ნიკოლოზ ჯანელიძე
ნიკოლოზ სილოვანის ძე ჯანელიძე (დ. 12 თებერვალი, 1921, სამტრედია — გ. 31 მარტი, 1993, იცეჰო, გერმანია) — გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფილოლოგი, მთარგმნელი, გამომცემელი.
ნიკოლოზ ჯანელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 12 თებერვალი, 1921[1] |
დაბ. ადგილი | სამტრედია |
გარდ. თარიღი | 31 მარტი, 1993 (72 წლის) |
გარდ. ადგილი | იცეჰო |
მოქალაქეობა | გერმანია[2] |
საქმიანობა | მთარგმნელი[2] , ფილოლოგი და გამომცემელი |
მუშაობის ადგილი | ჰამბურგის უნივერსიტეტი და კილის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკოლოზ ჯანელიძე დაიბადა 1921 წლის 12 თებერვალს სამტრედიაში. დედა - ივდითი ბასილის ასული ბაღდავაძე-ჯანელიძე, მამა - სილოვან ჯანელიძე. ჰყავდა უმცროსი დები - ეთერი და ლიზეტა. ოთხწლედი დაამთავრა ქალაქის სასწავლებელში, შემდგომ შეიყვანეს რკინიგზის საშუალო სკოლაში. 1937-1941 წლებში სწავლობდა გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ნიკოლოზი ამ სასწავლო დაწესებულების პირველი კურსდამთავრებული იყო.[3] ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მშობლიურ ქალაქში.[4]
მეორე მსოფლიო ომი და ემიგრაცია
რედაქტირებანიკოლოზს მასწავლებლად მუშაობა არ დასცალდა. იგი 1941 წლის ივნისში გაიწვიეს ომში. იბრძოდა ქერჩში, სადაც დაიჭრა, საკუთარ ნაწილს ჩამოშორდა და ტყვედ ჩავარდა. ერთი წლის შემდეგ ოჯახმა მისი უგზო-უკვლოდ დაკარგვის ცნობა მიიღო.[3] მხოლოდ სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1954 წელს დასავლეთ გერმანიიდან ოჯახმა ნიკოლოზის ორსიტყვიანი წერილი მიიღო: „ცოცხალი ვარ“. ოჯახმა მისი ხელწერა მაშინვე იცნო.[5]
სამხედრო ტყვეობისას იგი მუშად აიყვანა ერთმა გერმანელმა გლეხმა, რომელთანაც ნიკოლოზმა ცხრა თვე იმუშავა. გლეხის ოჯახი მას გულთბილად ეპყრობოდა და ეხმარებოდა გერმანული ენის შესწავლაში.
გერმანელ გლეხთან მუშაობის დროს ნიკოლოზს ესტუმრა ქართველი ემიგრანტი აკაკი გამსახურდია და შესთავაზა წასულიყო რომში, კერძოდ ვატიკანში თეოლოგიის შესასწავლად. აკაკის დახმარებით ნიკოლოზმა თავი დააღწია ტყვეობას და ექვს ქართველთან ერთად წავიდა რომში ქართველ მეცნიერ და კათოლიკე სასულიერო პირთან, მიხეილ თარხნიშვილთან, რომლის ხელმძღვანელობითაც გაიარა ქართული ენისა და ლიტერატურის კურსი. ნიკოლოზი დაუკავშირდა იქ ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულ გერმანელ ქართველოლოგს, იულიუს ასფალგს, რომლის დახმარებითაც მოიპოვა ქართული ენის სწავლების უფლება გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში.[6]
ნიკოლოზი დაბრუნდა გერმანიაში, იცეჰოში, სადაც გერმანელ გლეხთან მოჯამაგირედ დაიწყო მუშაობა. აქ მან ომის დამთავრებისას შეძლო მიმალვა და თავი აარიდა საბჭოთა კავშირში დაბრუნებას.1950 წელს ჰამბურგის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა, მაგრამ ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სწავლისთვის თავი დაენებებინა. ფილტვების სისუსტემ შემდეგ წლებშიც გაურთულა მას ცხოვრება. 1962 წლიდან მიიწვიეს ჰამბურგის უნივერსიტეტში, შემდეგ კილის უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად.[4] მის სტუდენტებს შორის იყო ცნობილი ქართველოლოგი ვინფრიდ ბოედერი. უნივერსიტეტებში ნიკოლოზის ხელფასი მცირე იყო. მან გახსნა ქაღალდის მეორადი საწარმო, რითიც მოიპოვა მინიმალური საარსებო საშუალება.[7]
გამომცემლობა "საქართველო"
რედაქტირებალიტერატურული საქმიანობით გატაცებულმა, ხელმოკლეობის მიუხედავად, ქალაქ იცეჰოში დააარსა საკუთარი გამომცემლობა „საქართველო“, სადაც ლილი (ლიდია) პაპე-გეგელაშვილთან ერთად გერმანულად თარგმნიდა და ბეჭდავდა ქართულ ნაწარმოებებს.[6]
1922 წელს ლილი სვიმონის ასული გეგელაშვილი (1917-1976) გერმანიაში ჩამოვიდა საქართველოდან. 1943 წელს მეუღლის, გერმანელი მაიორის, დაღუპვიდან მცირე ხნის შემდეგ, მას შეეძინა ვაჟი, ულრიხი. გეგელაშვილების ოჯახი ომის შემდეგ გერმანიის პატარა ქალაქ იცეჰოში დამკვიდრდა. 1961 წლიდან მოყოლებული ნიკოლოზ ჯანელიძეს ახლო მეგობრობა აკავშირებდა ლილისთან და მის ოჯახთან.[6][8]
1961 წელს ნიკოლოზმა და ლილიმ გერმანულად თარგმნეს და გამოსცეს „ნინო მოციქული“ (Die Apostolin Nino). წიგნის გამოცემაში მონაწილეობდა მიხეილ თარხნიშვილი.
