ენა

(გადამისამართდა გვერდიდან ენები)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენა (მრავალმნიშვნელოვანი).

ენაენათმეცნიერული ცნება-ტერმინი, რომელიც აკუსტიკურად (სმენით) და ოპტიკურად (ხედვით) აღქმადი ნიშნების სისტემას აღნიშნავს.

არნოლდ ლაკოვსკი, საუბარი, (დაახლოებით 1935 - წელი)

ენა და საზოგადოება

რედაქტირება

ადამიანის არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან. საზოგადოებრივი საქმიანობა, თავის მხრივ, შეუძლებელია ადამიანთა შორის ურთიერთგაგებინების გარეშე. გაგებინების უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ბუნებრივი ენა. ენა არის საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილებებიდან, განსაკუთრებით კი შედეგზე ორიენტირებული საქმიანობიდან მომდინარე, მუდმივად განახლებადი, განვითარებადი სისტემა აკუსტიკურად და ოპტიკურად აღქმადი ნიშნებისა, რომელიც ადამიანს ემსახურება აზრის გაფორმებაში, შეაძლებინებს მას გარკვეულ ფორმაში მოაქციოს აზრი და ამით გასაგები გახადოს იგი (გამოსახატავი აზრი) მისთვის და სხვათათვის. ენა ადამიანს ფიქრის პროცესს, ანუ გარკვეული რეალობის შემეცნებას შეაძლებინებს. ენის, როგორც ნიშანთა სისტემის მეშვეობით შესაძლებელი ხდება აზრებისა და ემოციური განცდების გადმოცემა, ასევე მოპოვებული ცოდნის ფიქსირება და შენახვა. ენის დეფინიციიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ იგი ადამიანის ენობრივი მოღვაწეობის ინსტრუმენტია და მჭიდრო ურთიერთკავშირშია ადამიანის ცნობიერებასთან. ურთიერთკავშირი ენასა და საზოგადოებას შორის ცხადი ხდება კომუნიკაციაში. კომუნიკაციას ენათმეცნიერები განიხილავენ, როგორც ურთიერთგაგებინების პროცესს.

ენისა და დიალექტის გარჩევის პრობლემა

რედაქტირება

ცალკეულ ენებზე და ენათა დიალექტებზე მოლაპარაკეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რაც იმ მიზეზით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობა არაა საბოლოოდ დადგენილი, ანუ თვითონ ენათმეცნიერებაში არ არსებობს რაიმე ზუსტი საზომი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ენის დიალექტისაგან ერთმნიშვნელოვნად გარჩევა. ამდენადაა უცნობი, სულ მაინც რამდენი ენა არსებობს დედამიწის ზურგზე. საქმე ის არის, რომ არსებობს ერთი ენის დიალექტები, რომლებიც (1.) სრულიად გაუგებარია ამავე ენის სხვა დიალექტებზე მოსაუბრეთათვის. ამის მაგალითად გამოდგება გერმანული ენის (ბავარიული, შვაბური) დიალექტები, ანდა იტალიური, ან ესპანური ენების დიალექტები. (2.) არსებობს სხვადასხვა ენები, რომლებზე აზრის გაგებაც ზოგჯერ ლამის სიტყვასიტყვითაა შესაძლებელი სხვა მონათესავე ენებზე მოლაპარაკეთათვის. - ამის მაგალითია არაერთი სლავური ენის, ან თურქული ენის ცალკე ენებად თანაარსებობა. (სლავეთი: ეთნო-პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ სლავეთში მიუხედავად უკიდურესი ენობრივი სიახლოვისა ისტორიულად ყოველთვის კონფლიქტურ ხასიათს ატარებდა.)

(თურქულენოვანი სამყარო: საკუთრივ თურქულის, აზერბაიჯანულისა და თურქმენულის მცოდნეთა შორის ურთიერთგაგებინებადობა.)

არსებული ენათმეცნიერული წინააღმდეგობრივობის დასაძლევად ერთგვარ კომპრომისად მიღებულ და დამკვიდრებულ იქნა ორი ტერმინი; (1.) ენების დიფერენციაცია მდებარეობის მიხედვით, ან გამო. (2.) ენების დიფერენციაცია სიშორის მიხედვით, ან გამო.

ენებად დიფერენცირება გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით

რედაქტირება

ენებად გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ურთიერთგაგებინება ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს შორის (1.) მეტად გაადვილებულია, ანდა (2.) სრულიად ადეკვატური. მიუხედავად ამისა, ასეთ ენებს სხვადასხვა სახელი გააჩნიათ და ხშირად სხვადასხვა სახელითვე ოფიციალურ ენებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოებში. მაგ.; (1.) სპარსული ირანში და ტაჯიკური ტაჯიკეთში; (2.) ხორვატული ხორვატიაში და სერბული სერბეთში.

ენებად დაყოფა სიშორის მიხედვით

რედაქტირება

ენებად გეოგრაფიული სიშორის გამო, ან გეოგრაფიული სიშორის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ურთიერთგაგებინება (1.) გაძნელებულია, ანდა (2.) სრულიად შეუძლებელი. მაგ.; (1.) რუსული და ჩეხური; (2.) ნორვეგიული და აფრიკაანსი. დღეს არსებულ ენათაგან ნახევარი მოდის ინდონეზიაზე, მექსიკაზე, ბრაზილიაზე, კამერუნზე, ინდოეთზე, ჩინეთზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაზე. სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, 2100 წლისთვის შეიძლება გაქრეს ენათა 90 პროცენტი: ენის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მასზე ლაპარაკობდეს არაუმცირეს რამდენიმე ათასი კაცისა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჩიქობავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 141-143.
  • Jung, Walter (გამომც.): Grammatik der deutschen Sprache. Bearbeitet von Günter Starke. - 9., unveränderte Auflage - Leipzig: Bibliographisches Institut, 1988.
  • Bußmann, Hadumod (გამომც.): Lexikon der Sprachwissenschaft. 1.-2. Auflage Kröners Taschenausgabe, Band 452. 3., aktualisierte und erweiterte Auflage. - Stuttgart: Kröner, 2002.
  • Glück, Helmut (გამომც.): Metzler-Lexikon Sprache. - Stuttgart; Weimar : Metzler, 2002.
  • Meyers großes Taschenbuch: in 24 Bänden. Herausgegeben und bearbeitet von Meyers Lexikonredaktion. - Mannheim; Leipzig; Wien; Zürich: BI-Taschenbuchverlag.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ენა&oldid=4258171“-დან