ანატოლიის ფილა — კონტინენტური ტექტონიკური ფილა, რომელიც ევრაზიისა და არაბეთის ფილისაგან გამოყოფილია შესაბამისად, ჩრდილოეთ ანატოლიისა და აღმოსავლეთ ანატოლიის ნასხლეტით. თურქეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი მოქცეულია ანატოლიის ფილის ფარგლებში.[1]

ანატოლიის ფილა

ანატოლიის ფილის რუკა
კოორდინატები: 38°32′59″ ჩ. გ. 33°09′31″ ა. გ. / 38.549917° ჩ. გ. 33.158611° ა. გ. / 38.549917; 33.158611
ტიპი მიკრო
მოძრაობა სამხრეთ-დასავლური
სიჩქარე 21 მმ/წ
ადგილი ანატოლია
მთავარი ტექტონიკური სტრუქტურები ანატოლიის ფილის ირგვლივ

მეტად საყურადღებო მიწისძვრები რეგიონში ისტორიულად ნასხლეტის ჩრდილო გაყოლებაზე მიმდინარეობდა, მსგავსად ერზინჯანის 1939 წლის მიწისძვრისა. გამანადგურებელი 2023 წლის თურქეთ-სირიის მიწისძვრა მოხდა აქტიური აღმოსავლეთ ანატოლიის ნასხლეტის გასწვრივ ნასხლეტ-ნაწევზე იქ, სადაც არაბეთის ფილა ჰორიზონტულად დაცურდა ანატოლიის ფილის სიახლოვეს.[2] არაბეთის ფილის შეჯახება ევრაზიის ფილასთან შეიძლება „კუმშვის“ ან ანატოლიის ფილის დასავლეთისაკენ მოძრაობის შედეგი ყოფილიყო.[3] ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის თანახმად, ანატოლიის ტრანსფორმული რღვევის სისტემა „შესაძლოა ყველაზე აქტიური იყოს მსოფლიოში“.[4]

აღმოსავლეთ ანატოლიის ნასხლეტი მარცხენა ლატერალური ტრანსფორმული რღვევის სახით ქმნის საზღვარს არაბეთის ფილასთან. სამხრეთი და სამხრეთ-დასავლეთი კონვერგენტული საზღვარი გადის აფრიკის ფილასთან, რომელიც გამოვლინებულია ოკეანური ქერქის მკუშავი თავისებურებებით ხმელთაშუაზღვისპირეთის შიგნით, ისევე როგორც საკუთრივ ანატოლია კონინენტური ქერქის ფარგლებში და აგრეთვე სუბდუქციის ზონები ელინური და კვიპროსის რკალების გასწვრივ.[5]

ტრანსფორმული საზღვრის ჩრდილოეთი კიდე ევრაზიის ფილასთან ერთად ქმნის ჩრდილოეთ ანატოლიის ნასხლეტის ზონას. არსებული კვლევების მიხედვით, ანატოლიის ფილა მოძრაობს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ვინაიდან არაბეთის ფილა მას სამხრეთიდან აწვება, ხოლო ჩრდილოეთიდან ევრაზიის ფილა. ზოგიერთ წყაროში, ანატოლიის ფილა ჯერ კიდევ მოიხსენიება როგორც ევრაზიის ფილასთან დაკავშირებული კონტინენტური ქერქის „ბლოკი“, თუმცა ჩრდილოეთ ანატოლიის ნასხლეტის შესწავლამ უჩვენა, რომ ანატოლია ევრაზიის ფილისაგან განცალკევებულია.[6] ამჟამად ანატოლიის ფილა იკუმშება არაბეთის ფილით აღმოსავლეთიდან და ფორსირებულად დასავლეთისკენაა წაგრძელებული. აფრიკის ფილა დაძირულია ანატოლიის ფილის ქვეშ კვიპროსისა და ელინური რკალების გასწვრივ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან.[7]