1974 წელს გამოსცეს გერმანულ ენაზე დასტამბული „ქართული ზღაპრები“. წიგნი შეიცავს 29 ქართულ რჩეულ ზღაპარს. ილუსტრაციები შესრულებულია გერმანელი მხატვრის იოჰან კოლტცის მიერ, მხატვარ ლადო გუდიაშვილის მოტივებზე. ბოლო გვერდებზე მოცემულია ცნობები საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნების, ისტორიისა და ბუნებრივი სიმდიდრეების შესახებ.[9]
„ქართული ზღაპრების“ დასაბეჭდად მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლილი პაპე-გეგელაშვილის ვაჟმა, ულრიხ (ული) პაპემ, რომელიც 1973 წელს 29 წლის ასაკში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. იგი ვერ მოესწრო „ქართული ზღაპრების“ გამოცემას. ნიკოლოზმა და ლილიმ წიგნი მის ხსოვნას მიუძღვნეს. წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა გერმანიის კიბოს კვლევით ინსტიტუტს გადაურიცხეს.[6]
1976 წელს გამომცემლობა „საქართველოში“ გერმანულ ენაზე დაიბეჭდა ქართული პატარა მოთხრობები ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (მთარგმნელი ლუცია ქურდიანი), „ბუნება“ თარგმნილი ნიკოლოზისა და ლილის მიერ. ასევე მათი ნათარგმნი ნაწყვეტი ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობიდან“ „მონადირე“.[10]
1983 წელს ნიკოლოზ ჯანელიძემ გამოსცა იაკობ გოგებაშვილის დედაენის მიხედვით შედგენილი „ქართული დედაენა“. წიგნს წამძღვარებული აქვს მისი სიტყვები გერმანულ ენაზე:
თუ ერთი დიდი ძლიერი ერი სხვა პატარა ერების დედა ენას ავიწროვებს და ზღუდავს, მაშინ ის თავის დედა ენასაც პატივს არ სცემს და აბილწებს[11]
1984 წელს გამოსცა „ვეფხისტყაოსნის“ შემოკლებული პროზაული თარგმანი, რომელიც შესრულებული ჰქონდა ლილი პაპე-გეგელაშვილთან ერთად. წიგნს ახლავს კილის უნივერსიტეტის პროფესორის ჰანს ჰაინრიჰ ნიმანის წინასიტყვაობა, სადაც მიმოხილულია ქართველი ხალხის უძველესი კულტურა.[7]
უცხოეთში დიდი პოპულარობა მოიპოვა ნიკოლოზ ჯანელიძის წიგნმა „ქართული სამზარეულო“. რომლის გამოსაცემად მომზადებაში ასევე მონაწილეობდნენ ლილი და მისი ვაჟი (წიგნი რამდენჯერმე გამოიცა). გერმანულად თარგმნილი „ქართული დედაენის“ გარდა, ნიკოლოზ ჯანელიძემ ქართული ენის შემსწავლელ სტუდენტთათვის შეადგინა „გერმანულ-ქართული სასაუბრო“.[7]
ნიკოლოზ ჯანელიძემ უსახსრობის გამო მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა თავისი თარგმანების გამოქვეყნება. მას მზად ჰქონდა ნოდარ დუმბაძის „სოფლელი ბიჭი“, მაგრამ სიძვირის გამო ვერ შეძლო გამოქვეყნება.[3]
ქართული კულტურის პოპულარიზაცია გერმანიაში
რედაქტირებანიკოლოზ ჯანელიძე, მთარგმნელობითი და საგამომცემლო საქმიანობის პარალელურად, მშობლიური კულტურის პოპულარიზაციის მიზნით მსურველებს ასწავლიდა ქართულ ენას, ქართულ ცეკვასა და სიმღერებს, საბავშვო ბაღებში დადიოდა და ქართულ ზღაპრებს უკითხავდა გერმანელ ბავშვებს. უძღვებოდა რადიოგადაცემას „ქართული ზღაპრების საათი“. იგი ხშირად გამოდიოდა მოხსენებითა და სიტყვით გერმანელი მსმენელის წინაშე, აწყობდა გამოფენებს, ქართული მუსიკის საღამოებს. გერმანულ პრესაში იგი ნ. ჯანესის ფსევდონიმით ბეჭდავდა სტატიებს საქართველოს შესახებ.[3] მის სახელთანაა დაკავშირებული გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობების ამსახველი ბევრი საინტერესო ღონისძიება.
