ევრაზიის ფილა

(გადამისამართდა გვერდიდან ევრაზიის ფილაქანი)

ევრაზიის ფილატექტონიკური ფილა, რომელიც არაბეთის სუბკონტინენტისა და ჩერსკის მთაგრეხილის გამოკლებით მოიცავს ევრაზიის კონტინენტის დიდ ნაწილსა და ინდოეთის სუბკონტინენტს, ამას გარდა, აერთიანებს დასავლეთისაკენ შუაატლანტიკურ ქედამდე და ჩრდილოეთისაკენ გაკელის ქედამდე გადაჭიმულ ოკეანურ ქერქს.[1]

ევრაზიის ფილა
ტიპი ძირითადი
ფართობი 67,800,000 კმ²
მოძრაობა სამხრული
სიჩქარე 7–14 მმ/წ
ადგილი ევროპა, აზია, ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე
ევრაზიის ფილა

დასავლეთით, ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ჩრდილოეთ ამერიკის ფილა. დასავლეთით და ჩრდილოეთით ეს საზღვარი დივერგენტულია, რომელზედაც წარმოიქმნა შუაატლანტიკური ქედი. აღმოსავლეთით საზღვარი კონვერგენტულია.[2] ჩრდილოეთით შვედეთის ტერიტორია და სამხრეთი ნორვეგია დაემორჩილა უწყვეტ აზევებით მოძრაობას დაახლოებით 1.5 მლრდ. წლის განმავლობაში.[3] აზიის კონტინენტის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი ეკუთვნის ჩრდილოეთ ამერიკის ფილას, მაშინ როდესაც კორიაკთა მთიანეთისა და კამჩატკის ტერიტორია ევრაზიის ფილას; თუმცა საზღვრის პროცესი არ არის საკმარისად შესწავლილი.[4]

ევრაზიის ფილა აგრეთვე ესაზღვრება ბერინგისა და წყნარი ოკეანის ფილებს, რომლებიც აზიდულია ევრაზიის ფილის ქვეშ და ქმნის კონვერგენტულ საზღვარს. წყნარი ოკეანისა და ევრაზიის ფილებს შორის განლაგებულია ტექტონიკურად აქტიური ოხოტის ფილა და ამურის ფილა, რომელთაგან პირველი ადრე ჩრდილოეთ ამერიკის ფილას მიეკუთვნებოდა, ხოლო მეორე ევრაზიის ფილას.[4]

ევრაზიის ფილის სამხრეთი საზღვარი გადის აფრიკის, ანატოლიის, არაბეთისა და ინდოეთ-ავსტრალიის ფილებთან დაახლოებით 12 ათ. კმ სიგრძის ალპურ-ჰიმალაიური ნაოჭა სარტყლის სახით, რომელიც გიბრალტარის სრუტით უკავშირდება ატლასის მთების ალპურ სტრუქტურებსა და ალპურ ქედებს აზიაში. ეს საზღვარი მოიცავს ატლასს, პირენეებს, ალპებს, აპენინებს, კარპატებს, როდოპებს, კავკასიონს, ტიან-შანს, ტიბეტს, ჰიმალაებს მიანმარამდე და ანდამანის ზღვას.[5][6]

დამახასიათებელია რთული გეოლოგიური აგებულება; მისი დასავლეთი ნაწილი ცნობილია „ევროპის ფილის“ სახელწოდებით. კონვერგენტულ აღმოსავლეთ საზღვარში შეიცავს სუბდუქციის ზონას.[7]

ანატოლიისა და ევროპის ფილების კოლიზიის შედეგად წარმოიქმნა კავკასიონი, ხოლო საქართველო მოქცეულია ევრაზიისა და არაბეთის ფილების კონტინენტური კოლიზიის ვრცელ არეში, რომელიც მაღალი სეისმურობითა და ტექტონიკური პროცესების მიმდინარეობით განირჩევა.[8]

  1. GPS Measurements Reveal Imprint of North American Plate in Siberia
  2. Parfenow L.M., Badarch G., Berzin N.A., Hwang D.H., Khanchuk A.I., Kuzmin M.I., Nokleberg W.J., Obolenskiy A.A., Ogasawara M., Prokopiev A.V., et al. Introduction to Region al Geology, Tectonics and Metallogenesis on North Coast Asia. United States Geological Survey; Reston, VA, USA: 2007.
  3. Rey P., Burg J.P., Casey M. The Scandinavian Caledonides and Their Relationship to the Varisean Belt. Geological Society of London; London, UK: 1997
  4. 4.0 4.1 Moores E.M., Fairbridge R.W., editors. Encyclopedia of European and Asian Regional Geology. Chapman & Hall; London, UK: New York, NY, USA: Tokyo, Japan: Melbourne, Australia: Madras, India: 1997
  5. Yin A., Harrison M., editors. The Tectonic Evolution of Asia. Cambridge University Press; Cambridge, UK: 1996.
  6. Molnar P., Tapponier P. Cenozoic tectonics of Asia: Effects of continental collision. Science. 1975;189:419–426. doi: 10.1126/science.189.4201.419.
  7. Schonenberg R., Neugebauer J. Einfuhrung in Die Geologie Europas. Rombach Verlag; Freiburg im Breisgau, Germany: 1994.
  8. Rasoul Sorkhabi. Tectonic Evolution, Collision, and Seismicity of Southwest Asia: In Honor of Manuel Berberian’s Forty-Five Years of Research Contributions. Geological Society of America, December 21, 2017, Volume 525