უეფა ევრო 2008–ის ფინალი — ევრო 2008-ის ფინალური ტურნირის დასკვნითი მატჩი. გაიმართა 2008 წლის 29 ივნისსერნსთ–ჰაპელის სტადიონზე, ვენაში, ავსტრია და გამოვლინდა უეფა ევრო 2008–ის გამარჯვებული. ევროპის 2008 წლის საფეხბურთო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ესპანეთის ნაკრებმა გერმანიის ეროვნულ ნაკრები 1:0 დაამარცხა და 1964 წელს მოგებული ფინალის შემდეგ, ჩემპიონობა მეორედ იზეიმა. ლუის არაგონესის გუნდის ფეხბურთელებმა მთელი ტურნირი დაუმარცხებლად განვლეს, ეს კი 1984 წლის ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც ტრიუმფს საფრანგეთმა მიაღწია, პირველად მოხდა.
ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფში რუსეთს, შვედეთსა და საბერძნეთს აჯობა, ფინალამდე კი გზიდან იტალია და იგივე რუსეთი ჩამოიტოვ. მათი უპირატესობა ევრო-2008-ს ფინალურ მატჩშიც აშკარა იყო, როდესაც მათ გერმანიის ეროვნულ გუნდს აშკარად აჯობეს. გერმანიამ ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შექმნა. ჩემპიონატის ბომბარდირის, დავიდ ვილიას არყოფნაში, არაგონესმა ერთადერთ გამოკვეთილ ფორვარდად ფერნანდო ტორესი გაამწესა, თუმცა, ამით ესპანელთა შეტევებს სიმწვავე არ დაჰკლებია. იგი თანაგუნდელთა ლამის ყველა პასს იღებდა და არცთუ დამაჯერებლად მოთამაშე გერმანელი მცველები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა. მოგვიანებით ფინალის საუკეთესო მოთამაშედ დასახალებული ტორესის დაუცხრომლობამ შედეგი მატჩის 33-ე წუთზე გამოიღო, როდესაც მან ლამი უკან მოიტოვა, შემდეგ კი აშკარად დაუფიქრებლად გამოსულ ლემანსაც აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა.
ყველანაირი ლოგიკით, გოლის შემდეგ ლიოვის ფეხბურთელებს უფრო აქტიური თამაში უნდა გაეჩაღებინათ, თუმცა, გერმანიამ ეს ვერ შეძლო. მე-2 ტაიმის დასაწყისში ისინი ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, თუმცა კასილასის კარამდე მიახლოება ძველებურად უჭირდათ.
ტრავმირებული ბალაკი კარგად ვერ თამაშობდა, ჰიცლშპერგერისა და ფრინგსის მონდომება კი იმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ შედარებით აქტიური შვაინშტაიგერისთვის მხარი აებათ. ამის ფონზე ხავისა და ინიესტას კომბინაციურმა თამაშმა აჯობა გერმანელების ნახევარდაცვას. ესპანელმა ჩამშლელმა მარკოს სენამ ფინალშიც უდიდესი სამუშაო გასწია და პირველი წარმოშობით ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. მცველმა სერხიო რამოსმა საკუთარი აქტიურობის წყალობით, მარჯვენა ფლანგიდან არაერთი ხიფათი შექმნა გერმანიის კართან.[1]