1966 წელს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ფართოდ აღინიშნა შოთა რუსთაველის დაბადების 800 წლისთავი. ამ თარიღთან დაკავშირებით ნიკოლოზ ჯანელიძემ ჰამბურგის უნივერსიტეტში მოაწყო საგანგებო გამოფენა გამოჩენილი გერმანელი მეცნიერების მონაწილეობით. იმავე წელს გერმანულ ენაზე გამოსცა ამ ღონისძიების ამსახველი მასალების კრებული. 1988 წელს მან იცეჰოში მოაწყო ქართული წიგნის დიდი გამოფენა.[7]
გერმანია-საქართველოს მეგობრობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის 1983 წელს ალბერტ შვეიცერის სახელობის მშვიდობის მედლით დააჯილდოვეს. მედლის გადასაცემად იცეჰოში ჩავიდა რომის პაპის წარმომადგენელი, რომელმაც ჯილდო პირადად გადასცა და მიულოცა.[12]
ნიკოლოზ ჯანელიძემ მთელი თავისი სიცოცხლე ქართული ენისა და კულტურის გერმანელი ხალხისათვის გაცნობის საქმეს შესწირა. ქართველმა ემიგრანტმა მთელი მისი საქმიანობის კრედო ლაკონურად ასახა გერმანულ ენაზე დაწერილ ლექსში „ჩვენ და ილია“ (ქართულად თარგმნა აკაკი გელოვანმა):
უცხო ცის ქვეშ ვეხეტები,
ბედის ლახვრით დალახვრული,
მასულდგმულებს საიდუმლო,
ჩვენს ენაში დამარხული.
ქართულ სტამბის გამართვაზე
ჩემი ღონე დაილია...
გოეთეს ხალხს გავაცანი
ნინო, შოთა და ილია.
მე მდიდარი არ გახლავართ
წლები ჯაფით დაილია...
მთელი ჩემი სიმდიდრეა
საქართველო და ილია.[13]
გარდაცვალება
რედაქტირებანიკოლოზ ჯანელიძემ ჯანმრთელობის სისუსტისა და ხელმოკლეობის გამო ვერ შეძლო სამშობლოში დაბრუნება. გარდაიცვალა 1993 წლის 31 მარტს. ცხოვრების ბოლო დღეები საავადმყოფოში გაატარა. მისი სურვილის თანახმად, დაკრძალეს იცეჰოში ანონიმურად, კრემატორიუმის წესით. მისმა მოწაფემ, გერმანელმა ქართველოლოგმა, ვინფრიდ ბოედერმა უხელმძღვანელა მისი დაკრძალვის ცერემონიალს.[4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000123/
- ↑ 2.0 2.1 Catalog of the German National Library
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 მარჯანიშვილი, მ., ქართული ენისა და აზრის ქომაგი // იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები. – 2017. – გვ. 95-99.
- ↑ 4.0 4.1 4.2 ნიკოლოზ ჯანელიძის გარდაცვალება // მებრძოლი საქართველო / ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. – პარიზი, 1994. – იანვარი. – N13(31). – გვ. 81-82.
- ↑ მარჯანიშვილი მ., ჯანესი ქართველი ემიგრანტი. – თბილისი, 2016. – გვ.75.
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 ღლონტი ა., მოძღვრები, მეგობრები, შეგირდები. – თბილისი, 1998. – გვ.112-126.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 ფეიქრიშვილი ჟ. ქართული ენის მოამაგენი. – თბილისი, 2006. – გვ. 60-63.
- ↑ მარჯანიშვილი მ., ჯანესი ქართველი ემიგრანტი. – თბილისი, 2016.
- ↑ ქართული ზღაპრები გერმანიიდან // თავისუფლების ტრიბუნა. – პარიზი, 1975. – ივლისი, N 8. – გვ.15.
- ↑ მარჯანიშვილი მ., ჯანესი ქართველი ემიგრანტი. – თბილისი, 2016. – გვ.35.
- ↑ მარჯანიშვილი, მ. ნიკოლოზ-ჯანესი ქართველი ემიგრანტი გერმანიიდან // შრომათა კრებული / გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი. – თბილისი, 2016. – N 12. – გვ. 226
- ↑ მარჯანიშვილი მ., ჯანესი ქართველი ემიგრანტი. – თბილისი, 2016. – გვ.41.
- ↑ მარჯანიშვილი მ., ჯანესი ქართველი ემიგრანტი. – თბილისი, 2016. – გვ.41-42.