კორიაკთა მთიანეთი

კორიაკთა მთიანეთი,[1] კორიაკთა ქედი[1] (რუს. Корякское нагорье) — მთიანეთი რუსეთში, კამჩატკის მხარესა და ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. გადაჭიმულია თითქმის 800 კმ-ზე — ბერინგის ზღვის ანადირის ყურიდან პარაპოლის ბარამდე (კამჩატკა). სიგანე 80-დან 270 მ-მდეა. შედგება რიგი პარალელური ანტიკლინური საშუალო სიმაღლის (600—1800 მ) მოკლე ქედების, ბაზალტური პლატოებისა და ჭიუხებისგან. ცენტრალურ ნაწილში აღმართულია მთის მასივი უმაღლესი მწვერვალით — 2453 მ (მთ. ლედიანაია), რომლისგანაც ყველა მიმართულებით გამოედინება დიდი მდინარეები (პახაჩა, აპუკა, ველიკაია და სხვ.) და რადიალურად იშლება მრავალი ქედი: სამხრეთ-დასავლეთში — ყველაზე დიდი, ვეტვეისკი (სიგრძე 350 კმ, სიმაღლე 1431 მ), სამხრეთში — პახაჩის (სიმაღლე 1702 მ), აღმოსავლეთში — უკელაიატი (სიმაღლე 1295 მ), ჩრდილოეთში — სამხრეთ მაინის (1063 მ).[2]

კორიაკთა მთიანეთი
რუს. Корякское нагорье
კოორდინატები: 62°30′ ჩ. გ. 172°00′ ა. გ. / 62.500° ჩ. გ. 172.000° ა. გ. / 62.500; 172.000
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული კამჩატკის მხარე, ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი
უმაღლესი წერტილი ლედიანაია (2453 მ)
სიმაღლე 600—1800 
სიგრძე 800 კმ
სიგანე 80–270 კმ
კორიაკთა მთიანეთი — რუსეთი
კორიაკთა მთიანეთი
სურათები ვიკისაწყობში

რელიეფისათვის დამახასიათებელია ტიპური ალპური იერის წვეტიანი თხემები, ციცაბო ფერდობები მეოთხეული გამყინვარების კვალით და მოძრავი ჩამონაშალით; გავრცელებულია ღრმა ხეობები და დიდი ღრმულები (მ.შ. ვივენკის, სიგრძე 200 კმ). კლიმატი ზღვიურია, გრძელი, თუმცა შედარებით თბილი და ქარიანი (ბორა, ფიონი) ზამთრით [იანვრის საშუალო ტემპერატურა –14°С-დან (სანაპიროზე) –24°С-მდე (მთებში)] და საკმაოდ გრილი ზაფხულით (ივლისის საშუალო ტემპერატურა 9°С). წელიწადში მოდის 350-დან 750 მმ-მდე ატმოსფერული ნალექი (მთების აღმოსავლეთ კალთებზე). კორიაკთა მთიანეთზე 1330-ზე მეტი მყინვარია, ძირითადად კარული (ყველაზე დიდი — სნეგოვოი, სიგრძე 3 კმ-მდე); გამყინვარების საერთო ფართობი 290 კმ²-ია.[2]

ლანდშაფტთა სიმაღლებრივი სარტყლურობა მკვეთრად განსხვავდება ამავე განედზე გავრელებულ სხვა მთათა სისტემებისგან (სუნტარ-ხაიატა, ენისეის ჭიუხი და სხვ.). ფერდობთა ქვედა ნაწილში (350–500 მ სიმაღლემდე) ქონდარა ფიჭვის, ბუჩქა მურყნისა და მიდენდორფის არყის გაუვალი რაყებია. ფერდობთა უმრავლესობაზე და მწვერვალებზე განვითარებულია ხავს-ბალახ-ლიქენიანი და ლიქენიანი მთის ტუნდრა, რომელიც გადადის მყინვარებიან და თოვლნარიან ქვიან უდაბნოებში. მდინარეთა ხეობებში დრენირებად ნიადაგებზე ტირიფის, ვერხვისა და ჩოზენიის ტყეებია, ადგილ-ადგილ ლარიქსისაც. ცნობილია ვერცხლისწყლის და სტიბიუმის მადნის, ოქროს, ქვიშრობული პლატინის, ქვანახშირის და მურა ნახშირის საბადოები.[2]

  1. 1.0 1.1 საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 108.
  2. 2.0 2.1 2.2 Корякское нагорье // Большая российская энциклопедия. т. 15. — М., 2010. — стр. 406.