international kartvelian studies. წიგნი 3, ვინფრიდ ბოედერი. – თბილისი : უნივერსალი, – 2020. – გვ.60
  11. ფეიქრიშვილი ჟ., მასალები საზღვარგარეთული ქართველოლოგიის ისტორიისათვის = Materials for the history of international kartvelian studies. წიგნი 3, ვინფრიდ ბოედერი. – თბილისი : უნივერსალი, – 2020. – გვ.30
  12. თსუ-ს საპატიო დოქტორები
  13. ილიაუნის საპატიო დოქტორები
  14. მოსაწვევი