ფილების ტექტონიკა
ფილების ტექტონიკა (ლათ. tectonicus; ძვ. ბერძნ. τεκτονικός — სამშენებლო)[1] — საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო თეორია, რომლის თანახმად, დედამიწის ლითოსფერო შედგება რიგი მსხვილი ტექტონიკური ფილისგან, რომელთა ნელა მოძრაობა დაიწყო დაახლოებით 3.4 მილიარდი წლის წინ.[2] მოდელი დაფუძნებულია კონტინენტური დრიფტის კონცეფციაზე, რომლის იდეა განვითარდა XX საუკუნის პირველი ათწლეულის განმავლობაში. ფილების ტექტონიკა გეომეცნიერთა მიერ საყოველთაოდ გახდა აღიარებული ზღვის ფსკერის სპრედინგის დამტკიცების შემდეგ, 1960-იანი წლების შუა ხანების ბოლოს.
დედამიწის ლითოსფერო, როგორც დედამიწის ყველაზე გარე, მყარი გარსი (ქერქი და ზედა მანტია), დაყოფილია შვიდ ან რვა ძირითად (განსაზღვრულობის მიხედვით) და მრავალრიცხოვან მცირე ფილად ან „ფირფიტად“. იქ, სადაც ფილები ერთმანეთს ხვდება, მათი ფარდობითი მოძრაობა განსაზღვრავს ფილების საზღვრის ტიპს: კონვერგენტულს, დივერგენტულს ან ტრანსფორმულს. მიწისძვრა, ვულკანური აქტივობა, მთათწარმოშობა და ღრმა ზღვის ღარის წარმოქმნა მიმდინარეობს ამ ფილების საზღვრის გასწვრივ. ფილების ფარდობითი მოძრაობა ტიპურად მერყეობს ნულიდან 10 სმ-მდე წელიწადში.[3]
ტექტონიკური ფილები შეიცავს ოკენურ ლითოსფეროსა და მსხვილ კონტინენტურ ლითოსფეროს, რომლებიც დაფარულია საკუთარი ქერქით. კონვერგენტული საზღვრების გასწვრივ ორი ფილა ერთმანეთისკენ გადაადგილდება; დაკარგული მასალის ფართობი ზღვის ფსკერის სპრედინგით დაბალანსებულია ახალი (ოკეანური) ქერქის ჩამოყალიბებით დივერგენტული კიდეების გასწვრივ. ამგვარად, ლითოსფეროს გეოიდის ზედაპირის საერთო ფართობი მუდმივი რჩება. ფილების ტექტონიკის ასეთი პროგნოზი აგრეთვე მოიხსენიება, როგორც სარტყლის კონვეიერის პრინციპი. ადრინდელი, უარყოფილი იდეებიდან აღსანიშნავია თანდათანობითი შეკუმშვის (კონტრაქციის) ან დედამიწის თანდათანობითი გაფართოების ჰიპოთეზები.[4]
ტექტონიკურ ფილებს მოძრაობის უნარი აქვთ, ვინაიდან დედამიწის ლითოსფეროს გააჩნია უფრო დიდი მექანიკური სიმტკიცე, ვიდრე ქვეფენილ ასთენოსფეროს. მანტიის გვერდითი სიმჭიდროვის ცვლილება კონვექციის შედეგია; ამის მიზეზია დედამიწის მყარი მანტიის ნელი, მცოცავი მოძრაობა. ითვლება, რომ ფილების გადაადგილებას იწვევს ზღვის ფსკერის მოძრაობა სპრედინგული ქედების გასწვრივ და ქერქის სიმჭიდროვის ცვლილება. სუბდუქციის ზონებზე შედარებით ცივი, მჭიდრო ოკეანური ქერქი „ჩაწოლილია“ ან მანტიაშია დაძირული ქვემოთკენ მანტიური უჯრედის კონვერგენტულ ფრთაზე.[5] თითოეული ამ ფაქტორის შეფარდებითი მნიშვნელობა და ერთმანეთთან კავშირი გაურკვეველია და ჯერ კიდევ მრავალრიცხოვანი განხილვის საგანია.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Little, W.; Fowler, H.W.; Coulson, J. (1990) რედ. Onions C.T.: The Shorter Oxford English Dictionary: on historical principles, 3rd, Clarendon Press. ISBN 978-0-19-861126-4.
- ↑ University of the Witwatersrand. (2019) Drop of ancient seawater rewrites Earth's history: Research reveals that plate tectonics started on Earth 600 million years before what was believed earlier. ScienceDaily. ციტირების თარიღი: 11 August 2019
- ↑ Read, Herbert Harold; Watson, Janet (1975) Introduction to Geology. New York, NY: Halsted, გვ. 13–15. ISBN 978-0-470-71165-1. OCLC 317775677.
- ↑ Scalera, G. & Lavecchia, G. (2006). „Frontiers in earth sciences: new ideas and interpretation“. Annals of Geophysics. 49 (1). doi:10.4401/ag-4406.
- ↑ Stern, Robert J. (2002). „Subduction zones“. Reviews of Geophysics. 40 (4): 1012. Bibcode:2002RvGeo..40.1012S. doi:10.1029/2001RG000108. S2CID 247695067.